ქართული კულტურის რენესანსის შესაძლებლობა
თუ არ დაეცი, ისე ვერ აღსდგები
ამ საიტის დაარსებას საფუძვლად უდევს ერთი მიზანი – ჩვენ, ქართველმა ერმა ყოველი ღონე ვიხმაროთ, რათა ქართული კულტურის კრიზისი აუცილებლად ქართული კულტურის რენესანსად გადავაქციოთ.
ეს კაცი რაღამ გადარიაო, – ამ სიტყვების წაკითხვის შედეგად ვინ აღშფოთდება, ვის მწარედ გაეღიმება – რა დროს კულტურის რენესანსია, ქვეყანა თავზე გვენგრევაო.
სწორედ იმის გამო, რომ ქვეყანა თავზე გვენგრევა, ჩემო კეთილო ხალხო, სწორედ იმის გამო, რომ ამ დღეში ჩავცვივდით!
შიმშილი აჩენს შიმშილის დაურვებისკენ სწრაფვას, ტკივილი აჩენს ტკივილის დაამებისკენ სწრაფვას, დანგრევა აჩენს აღმშენებლობისკენ სწრაფვას, დაცემა აჩენს აღდგომისაკენ სწრაფვას, დაშრეტვა აჩენს აღორძინებისკენ სწრაფვას.
სწრაფვა, გადათარგმნილი გონების ენაზე, არის იდეა, ხოლო სულიერი ძალების ენაზე გადათარგმნილი – არის ნება. ანუ უკმარისობა ბადებს ორ რამეს – მოცემული უკმარისობის შევსების იდეას და, შესაბამისად, იდეის ხორცშესხმისათვის აუცილებელ ნებას.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ საზოგადოების კეთილდღეობაა უპირველესი წინაპირობა ეროვნული კულტურის აღორძინებისათვის, ძალიან სცდება. არამც და არამც, გაზაფხულის ყვავილობა, როგორც წესი, ზამთრის სიმკაცრეს მოსდევს, ულამაზესი დილა – ბნელ ღამეს, კულტურის აღორძინება – დაშრეტვამდე მისულ ყოფას.
ვისაც ოდესმე აუღორძინებია ერში ჩამკვდარი სულიერება (მე ვგულისხმობ ქუჯი ერისთავსა და ფარნავაზ მეფეს, ვახტანგ გორგასალსა და აშოტ კურაპალატს, გრიგოლ ხანძთელს, დავით აღმაშენებელს, ჭყონდიდელს, ილია ჭავჭავაძესა და კიდევ სხვა მრავალთ), იმათ იციან თუ მშობელი ერის სულიერი აღორძინება რა უზარმაზარ ტკივილებზე გავლით არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი.
როდესაც ხოტბას ასხამენ თამარის ხანის ბრწყინვალებას, იხსენებენ ოპიზრებს, შავთელსა და რუსთაველს და საქართველოს ისტორიის იმ პერიოდს ქართულ რენესანსად მოიხსენიებენ, ავიწყდებათ, რომ ქართული კულტურის რენესანსს დავითის ეპოქის ტკივილებში ჩაეყარა საფუძველი.
სულიერი აღორძინება თავისი არსით არის ერის მიერ თავისი გაჭირვებული ყოფის დაძლევისათვის წარმატებით განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგი.
თუ არ არის გაჭირვება, მაშინ არ არის არც გაჭირვების დაძლევის წყურვილი და, საბოლოოდ, არ არის არც აღმავლობა.
ამიტომ, ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, დიდად სამწუხაროა დღევანდელი გაჭირვებული ყოფა, რომელმაც ასეთი გულისგასახეთქი სისასტიკით გაგვიწამა და გაგვიტანჯა ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩვენი მშობელი ერი და სამშობლო.
მაგრამ, მეორეს მხრივ, სწორედ აღნიშნული სამწუხარო ფაქტი არის ერთადერთი საფუძველი იმისათვის, რათა აღდგეს ჩვენი სულიერება ფერფლიდან, ვითარცა სფინქსი და შეუდგეს იგი თავისი აღმავლობის დიად გზას.
სულიერ კრიზისშია ჩამარხული სულიერი აღმავლობის შესაძლებლობა.
სულიერი კრიზისის არსი – ხორცზე ზრუნვა
ამიტომ, იმისათვის, რათა სულიერ აღმავლობაზე ანუ ქართული კულტურის რენესანსის დადგომაზე ვისაუბროთ, საჭიროა ჯერ დავადგინოთ ვიმყოფებით თუ არა ჩვენ, ქართველი ერი, სულიერი კრიზისის მდგომარეობაში.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია ყური მივუგდოთ ხმას გაჭირვებული ქართველი ადამიანისა, რომლის სახესაც თითოეული ჩვენთაგანი წარმოვადგენთ:
– იგი ჩივის იმის შესახებ, რომ არა აქვს სამსახური და არა აქვს საკმარისი შემოსავალი, შესაბამისად, არა აქვს მატერიალური საშუალება არჩინოს ოჯახი – ჩააცვას, დაახუროს, აჭამოს, ასვას. არა ჰყოფნის პენსია, არა ჰყოფნის ხელფასი. სახელმწიფო არ უზრუნველჰყოფს მის ნორმალურ არსებობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ აძლევს მას ხვალინდელი დღის სტაბილურობის განცდას და ასე შედეგ.
ესე იგი, იგი ჩივის იმის ნაკლებობას, რაც არის საჭირო იმისათვის, რომ იცხოვროს იმან მატერიალურ და სულიერ კეთილდღეობაში.
მაგრამ, მეორეს მხრივ, თუ კარგად დავუკვირდებით, იგი ხმასაც არ იღებს ერში იმ საზოგადოებრივი ინსტიტუტების მოშლის შესახებ, რომელთა ფუნქციონირებაც არის ერთადერთი საფუძველიცა და ერთადერთი საშუალებაც იმისა, რომ ერმა თავად წარმართოს თავისი ცხოვრება და თვითონვე შეიქმნას თავისი ღირსეული ყოფა–ცხოვრებისათვის აუცილებელი მატერიალური და სულიერი დოვლათი.
იგი არაფერს ამბობს თავის მიერ ერისა და ქვეყნის ცხოვრების წარმართვის იმ კულტურის დაკარგვის შესახებ, რომლის გარეშეც შეუძლებელია საერთოდ ერის კეთილდღეობა.
იგი არაფერს ამბობს იმ უშუალო პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც მას აკისრია ყველა იმ მოვლენაზე, რაც კი ხდება ან შეიძლება მოხდეს ერში.
დასკვნა
რა გამოდის – ჩვენ გვაღშფოთებს შედეგი (ანუ მატერიალური, გინდაც სულიერი გაჭირვება) და არა მიზეზი (ანუ ჩვენს მიერ ჩვენი ერისა და ქვეყნის მოვლა–პატრონობის სათანადო კულტურის დაკარგვა).
ჩვენ გვაღშფოთებს არა ჩვენი სიბრმავე, არამედ ჩვენი უმწეობა, რაც სიბრმავეს, როგორც ავადობას, ყოველთვის თან სდევს.
ჩვენ გვაღშფოთებს არა ერისა და ქვეყანის მართვაზე ჩვენი პასუხსიმგებლობის შეგნების დაკარგვა, რაც ერისა და ქვეყნის აღმავლობის ერთადერთი საფუძველია, არამედ ერისა და სახელმწიფოსაგან მიღებული სარგებელის სიმცირე, რაც ერსაც, ქვეყანასაც და ჩვენს თავსაც გვიწვრილმანებს და უსუსურ მდგომარეობაში გვაყენებს.
ვაი, უბედურებავ, რომ ჩვენ, ქართველი ერი, ტრადიციულად წმინდად მომსახურე უფლისა და სამშობლოს წინაშე, რაც მისდღემში შეადგენდა ჩვენი ღირსების საგანს, დღეს წვრილმან მომხმარებლებად ვიქეცით.
რამ დაგვაკნინა, რამ მიგვიყვანა აქამდე, რაში მდგომარეობს ჩვენი დეგრადირების მთავარი მიზეზი?
ქართველი ერის ზნეობრივი დაცემის მიზეზი
მონღოლებიდან დღემდე ჩვენს მაგივრად ჩვენი ქვეყნის ბედს რომ სხვა ქვეყნის შვილი წყვეტდა, ხოლო ქართველ ადამიანს მხოლოდ ამ პირობებთან შეგუების უნარიღა დაგვიტოვეს ცხოვრების ერთადერთ იარაღად, აი, ამაშია ამ გულისგასახეთქი სულიერი დაკნინების მიზეზი.
გადაგვაჩვიეს ჩვენი დედა–სამშობლოს მსახურებისა და მშობლიური ქვეყნის მოვლა–პატრონობის წმინდა ვალდებულების განცდას, როგორც ყოველდღიური ცხოვრების უპირველეს მოტივაციას!
მიგვაჩვიეს არსებული რეჟიმების პირობებში როგორმე თავის გატანას, საოცრად თავანკარა ქართული სულიერება ლაქიის დამამცირებელ მდგომარეობას მიგვასადაგებინეს, საკუთარი სამშობლოს მომმსახურე დიადი, სულგანათლებული ერიდან გათითოკაცებულ, მხოლოდ თავის ხორციელ ვნებებს დამონებულ, ღირსებაწართმეულ, საოცრად ამბიციურ და უმწეო არსებათა სიმრავლედ გვაქციეს და ასე გვაცხოვრეს ძალიან დიდ ხანს – თითქმის რვაასი წელი.
შედეგად მივემაგრეთ ჩვენს ხორცსა და მასზე ზრუნვა ჩვენი ცხოვრების ერთადერთ განმკარგველად დავიდგინეთ, ხორციელი კეთილდღეობა ვიქციეთ ჩვენი პიროვნული ცხოვრების წარმატებულობის საზომად და ჩვენი კაცობა ქონით გავპოხეთ, ღირსებას თვალი მოვუხუჭეთ და უცხო დამპყრობელის მიმართ ლაქუცობაში ჩამოვიყალიბეთ ნაცარქექიას სიბრძნე – კი არ იმსახურო, რათა ალალი ლუკმა ალალად მოიპოვო, არამედ მოხერხებულობით გაიტანო ლელო და ლუკმა–პური ისე იშოვო.
შედეგად ჩვენ დავშორდით უფალსა და ერისა და სამშობლოს წინაშე მსახურების სიწმინდის განცდა დავკარგეთ.
ხოლო სადაც ღმერთის რწმენა და სიწმინდის განცდა არ არის, აბა, იქ ან ზნეობას, ან კაცობას ან ქვეყნის წინაშე უანგარო მსახურებას რა უნდა!
ტკივილის განცდა – ჩვენი მშველელი
მეორეს მხრივ, მიუხედავად რვაასი წლის ვასალური მდგომარეობისა, ისე მაინც ვერ გადაგვაგვარეს, რომ გულის სიღრმემდე არა გვძრავდეს ჩვენ ჩვენი სამშობლოს სიყვარული.
ისე მაინც ვერ შეძლო ვერავინ ჩვენი დამახინჯება, რომ კაცობაზე წარმოდგენა შეეცვალა ჩვენთვის, სუნთქვა წაებილწა და კაცისა და ქალის ურთიერთობის სიწმინდე გაებათილებინა.
ჩვენ უნდა დავიჩოქოთ და ვილოცოთ ჩვენი წინაპრების სულებისათვის ჩვენი ეროვნული კულტურის იმ ფესვების გამო, რომელთა მიზეზითაც მიუხედავად ათასი გადამთიელის ათასი მცდელობისა ჩვენი ეროვნული ბერ–მუხა ისევ მყარადა დგას.
ხოლო იმას, რასაც ვერ ვუვლით, შეიძლება მთლად გაცნობიერებულიც ვერა გვაქვს, მაგრამ უმძაფრეს ხანჯლად კი გვაქვს გულში ტკივილად გარჭმული.
ტკივილი არის ჩვენი მშველელი. როდესაც აღარ გვეტკინება ის, რაც ერს გვირღვევს, აი, მაშინ შეიძლება იმისი თქმა, რომ ჩვენ გადაშენების გზას დავადექით.
ხოლო ახლა ჩვენ ყველას ერთნაირად გვტკივა ჩვენი ერის ავ–კარგიანი ყოფა და ეს არის უპირველესი საყრდენი.
ტკივილი იწვევს დაყუჩებისკენ სწრაფვას, სწრაფვა – იდეას და იდეის ხორცშესხმის წყურვილს.
რამდენადაც მეტია ტკივილის განცდა, იმდენად მეტია სწრაფვა და მაშასადამე, შესაძლებლობაც ამ ტკივილის დაძლევისა.
და ამაშია ჩამარხული ქართული კულტურის აღორძინებისა და ქართული სულიერების დაწმენდის ერთადერთი შესაძლებელობა.
უფლის რწმენა – მუხლებზე დაჩოქილი ერის ფეხზე წამოდგომის ერთადერთი საყრდენი
მუხლებიდან წამოდგომის იდეაცა და ამ იდეის ხორცშესხმისაკენ სწრაფვაც ერთ წინადადებაში შეგვიძლია გავაერთიანოთ – ჩვენ, ქართველმა ერმა უნდა შევიძლოთ და აღვიდგინოთ დაკარგული სულიერება, რაც არის ჭეშმარიტი თავისუფლების ერთადერთი საფუძველი.
უნდა შევიძლოთ და კვლავ დავიბრუნოთ საკუთარი ერისა და სამშობლოს წინაშე მსახურების სიწმინდის განცდის უნარი.
მაგრამ როგორ?
არის თუ არა შესაძლებელი ამ ამოცანის მიღწევა?
და, საერთოდ, არის თუ არა შესაძლებელი ქართველი ერის სულიერების აღორძინება, რაც არის საფუძველი ქართული კულტურის რენესანსისა?
ამგვარი სასწაულის მოხდენა მხოლოდ და მხოლოდ უფალს ძალუძს, რომლის წინაშე ვალდებულების გრძნობასაც ჰქვია ზნეობა.
ზნეობა არის აბსოლუტურ ზე–არსთან ადამიანის წმინდა ვალდებულებათა ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს როგორც თავად მისი, ადამიანის სახეს, ისე მისი ცხოვრების წესს.
თუ არ არის უფლის რწმენა, მაშინ არ არის ზნეობა, თუ არ არის ზნეობა, მაშინ არ არსებობს ხალხში კანონი, როგორც ზნეობრივად აუცილებლად აღსასრულებელი, ხოლო თუ არ არის კანონი, როგორც ზნეობრივად აუცილებლად ასასრულებელი, მაშინ არ არსებობს არც სახელმწიფო.
უფლის რწმენის გარეშე ცხოვრება ჰგავს ხიდჩაქცეულ გზას მრუმე ღამეში, რომელზე მავალი მგზავრის ერთადერთი ხვედრი უფსკრულში გადაჩახვაა.
ჩვენ უფალთან მისასვლელი გზა ხორცის მსახურებამ დაგვიქსაქსა და სანამ საკუთარი თავის მაამებლობას ვუდგევართ მსახურად, ვერც ვერასოდეს გავაგნებთ.
ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ და როგორმე უნდა აღვიდგინოთ ჩვენს სულიერებაში სიწმინდის განცდა და სიწმინდის შეგნება.
მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან მიმართებაში მცხოვრებ ერს ძალუძს თავის რიგებში ნებისმიერი კაცი თავისი სამშობლოს მპატრონებელ გმირად და მეომრად იყოლიოს, ხოლო ქალი – ქართლის დედად – ამგვარი გმირების გამზრდელ ჭეშმარიტ მანდილოსნად და ერისა და სამშობლოს ღირსების დამცველ სულმაღალ დიასახლისად.
სანამ ჩვენი, ქართველი კაცების მსახურება ჩვენი ერისა და სამშობლოს მიმართ არ ავა სიწმინდის რანგში, სანამ ჩვენ, ქართველი კაცები არ ვაღიარებთ, რომ ერისა და სამშობლოს წინაშე მსახურება ღვთისმსახურების ტოლფასია, სანამ ჩვენ, ქართველი კაცები, აღვსილნი უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით ოჯახის, სოფლის, ქვეყანისა და ერის, ვით წმინდა ტაძრის მიმართ, არ შევუდგებით მათ მართვას იმ წესისა და კანონის მიხედვით, რომელიც ღმერთსა და ჩვენს წინაპრებს ჩვენთვის იმთავითვე დაუდგენიათ, მანამდე ვერც სამშობლოს ჭეშმარიტ ფასს გავიგებთ და ვერც ბოლომდე გავუსინჯავთ კაცობას გემოს.
ეს არის წინაპირობა არსებული კრიზისის დაძლევისაცა და სულიერი რენესანსის დაწყებისაც, რამეთუ სულიერად დაწმენდილი ერი კი არა ჩივის, რომ მას ცუდად ეპყრობიან, არამედ მუხლჩაუხრელად იღწვის იმის საკეთებლად, რაც ღმერთს იმისთვის დაუვალებია.
გზა ქართული კულტურის რენესანსისაკენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ხორციელი ვნებების მონობისაგან განთავისუფლებაზე გადის და ეს არის ჩვენი ერისათვის ის ერთადერთი გზა, რომელიც ტაძრისაკენ მიემართება.
„– მონური სულია სახელმწიფოებრიობის პირველი მტერი, შვილო დავით, და ორგვარი მონა არსებობს მონათა სახელმწიფოში ყოველთვის – ერთი დამმონებელი, მეორე დამონებული; – არიგებს ჯერაც ყმაწვილ დავით აღმაშენებელს გიორგი ჭყონდიდელი რომანში „ჯვარ–პატიოსანი“ – არც ერთი არის ღვთისაგან და არც – მეორე, და ორნივე თავისი ხორცის მაამებლობა–გადარჩენის წყურვილით არიან შეპყრობილნი. ხვალინდელი დღე მონისა, მმსახურებლისა ხორცისა თვისისათვის, ლპობა და ხრწნაა თვისსავე ხორცსა შინა, ხოლო სამშობლო, შვილო დავით, მარადი ძეგლია თავისუფალი ერის უკვდავი სულისა, აგებული მისთვისვე სიცოცხლითა და სიკვდილით მომსახურე ერთგულ შვილთა მიერ. მხოლოდ შემოქმედება თავისუფალი ხალხისა, განმსჭვალულისა რწმენითა ღვთისა და მსახურებითა თვისისა ერისათვის, არის ულევი ძალა ქვეყანისა; მხოლოდ მას ძალუძს დღეს გაყრა თურქთა კიდეთაგან საქართველოისა! მხოლოდ მას ძალუძს მოხდენა სასწაულისა და აღდგენა და გაერთიანება შავ დღეში ჩავარდნილი და დაქუცმაცებული ქვეყნისა! და არა არის რა არსად ძალა მისი დამკავებელი. გინდა აღაშენო დიადი საქართველო? – აღაშენებინე იგი ქართველსა ხალხსა; აღაფრთოვანე იგი მაგალითით შენით და აღგაფრთოვანებს იგი საქციელით თვისით; აპატრონე იგი და უპატრონებ შენ; ამეფე იგი და იმეფებ შენ! ჩაუდგი მას სული შენი, შემოიდგი შენ ტანი მისი, იერთსისხლხორცეთ საქართველოსთვის და იქნება საქართველო!“
აი, ის სამშობლო, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს!
აი, ის წინაპრები, რომელთა მემკვიდრეებიცა ვართ ჩვენ!
აი, ის ერთადერთი ჭეშმარიტი სამოქალაქო იდეოლოგია, რომელიც განსაზღვრვს სულიერ აღმავლობას!
ყოველი სიტყვა, ყოველი აზრი და ყოველი თეორია, რომელსაც თქვენ ამ საიტზე გაეცნობით, არის და იქნება მიმართული იქითკენ, რათა როგორმე გამონთავისუფლდეს ქართული სულიერება ხორციელი ვნებების ტყვეობისაგან და მომხმარებლის დაკნინებული მდგომარეობიდან უფლის ძლევამოსილი და ღირსებით აღსავსე მსახურის მდგომარეობამდე ამაღლდეს.
მაშ, გაუმარჯოს ქართული კულტურის რენესანსს!
მაშ, გაუმარჯოს ქართველ ერს!
ღმერთმა გადმოგვხედოს ჩვენი მიზნების აღსრულების გზაზე!
გზა, მიმავალი ქართული კულტურის რენესანსისაკენ
ქართული კულტურის რენესანსისაკენ მიმავალი გზა შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ და მხოლოდ გარდაუვალობის შეგნებიდან გამომდინარე. ის ვერ შეიძლება იყოს ნებისმიერი შემოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფი, რომელიც კი მოუვა ნებისმიერ ადამიანს თავში. ეს გზა ექვემდებარება გარკვეულ ობიექტურ კანონებს და განისაზღვრება როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მიზეზებით, არსებულით სინამდვილეში.
შინაგანი მიზეზი მდგომარეობს იმ ტკივილის დაამებისაკენ სწრაფვაში, რომელსაც თანამედროვე ქართველი ერი დღეს განიცდის, ხოლო გარეგანი მიზეზი განისაზღვრება მსოფლიოში მიმდინარე იმ პროცესებით, რომლებიც აღინიშნებიან ერთი სიტყვით – გლობალიზაცია და რომელსაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა არა მხოლოდ ქართველი ერის, არამედ მსოფლიოში არსებული ნებისმიერი ერის შემდგომი არსებობისათვის.
ქართული კულტურის აღორძინების მცნება ტოლფასია ერის მიერ ღონისძიებების გატარებისა იმ პრობლემების დაძლევის მიზნით, რომელთა არსებობაც პირდაპირ ემუქრება ერის შემდგომ არსებობას.
რა პრობლემა დგას დღეს ქართველი ერის წინაშე, რა მოვლენა ემუქრება მის არსებობას და რაში მდგომარეობს ამ მოვლენის არსი?
საიტის რედაქტორი ვასო კუკუნაშვილი