კულტურულ-საგანმანათლებლო საიტი WWW.GIMG.GE

Rambler's Top100

– რომანი „ჯვარ–პატიოსანის“ ტექსტი

   აქ თქვენ შეგიძლიათ უფასოთ გადატვირთოთ პირველი ნაწილი ისტორიული რომანისა „ჯვარ–პატიოსანი“


ვასო კუკუნაშვილი



ჯვარ–პატიოსანი

„აღიღე ჯვარი შენი, უარჰყავ თავი შენი და გამომყევ მე“
მარკოზის სახარება 8. 34


    მხოლოდ კაცსა ჯვარ–პატიოსანსა უდევს გზა სამოთხისაკენ და იგი გზა მხოლოდ ერისა თვისისა და სამშობლოსა თვისისა წინაშე უანგარო მსახურებასა ზედა გადის.
ავტორი


წიგნი პირველი

1089 – 1105

ანუ


   წიგნი ესე პირველი, რომელშიც მოთხრობილია საქართველოს ისტორიის იმ პერიოდის შესახებ, რომლის განმავლობაშიც წმინდა მეფემ დავით აღმაშენებელმა დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონის საფუძველზე ჯერ შთაუნერგა „დიდი თურქობისგან“ უკიდურესად დაჩაგრულ და გაცამტვერებულ ქართველ ერს შეგნება საკუთარი სამშობლოს პატრონობისა, ხოლო შემდეგ წარმატებით აღადგენინა კიდეც მას თავისი სამშობლოს დაკარგული სახელმწიფოებრიობა


ნაწილი პირველი
1089 – 1093


    მეფე გიორგისა და გიორგი ჭყონდიდელის ბაასი
   სუფრასთან მარტოდ მჯდარი და ღვინისა მარტოდ მსმელი მეფე გიორგი უკვე გვარიანად იყო შექეიფებული, გიორგი ჭყონდიდელმა იმას კარები რომ შეუღო და სამეფო დარბაზში შევიდა.
   ბერის შავ ანაფორაში ჩაღამებული წვერთხელა ჩია მოხუცის დანახვაზე მეფე გიორგის, თავისი ბუნებით ამ ალალსა და წრფელ ადამიანს, უსაზღვროდ გაუხარდა:
   – უჰ, შენ გენაცვალე, მეუფეო გიორგი! ამ წუთას ასე ძლიერ, ალბათ, არავის დანახვა ისე არ გამიხარდებოდა, ვითარცა შენი. რომ იცოდე, რა კარგ დროს მოხვედი, ჩემმა მზემა! მწადს, შევსვა სადღეგრძელო შენი, მეუფეო გიორგი, მონაზონო ღვთისმოსაო, აღმზრდელო შვილისა ჩემისა, სიბრძნევ სამეფო კარისა, ხოლო ჩემო პირველო მრჩეველო... შენ გაგიმარჯოს ღმერთმა!.. აი, აქ დაბრძანდი, მეუფეო გიორგი, აი, აქა... ესეც შენ, გამომართვი სასმისი...
   ჭყონდიდელმა დინჯი საყვედურით შეხედა მეფესა თვისსა და მცირე ხნის დუმილის შემდეგ შინაგანი სიმკაცრით აღსავსე ხმით გამოუმეტყველა:
   – მეფეო, დარბაზის ერსა, – შენს ერთგულ ერისთავთ ერისთავთა და დიდ აზნაურთ მოუყრიათ შემოსასვლელში თავი და რაღაც ფრიად მნიშვნელოვანი და საშური ამბის მოხსენება სურთ შენთვის. მიღებას ითხოვენ დაუყოვნებლივ...
   მას შემდეგ, რაც მან, მეფე გიორგიმ, მტერთაგან უშეღავათოდ ძლეულმან, თურქ–სელჯუკთა სულთანს ხარკის ძლევა დაუწყო და, ამასთან, წინააღმდგარ ერისთავთა მოძალების წინაშე თავისი გამკლავების უნიათობა შეიგრძნო, მეფე გიორგის სახელმწიფოთმმართველობისა და განმგებლობის აზრი და შინაარსი თვალსა და ხელს შუა გაჰქრობოდა და სუსტი ნებისა და უნებისყოფო, უნდოდა–არ უნდოდა, გულს შემოწოლილ ნაღველსა და უიმედობას ღვინით, ნადირობითა და ბერწი დარდითღა იკლავდა. დაეჯერებინა საწყალს თავისი თავი სახელმწიფოს მოგონილი კეთილდღეობის შესახებ და მოვლენათა თვითდინებას თავაღებით იყო მიცემული. ამიტომ, გიორგი ჭყონდიდელის სიტყვების გაგონებაზე იმას ლამის გულს შემოეყარა.
   – ისეთი რა გადაუდებელი საწუხარი არ განებებთ ამ სიკეთის ჟამს მოსვენებასა, მეუფეო გიორგი, ხვალამდე ვერ მოიცადოთ?
   გიორგი ჭყონდიდელი, წამით მიმჯდარი შეთავაზებულ ალაგას, კვლავ ფეხზე წამოიწია.
   – თავადაც კარგად მოგეხსენება, მეფევ ბატონო, რა ერთგულებით მიმსახურებია მე დღემდე შენთვისა და, ვფიცავ მამა–პაპათ საფლავთა სიწმინდეს, დღესაც უზარმაზარი პატივისცემითა ვარ შენს მიმართ განმსჭვალული, მაგრამ ჩემი პატივისცემა შენდამი მამულისა ჩვენისა სიყვარულშია ღრმად ფესვებგადგმული, ხოლო ...
   მეფე გიორგის უწადინოდ დაუმჟავდა სახე. ღვინით გაბრუებულს იმ წუთას არა და არ ემეტებოდა თავი არცა გაბრუებულობიდან გამოგონებისადა და არცა სინამდვილისად თვალებში შესახედად.
   – ოღონდაც ახლა ნუ, მეუფეო გიორგი, ოღონდაც ახლა ნუ! – მეფური არსებისთვის შეუფერებელი უბრალოებით ჩამოუსხა ჭყონდიდელს კუნაპეტივით შავი ღვინო ვერცხლის თასში. -– აბა, შენ გაგიმარჯოს, უებრო ქრისტიანო, ქვეყნის იმედო და მეფეთა დამრიგებელო!..
   – შენი ერთგული ერისთავთ ერისთავნი და დიდ აზნაურნი გთხოვენ მეთქი დაუყოვნებლივ მიღებას, მეფევ ბატონო! – ჯიუტად დასდგომოდა გიორგი ჭყონდიდელი თავზე მეფესა და ერთხელ აღებული გეზიდან გადახვევას არცა ფიქრობდა. – მათ შორის ყველა განსაკუთრებული დამსახურებით არის შემკული წინაშე შენდა, მეფეო, და როგორ ეგების უპატივისმცემლობა მათი?!
   – განა ხვალინდელი დღე აღარ გათენდება, ჭყონდიდელო?!. – არც მეფე გიორგის სურდა დათმობა თავისი სავალი გზისა. გიორგი ჭყონდიდელისათვის ღვინოდასხმულ ფიალას, ხელუხლებლად მდგარს მაგიდაზე, თავისი სასმისი მიუჯახუნა და ქვემოდან ზემოთ ახედილმა მოგონილი შემართებით გამოუთქვა. – შენ გაგიმარჯოს მეთქი, მეუფეო გიორგი, კარგად იყავ... საღად იყავ... ჯანად იყავ...
   – ფრიად საჭირბოროტო და გადაუდებელ საქმეზედ შეწუხებულა მეთქი დარბაზის ერი, მეფევ ბატონო!..
გიორგი ჭყონდიდელის სიჯიუტეზე გაფიცხებული მეფე გიორგი წამით წამოპილპილდა.
   – წინდაწინვე ვიცი რა საჭირბოროტო და გადაუდებელი საქმენიც გაწუხებთ თქვენ, ჩემს ერთგულ და ქვეყნის ბედით დაწუხებულ ქვეშევრდომთ და წინდაწინვე გცემთ სუყველას ერთად პასუხსა – თავის ალაგას არის დაყენებული მტერიცა და მოყვარეც, როგორც გარე, ისე შინა, და ქვეყანაც თავის საზღვრებში განცხრომით განისვენებს; მეტი რაღა გინდათ! არავითარი თათბირი და არავითარი საჭირბოროტო საკითხთა რიგი! ბოლოსდაბოლოს ხომ აქვს ქვეყნის წინაშე ვალმოხდილ მეფესაც, ფრიად დაღლილსა და დასვენებას ასრერიგად მოწყურებულს, უფლება, ხანდახან ღვინოს გული გადააყოლოს! – და მოწყვეტით გადაუჭრა, – კმარა მეთქი, ჭყონდიდელო, კმარა მეთქი! დღეს მძიმე–მძიმე და ღრმა–ღრმა რამეებზე ფიქრს ხელდაკვრითა ვკრძალავ; ლაღობა და სიცილ–ხარხარი – რამდენიც გინდათ!
   – ღმერთია მოწმე, მეფევ ბატონო, – ჭყონდიდელი, იმ დარბაზში სალ კლდედ დამდგარი და ხმაში და თვალებში ფოლადჩასხმული, თავის ნათქვამიდან გადახვევას არცა ფიქრობდა, – თუ ახლავე არ მიიღებ შენს ერთგულ ერისთავთ ერისთავთა და დიდ აზნაურთ, დამსახურებულთ შენსა და სამშობლოს წინაშე უებრო სამსახურითა და მრავალი წლის მუხლჩაუხრელი შრომით, და არ ინებებ მოსმენას მათის გულის სათქმელისა, სიტყვას გაძლევ, დღეის ამასა იქით, კარზე სასახლისა შენისა ჩემი არა თუ კრინტი აღარ გაიგონო, არამედ ლანდიც ვეღარ დალანდო!
   მეფე გიორგი ჯერ წამოიჯაგრა ჭყონდიდელის ასევითარად დაურიდებელ პირდაპირობაზე – გაბრაზებით ჩაჰხედა მოხუცს ფოსოთა სიღრმეებიდან ქორებივით გამომზირალ წაბლისფერ თვალებში, ხოლო როდესაც იგი თავის ცხოვრებაში კიდევ ერთხელ წააწყდა იქ იმის კლდისებრ უტეხ ხასიათსა და უდრეკ ნებას, თვალდათვალ შეცბუნებულმა და უხერხულობაში ჩავარდნილმა მეტი რომ ვეღარაფერი მოახერხა, თავის თავში დაურწმუნებულობითა და უიმედობით დაბზარული ხმა ამ კლდეს ველის ნიავივით მოულამუნა:
   – არა ხამს იცოდე, მეუფეო გიორგი, საკუთარი მეფისათვის შუბლში კვერის ცემა! – უთხრა დამჩვილებული საყვედურით, რომელშიც ჭყონდიდელის მიმართ უზომო მოწიწებაც, სიყვარულიცა და გულის სიღრმეში გამჯდარი პატივისცემაც გამოსჭვიოდა. მერე ისეთი მამის ღიმილით გააქნ–გამოაქნია თავი, რომელიც ონავარ შვილს ანცობასა ჰპატიობს. – ერისთავთ ერისთავთა და დიდ აზნაურთა კი, ჯანდაბას ეშმაკების თავი, უბრძანე შემოსვლა.

   დარბაზის ერის მოთხოვნები მეფე გიორგისადმი
 შემოიკრიფნენ სამეფო დარბაზში ერისთავთ ერისთავნი და დიდ აზნაურნი, – დარბაზის ერი, – სამეფო კარის მთელი ნაღები – ყველანი მეფე გიორგისა ერთგულნი და ყველანი საქართველოს მზისა მფიცებელნი.
   შემოიკრიფნენ შეთქმულებსავით ჩუმნი, საავდროდ გამზადებულ ცასავით მოქრუშულნი და რაღაც რთული გადაწყვეტილების გაცხადების მოლოდინში უკიდურესად დამძიმებულნი.
   მცირე ხნის შემდეგ დარბაზში გამეფებულ სიჩუმეში უფლისწული დავითიც შემობრძანდა. წინგახედულ ჭყონდიდელს, აღმზრდელს მისას, იმ სახელდახელოდ შეყრილ დარბაზობაზე ის ცალკე მოეწვია.
   დადგა კარებში ახლად წვერ–ულვაშ ამოღინღლული უფლისწული დავითი, ახმახი და ვაჟკაცურად მხრებგანზე გადგმული. ერთხანს იქიდან ათვალიერა არაბუნებრივად გარინდებული და მოჭიმული დარბაზის ერი, მერე მამას გაჰხედა თვისას – იმასაც გადასდებოდა დარბაზში შემოსულ ერთგულ ქვეშევრდომთა უცხო იერი და, იმათი უჩვეულო დუმილით, ცოტა არ იყოს, შემცბარს ენისათვის იოლად ლაღობის ნება ხელის ერთი დაკვრით აღეკვეთა.
   ეუცხოვა ყმაწვილ უფლისწულს უჩვეულო მდუმარება ვაზირთა, მანამდე ყოველთვის ხმაურიანთა და ომახიანთა, ვერა გაიგო რა შექმნილი ვითარების ასავალ–დასავალისა და გუმანის კარნახით კითხვის ნიშნად არა მეფეს, მამასა თვისსა, არამედ გიორგი ჭყონდიდელს, აღმზრდელს თვისას, მიაბჯინა მართალი, პირდაპირი და გუგებიდან ვაჟკაცურად გამომზირალი თვალნი.
   – აქეთ მობრძანდი, უფლისწულო! – მიიწვია იმანაც ხაზგასმული მოწიწებით თავისი აღზრდილი და მეფე გიორგისკენ უჩვენა გზა.
   წამოვიდა უხმოდ უფლისწული დავითი და მეფის მხარმარცხნივ აგიზგიზებულ ბუხართან გაჩერდა.
   ზომაზე მატად გაწელილმა დუმილმა დახრა და დანაცრა შეკრებილთა მოლოდინით დამძიმებული გულები. ყველა ჭყონდიდელისგან ელოდა სათქმელის დაწყებას.
   – რაღას უყურებ, მეუფეო გიორგი, – მეფე გიორგი ამ უჩვეულოდ დაძაბულ ვითარებას ბოლომდე გამოეფხიზლებინა. იმის ხმას თითქოსდა არ აკლდა ჩვეული რიხი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ავ წინათგრძნობა აყოლილი განაჩენის მოლოდინში ჭყონდიდელს, სასახლის კარზე უზარმაზარი გავლენით მოსარგებლეს, როგორც მსაჯულს თვისას, ისე შეჰყურებდა. – ბოლოს და ბოლოს, გაგვაგებინე, რაშია საქმე.
   პასუხად გიორგი ჭყონდიდელი უხმოდ მიეახლა მეფეს და მის წინ ქედმოდრეკით დაიჩოქა. მუხლზე დაეცა მთელი დარბაზის ერიც.
   მხოლოდ ერთი უფლისწული დავითიღა დარჩა იმ დარბაზში ფეხზე მდგარად. გაკვირვების ნიშნად წარბები აეპრიხა იმას და ბუხრიდან გამოშუქებული ცეცხლის შუქით წითელ–ყვითლად სახეშეფერადებული თავისი ახმახობის სიმაღლიდან გაოცებით დაჰყურებდა მეფის წინ დაჩოქილთ.
   – მეფევ ბატონო, – ასწია აქამდე დახრილი თავი მოხუცმა ჭყონდიდელმა, გამოაჩინა თავისი სიბერით დანაოჭებული პირ–სახე, და მეფემ იმის თვალთა გახუნებულ წამწამებზე გამოჟონილი ცრემლი რომ შენიშნა, გაოცებით გაიფიქრა, – სად ჭყონდიდელის სალი კლდისებრი უტეხობა და სად ცრემლებიო, და უარესად შეფიქრიანდა...
   – ამ ცრემლების სიწმინდეს გაფიცებ, მეფევ ბატონო, – განაგრძო ჭყონდიდელმა უაღრესად ტკივილიანი, მთრთოლვარე, მაგრამ მიზანდასახულობით მტკიცე და გამართული ხმით. – სანამ ჩვენს სათხოვარს მოგახსენებდეთ, ჯერ ეს გვიბრძანე – გჯერა თუ არა… – ჭყონდიდელი მცირედ შეყოვნდა, თითქოს ძალას იკრებს სათქმელის შემდგომ გასაგრძელებლადო. – გჯერა თუ არა, რომ ჩვენ, ვინც ახლა შენს წინაშე მუხლზე დავცემულვართ, შენს ერთგულებასა და საქართველოს სიყვარულში ამოგვდის სული?
   მეფე გიორგიმ დაკვირვებული მზერა მოატარა მის წინაშე მუხლზე დაცემულ ერისთავთ ერისთავთა და დიდ აზნაურთ. ისინი, როგორც ერთი, უსაზღვრო ტკივილით, სიყვარულითა და ერთგულებით გაჯერებული თვალებით შეჰყურებდნენ მეფე გიორგის, თითქოს და უთქმელად უზიარებდნენ იმას რაღაც ყველაზე ძვირფასსა და ყველაზე სანუკვარს, რასაც მეფისა და მის ერთგულ ქვეშევრდომთა მრავალჭირნახული ურთიერთობის მადლი ჰქვია.
   – ვფიცავ შენი ცრემლების სიწმინდეს, მეუფეო გიორგი, რომ არ მეგულება მე მთელს ქვეყანაზე ჩემს მიმართ თქვენზე მეტად ერთგული არავინ, და თუ მეფობით კიდევ მაქვს ძალა და რამენაირად სამეფოსაც უდგას სული, ნამდვილად თქვენით, ჩემი ერთგული და საყვარელი ქვეშევრდომებით.
   – წმინდა სამების ძალამ დამლახვროს, ამ სათქმელის თქმას მე უბედურს სიკვდილი თუ არ მერჩივნოს, მეფევ ბატონო, მაგრამ, არის ის, რაც სიკვდილზე ბევრად მეტია და რასაც ღვთისა და ერის წინაშე სამსახური ჰქვია. კი, გვიმსახურებია ჩვენ, – დამჭკნარი ხელის ძვირი მოძრაობით ანიშნა დარბაზის ერის დანარჩენ წევრებზე, – შენთვის მკვდართა და შენთვის ცოცხალთა და დღენიადაგ ჩვენის სამშობლოს მზისა მფიცებელთა შენთვის ერთგულად ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ, მაგრამ არა და არ დაადგა საშველი და არა და არ დაილია ბოროტი – საქართველო კი არ აშენდა, არამედ დაიქცა და გაპარტახდა; ქართველი ერი კი არ აღზევდა, არამედ დაეცა, გაწყდა, განახევრდა და დაიქსაქსა...
   მეფე გიორგიმ, თავისივე ამალის მიერ მკაცრი სამსჯავროს წინაშე უშეღავათოდ დაყენებულმა, მღელვარების ნერწყვი გადაიგორა გამხმარ საყლაპავში.
   – განა მე ცოტა ვიქნიე ხმალი, მეუფეო გიორგი, მაგრამ რა ვქნა, თუ ასერიგად იმძალავრა თურქ–სელჯუკმა?! – თავგზააბნევით უპასუხა მოწაფესავით ატყარტყარებულმა. – განა შეკავება ზღვისა გაგონილა სადმე?! ჩვენ კი არა, ბიზანტიას დასცეს მაგათ თავზარი...
   – მიზეზი ჩვენი დაცემისა თურქ–სელჯუკებში როდია, მეფევ ბატონო, არამედ ჩვენში.
   - შენ გინდა თქვა, მეუფეო გიორგი, რომ ჩემს ადგილას სხვა უკეთ გაართმევდა თავს ღვთის წინაშე ნაკისრ სამეფო ვალდებულებას?
   – მეფეო, უკეთესი იმაზე, რაც ახლა არის, განუწყვეტელი ფიქრი და მუხლჩაუხრელი მუშაკობაა მეფისა და ერისაგან მამულისა თვისისა გადარჩენისა და მისი მოვლა–პატრონობის მიზნით.
   – მერე შენა გგონია, რომ არ მენაღვლება მე ბედი საქართველოსი, მეუფეო გიორგი, და არ მაწუხებს მე ხვალინდელი დღე მისი?! – მეფე გიორგის წყენით აეტკრიცა სახე, მაგრამ გიორგი ჭყონდიდნლმა, მისდღემში მკაცრმა და დაურიდებლად პირდაპირმა, არც აცია, არც აცხელა და სამსხვერპლო ნაჯახივით ჩაარტყა შიშველი სიმართლე იმას თავში:
   – ნადირობითა და სუფრასთან ჯდომით ქვეყანას არც როდის ეშველება რამე, მეფევ ბატონო!
   უფლისწული ადგილზე შეტოკდა. იმასაც დაეტყო სახეზე, – არ ეპიტნავა თავისი აღმზრდელისაგან, მით უმეტეს, ქვეშევრდომთა თვალწინ, ასეთი დაურიდებლობით ქვეყნის პატრონის კუთხეში დაყენება.
   ჭყონდიდელისგან გამოჩენილი მოულოდნელი სიმკვეთრით გაბრუებული მეფე გიორგი, თავისი ხასიათით მყიფე და ძლიერ მგრძნობიარე, მთლად ჩაქრა და ჩაიფერფლა.
   დარბაზში ელდით დადაღული მდუმარება ჩამოვარდა.
  – მეფევ ბატონო, ჩვენ, – დარბაზის ერი, დღემდე შენს ერთგულებაში სულამომდინარე ხალხი, დღეის ამას იქით უარს ვამბობთ სამეფო კარსა შიგან ჩვენს შემდგომ სამსახურზე! – ჭექა–ქუხილს ჭექა–ქუხილი მოადევნა შეუბრალებელმა გიორგი ჭყონდიდელმა.
   დუმილი უფრო გამკვიდრდა იმ სივრცეში კამარებავარდნილ სამეფო დარბაზში, უფრო დაძაბული და უფრო აუტანელი გახდა.
  – რას ამბობ, მეუფეო გიორგი?! – აღმოხდა ისედაც დაბნეულ მეფე გიორგის გადაფითრებულ ბაგეთაგან. ყველაფერს მოელოდა ჭყონდიდელისა და თავის ერთგულ ერისთავთა და დიდ აზნაურთაგან გარდა ამგვარი განცხადებისა, და დაიბნა.
უფლისწული დავითი, შექმნილი მდგომარეობისა გამო ერთიანად მოჭიმული, მეხის გასავარდნად გამზადებულ ცასავით შავად მოქუფრულიყო.
   – ჩვენი დაუმორჩილებლობის პასუხად შენ შეგიძლია ჩამოგვაღრჩო, მეფევ ბატონო, შეგიძლია ძელზე გაგვსვა, – გააგრძელა გიორგი ჭყონდიდელმა, თან ერთგული და პატივისცემით გამტფარი თვალები მეფეს მტკიცედ მიაბჯინა. – ჩვენ ყველა სასჯელზე წინდაწინ ყაბულსა ვართ, ოღონდ ერთს ნუ შემოგვკადრებ და ჩვენგან შენს ღალატს ფიქრადაც ნუ გაივლებ!
   – რას შვრებით, მეუფეო გიორგი, რას?! – მეტად თუ ნაკლებად გამოგონდა მეფე გიორგი. ბოლოსდაბოლოს, როგორც იქნა, გაითვითცნობიერა იმან თავისი ერთგული ჭყონდიდელისა და პირველი მრჩეველისაგან გაკეთებული განაცხადის მნიშვნელოვნება როგორც პირადად მისი, ისე მთელი სამეფოს შემდგომი ბედის განსაზღვრისათვის და გაოგნებულობისაგან მთლად აირია. უმწეობის ზღვარზე მისულმა ხელები ჰაერში უმისამართოდ აასავსავა და თავის ამალას მღელვარედ შეჰღაღადა. – რას მიშვრებით, უღმერთონო! ამ გაჭირვებაში უთქვენოდ რა პირით მტოვებთ?!
   გიორგი მონაზონი, ქვეყანისა და ერისთვის ჭყონდიდელობით ცნობილი, თითქოს დარბაზში გამჯდარი არაადამიანური დაძაბულობა იმას სრულებითაც არ ეხებაო, თავის საქციელში უხორცოსავით უდრეკი, მტკიცე და შეუვალი იყო.
   – მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვართ ჩვენ თანახმანი სამეფო კარზე ჩვენი სამსახურის გაგრძელებისა, მეფევ ბატონო. – ეს უკვე დარბაზის ერისაგან მეფის წინაშე ულტიმატუმის წაყენებას ჰგავდა, მაგრამ გასაჭირში ჩავარდნილმა მეფე გიორგიმ უკვე ესეც აღარ იუცხოვა.
   – რა შემთხვევაში, მეუფეო გიორგი? – ჰკითხა სასოებით.
   – ტახტი დავითს გადაულოცე! – გიორგი ჭყონდიდელის ბოლო სიტყვებმა სამეფო დარბაზის ფართე სივრცეში განსაკუთრებული მნიშვნელოვნებით გაიჟღერა.
    არა და არ მოელოდა საქმის ასევითარ შემოტრიალებას მეფე გიორგი, – სახტად დარჩა. ნელა–ნელა მოავლო იქ მყოფთ ერთიან გაოცებად ქცეული თვალები და სახეზე მწარე ღიმილი გაეჟონა – იმის წარმოდგენაში იქაურობას სამეფო გადატრიალების სუნი აუვიდა. ნელა–ნელავე შეატრიალა ეჭვითა და უნდობლობით გაჯირჯვებული მზერა და უფლისწულ დავითს მიაბჯინა გულდაგულ და დაურიდებლად.
   არანაკლებ იყო დარბაზის ერის საქციელით სახტად დარჩენილი უფლისწული დავითი, ბოლომდე ერთბაშად ჯერაც ვერ გამცნობიერებელი ჭყონდიდელის მიერ მოულოდნელად გაცხადებული მოთხოვნისა. მამის ეჭვიან შემოხედვაზე ადლიანი მხრები გაოცებით აიჩეჩა და იმისი უხმო შეკითხვის პასუხად თავი უარყოფის ნიშნად აქეთ–იქით მტკიცედ გააქნ–გამოაქნია:
   – არა, მამავ ბატონო, – გასცა პასუხი. – მე შენი ნებისა და ბრძანების გარეშე არც ახლა და არცა შემდგომ ერთი ნაბიჯის წამდგმელიც არა ვარ წინა.
   და რადგან მეფე გიორგიმ ამ სიტყვების შემდეგაც არ მოაშორა თავის ნაშიერს წყენით, ბრაზით, ეჭვითა და შეურაცხყოფით დატენილი მზერა, და არა და არ დაიჯერა შვილის ნათქვამი, გიორგი ჭყონდიდელმა მეფე გიორგის მისთვის ჩვეული შეუქცეველი და ცალსახა პირდაპირობით განუმარტა:
   – მეფევ ბატონო, ჩვენ ამ პირობას ერთნაირი მოულოდნელობით ვაყენებთ როგორც შენი, ისე უფლისწულის წინაშე, და ერთნაირი გულისყურითვე ველით პასუხსა როგორც ერთის, ისე მეორისაგან.
   დიდხანს უყურებდა მეფე გიორგი ხან გიორგი ჭყონდიდელს, ხან – უფლისწულ დავითს, ხანაც დარბაზის ერის დანარჩენ წევრთ, – დიდხანს ატრიალებდა წაღმა–უკუღმა თავში მოძალებულ საფიქრალს, უმძიმესსა და ძნელად გადასაწყვეტს.
   ბოლოს, როგორც იქნა, თავი ზე აიღო საწყალად სახემოქცეულმა და ტკივილიანად გულგასენილმა, და იმისი პასუხის მომლოდინე დარბაზის ერის წევრთ ბედს დამორჩილებულმა ასე უპასუხა:
   – კარგით, ერისთავთ ერისთავნო. – განზე გაიხედა და ღრმად ამოსუნთქვის მერე გულში დარდადუღებულმა ყრუ ხმით დაამატა – ამაღამ ვიფიქრებ და პასუხს ხვალე მოგახსენებთ.

    მეფე გიორგის თანხმობა უფლისწული დავითისთვის ტახტის გადაცემისა
   მეორე დღის დარბაზობაზე შემობრძანებული მეფე გიორგი ღამენათევი და უძილობისაგან სახეგაცრეცილი იყო. ღამენათევნი და უძილობისაგან სახეგაცრეცილნი იყვნენ ჭყონდიდელიც, დარბაზის ერის წევრნიცა და თავად უფლისწული დავითიც.
   გასაგები იყო იმათი მღელვარება – სახელმწიფოს შემდგომი განვითარების ბედი იმ წუთებში და საათებში თვალსა და ხელს შუა წყდებოდა.
   – წუხელის ბევრი ვიფიქრე, დარბაისელნო, ძალიან ბევრი, – დაიწყო მეფე გიორგიმ, როდესაც ყველამ დარბაზში თავ–თავისი ადგილი დაიკავა. – ჩვენში რომ ვსთქვათ, – რა ჩემი ბრალია, თუ იმძლავრეს თურქ–სელჯუკთა, ვითარცა მკალთა, გადამიჭამეს ქვეყანა და ვეღარა ვნახე მეც ძალა სხვა, გარდა მელიქ–შაჰზე ხარკის მიცემისა?! რა ჩემი ბრალია, თუ იგრძნეს სიმძიმე მდგომარეობისა და სისუსტე ჩემი აფთართა, – მოღალატე დიდ აზნაურთა – ძაგან და ლიპარიტ ერისთავთ ერისთავთა და სხვათა, ერთპირ განმიდგნენ და გაერთიანებული ძალით შემომიტიეს მე, თურქ–სელჯუკთაგან ძლეულს?! განა იყო მეტი ღონე და ილაჯი გარდა იმათთან დათმობებზე წასვლისა?! დიაღაც, რომ დავურიგე მე იმათ სამეფო მამულები და შემოვირიგე, რათა ყოფილიყო იმ გაჭირვების ჟამს სამეფოში სიმშვიდე. რა ჩემი ბრალია, თუ მე, ისედაც დავარდნილი, არა და არ დამინდო ეშმაკმა, მომივლინა მიწისძვრა და ერთიანად დამიქცია და მიწასთან გამისწორა მთელი ქვეყანა?! რა ჩემი ბრალია, ხალხო, თუ ვერც თურქ–სელჯუკნი გააჩერა ხარკის მიცემამ – დღეს, უარესად თავზე წასულნი ჩვენი მამულის ერთ ძარცვა–გლეჯვასა და კორტნაში არიან. რა ჩემი ბრალია, თუ არცა ლიპარიტს, – კლდეკარის ერისთავთ ერისთავს უშველა რამე შემორიგებამ სამეფო მამულების ჩუქებითა და არც ქართლის ერისთავთ ერისთავს ძაგანსა, რომ თავნებობენ ეს ოხერნი და არა და არ მემორჩილებიან?! ჩვენში რომ ვთქვათ, მეუფეო გიორგი, მართლაც რომ უმანკო ვარ მე, გიორგი, მეფე საქართველოსი, და უდანაშაულო!... – მცირედ შეყოვნდა სახეზე ბალღამივით მწარე ღიმილგამმჟონებელი. – ჩემი ბრალი მხოლოდ ერთშია და ღვთისა და ერის წინაშე ალალად ვაღიარებ – დავჰყარე მე სამარცხვინოდ ფარ–ხმალი და წინ სავალ გზას ნამდვილად ვეღარა ვხედავ... ხოლო რადგანაც ვერა მომიხერხებია რა, დამძლია სისუსტემ და ღვინოში ვაღრჩობ და ნადირობაში ვიქარვებ ნაღველს, იმის მაგივრად, რომ... ეჰ!..– მწუხარებით ხრჩოლავდა მეფე გიორგი. ცრემლები არ ჩამოსდიოდა ღაპაღუპით, მაგრამ იმისი თვალები მაინც გულამოსკვნით ტიროდნენ. მდუმარებდა დარბაზის ერი, ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა. დიდხანს ლაპარაკობდა თავის ვნებათა და ნააზრევთა გამოხატვაში თავისუფლად მიშვებული მეფე გიორგი, ხან გაჩუმდებოდა, ხან ისევ ამოიღებდა ხმას, ოხრავდა, კვნესოდა, მერე ისევ დადუმდებოდა. დუმდა გრძლად, დუმდა მოკლედ, მერე ისევ სიტყვათა რიგი, ისევ ოხვრა, ისევ ყოვნი...
   – ძალიან ბევრი ვიფიქრე მეთქი წუხელის, მეუფეო გიორგი, ძალიან ბევრი; თვალი ერთი წამითაც არ მომიხუჭავს. თქვენა, ჩემი ერთგული ქვეშევრდომნი, მართლაც რომ ერთადერთი ძალა ხართ ბაგრატოვანთ სამეფოს ძლიერებისა, ჭეშმარიტნი და მართლისა მთქმელნი!.. და მე მივიღე გადაწყვეტილება, დარბაზის ერნო, – სრულიად საქართველოს სამეფო კარის ამ ძალის გარეშე დატოვებას, უმჯობეს არს იგი ისევ ჩემს შთამომავალს ემსახუროს, ოღონდ კი გაგრძელდეს მართვა სახელმწიფოსი, იყოს ერთობა და ხვალინდელ დღეზე ფიქრი. – მერე უფლისწულ დავითს, მის ყოველ სიტყვათა განსაკუთრებული ყურადღებით მოყურადეს, მიუტრიალდა:
   – შენა ხარ გვირგვიგნი მეფობისა ჩემისა, შვილო დავით, და ეს გვირგვინიც მეფობისა საქართველოსი შენთვის გადმომიცია! – და მიახლოებულმა დაადგა უფლისწულს თავისი ჭაღარაშერეული თავიდან სახელდახელოდ მოხდილი სამეფო გვირგვინი თავზე.
  ჭყონდიდელმა მრავალმნიშვნელოვნად მოავლო თვალი დარბაზის ერის თითოეულ წევრს, რომელთაც სახეზე იერი დასდებოდათ, გამომხატველი უსაზღვრო აღტაცებისა, როგორც გიორგი მეფის განუზომელი კეთილშობილების ესერიგი გამოვლინებისა, ისე სახელმწიფოს ბედ–იღბალის ამგვარი მაღალზნეობით სიკეთისაკენ შემოტრიალებისა, და, ამდენად, თავიანთი მიზნის მიღწევისა გამო.
   ამ დროს გაიღო კარი და დარბაზში დედოფალი ელენე შემობრძანდა, – სამეფო დარბაზში მიმდინარე მოვლენათა გამო სასახლეში აგორებულ ჭორებს იმის ყურთამდეც მიეღწია. ფილაქანზე ქოშების მკვეთრი პაკიპუკით მტკიცედ განვლო დარბაზი დიაგონალზე ძუ ვეფხვივით ამაყმა და ყოველ წამს საჭიროებისამებრ ნახტომისათვის მზადმყოფმა, და ახლად გვირგვინდადგმული დავითის წინ შეჩერებულმა იმას კბილებში მკაცრად გამოუცრა:
   – ის, ვისაც მშობლის პატივისცემა არა აქვს, არც არასოდეს იქნება მეფობის ღირსი! – უფლისწულის საქციელით უკიდურესად უკმაყოფილოს თავისი თვალების სიმხურვალით შვილი, მის წინაშე მოწიწებით დამდგარი, ლამის ადგილზე დაედუღებინა. – ხოლო ცარიელი გვირგვინი კი, მერწმუნე, დიდი ვერაფერი ბედენაა – უამისოდ იგი სწორედ იმდენს იწონის, რამდენსაც იმას ბაზრის ნებისმიერი სავაჭრო სასწორი აიწონიდა, და იმაზე მეტიც არა ღირს, ვიდრე ბაზარზე ნებისმიერი სოვდაგარი შეაფასებდა.
   – დედავ – ბატონო... – სიტყვის თქმას შეეცადა უფლისწული, მაგრამ დედოფალმა ელენემ უარესად აუწია ხმას:
   – მანამდე კი, სანამ მამაშენს შეურაცხჰყოფდე და დაჩაგვრავდე, გირჩევნია საკუთარი ხელით ჯერ მე, დედასა შენსა, გამომღადრო ყელი, შენი, ასერიგად უმადური, უსამართლო და უსულ–გულო ადამიანად გაზრდისათვის.
   დედის ბასრ და მოსასმენლად უსასტიკეს სიტყვებს უფლისწული დავითი არც გაუნაწყენებია, არც დაუბნევია, არც გაუბრაზებია. უზარმაზარ პატივსა სცემდა იგი მშობელსა თვისსა, და უზარმაზარი პატითისცემითვე განმსჭვალულმა გაუღიმა იმას. მერე ასე, სახეზე ღიმილგადამდინარე, მეფე გიორგის შეუტრიალდა:
   – ინებე, მამავ ბატონო, შენი გვირგვინი, – მოკრძალებით და ფრთხილად, მაგრამ მეფე გიორგისათვის მაინც მოულოდნელად შეაჩეჩა იმან გაოგნებულ მამას ხელში სიმბოლო სახელმწიფოებრივი ძალაუფლებისა, როგორც ერთი უბრალო ბრჭყვიალა ნივთი რამე. – მე ის არც მითხოვნია, არც წამირთმევია, არც მომიპარავს, მასზე არც არასოდეს მიოცნებია და მართალი გითხრათ, არც მისი უკან დაბრუნებისა გამო მწყდება დიდად გული. განა შენ თვითონ არ ინებე მოზომება მისი ჩემსა უღირსსა თავსა ზედა?! – შემდეგ თავისი საქციელითვე ჩაყუჩებულ დედას მიუბრუნდა. – ხოლო შენ კი, დედავ ბატონო, ერთს გეტყვი და სამემრისოდაც არასოდეს დაგავიწყდეს – რაც არ უნდა კარგად მომარგონ თავზე სამეფო გვირგვინი, იმაზე მეტი წონისა და ფასის, იმაზე მეტად ძვირფასი და ზღაპრულად მარგალიტებით მოოჭვილი გვირგვინი, რომელიც თქვენ უკვე დამადგით თქვენი აღზრდით მე თავზე და რომელსაც თავისი ღირსეული მამის ღირსეული შვილის სახელი ჰქვია, აღარასოდეს მეღირსება. ხოლო მამაჩემს, – ცალი მუხლი დაუცა შემქმნელს თავისას, – მეფეთ მეფეს გიორგის, არც არასოდეს დაჰკლებია ჩემი თაყვანისცემა და არც არასოდეს მოაკლდება, ვიდრე მე პირში სული მიდგას! – და იმის სამეფო კაბის კალთას დიდის მოწიწებით ემთხვია.
   ეს უკვე მერამდენედ დახრა სამეფო დარბაზი თავისი იატაკ–ჭერ–კედლებიანად იქ ჩამოვარდნილმა სამარისებურმა სიჩუმემ.
   დუმდა თავისი მესასთუმალის ამგვარი ჩარევითა და მდგომარეობის ამგვარი შემოტრიალებით გაოგნებული მეფე გიორგი. დუმდა შვილის საქციელით სახტად დარჩენილი დედოფალი ელენე. დუმდა და უხერხულობისაგან იხერხებოდა ამ ოჯახური სცენის უნებლიედ შემსწრე დარბაზის ერი.
   ბოლოს ისევ მეფე გიორგიმ, უფლისწულის საქციელისა გამო კეთილშობილების ტალღაზე მოქცეულმა, დაარღვია სიჩუმე.
   – ახლა ხომ შენც ცხადლივ ხედავ, დედოფალო ელენე და შენ შენს წილადაც ხომ დარწმუნდი თვალნათლივ, რომ არჩევანი დღეს დავითის ტახტზედ დაჯდომისა უფლისაგან წინდაწინ არის ცაში გარდაწყვეტილი! – დიდის მოწიწებით კვლავ დაადგა მის წინ დაჩოქილ უფლისწულ დავითს სამეფო გვირგვინი თავზე, განიერ მხრებზე ხელის მოდებით ზე წამოაყენა და იქ მყოფთ მიმართა. – თაყვანი ეცით დავითს, მეფეს სრულიად საქართველოსი!
   უფლისწული დავითი ზედმეტად არ განძრეულა. მხოლოდ ტუჩები მოჭიმა მკაცრად და თვალებში სიცივე ჩაუდგა. მან მამის ხელით კვლავ დადგმული სამეფო გვირგვინი მიიღო არა ნდომით ან არნდომით, არამედ ვალდებულების უკიდურესი შეგნებით. ღრმა დაფიქრების ნიშნად ჩვეულებისამებრ სახე თითებით მოისრისა და, ვინც ახლოს იდგა, მხოლოდ იმან შეამჩნია, – ახალგაზრდობით გადატკეცილ შუბლზე პირველი ნაოჭი იმას როგორ ამოეღარა.
   პირველი იმას მისალოცად დედა მისი – დიდი დედოფალი საქართველოსი ელენე მიეახლა.
   – ისეთივე უბრალოებითა და ღირსებით გემართოს ქვეყანა, შვილო დავით, როგორი ღირსებითა და უბრალოებითაც შენ ეს სამეფო გვირგვინი შეიფერე; ყოჩაღ შვილო! – მერე უკან გამოტრიალებულმა, სანამ სხვანი დავითს, როგორც თავიანთ ახალ მეფეს, თაყვანსა სცემდნენ და ულოცავდნენ, მეუღლეს თვისას, რომელსაც ის უკეთ იცნობდა, ვიდრე თავის თავს, ყურში უჩურჩულა:
   – იცოდე, გიორგი, ახლავე გაფრთხილებ, რაც გადასწყვიტე და გააკეთე, ბოლომდე იმაზე იდექ, რომ მერე ღვინის ყოველ დალევაზე საჯავროდ და სანანებლად კრინტი აღარ გასძრა!
   – ეხლა! – ჯანყის ნიშნად წამოპარპარდა მეფე გიორგი, მაგრამ მისი მესასთუმალე, ამაყი, ბრძენი და ღირსეული, უკვე დარბაზიდან გადიოდა. მართლა დაფიქრდა მეფე გიორგი, მოუტრიალდა რა თავის ძეს, თავისგანვე უკვე გვირგვინ დადგმულს. მაშინ ღა დაიწყო ხელახლა გადააზრება იმისა, რაც გააკეთა. – „მართლაც და, ცოტა ნაჩქარევად ხომ არ მომივიდა?!“ – რაკი ერთი შეუშვა თავის თავში ეჭვის ჭია, დააწყებინა კიდეც გრძელი პროცესი იმისგან თავისი შიგნეულობის გამოხვრისა, მაგრამ რაღა დროს, მოსახდენი უკვე მომხდარი იყო.
   გამოტრიალდა იგი, ფხუკიანი და სულსწრაფი, მომხდარი ამბისა გამო თავის თავზედვე ძლიერ განაწყენებული და დატოვა დარბაზში მისი ამგვარი წასვლის მოულოდნელობით სახტად დარჩენილი ჭაბუკი დავითი დარბაზის ერთან ერთად.

   გიორგი ჭყონდიდელისა და უფლისწული დავითის საუბარი
   – ახლა რაღა ვქნა, მეუფეო გიორგი, – მიმართა უფლისწულმა დავითმა, ჯერ კიდევ მეფედ არ ნაკურთხმა, თავის აღმზრდელს, როდესაც დარბაზის ერმა ჭყონდიდელის ბრძანებით დარბაზი დატოვა, – რომ არა ვარ მზად სახელმწიფოს მართვისათვის?!
გიორგი ჭყონდიდელმა დამამშვიდებლად გაუღიმა.
   – თექვსმეტი წელი ამა დღისათვის გაფრთიანე, უფლისწულო, და აღზრდაც ჩემგან შენი არა ყოფილა სხვა, თუ არა აღზრდა მეფისა სრულიად საქართველოსი.
მაგრამ როდი დააცხრო და დააკმაყოფილა უფლისწული დავითი თავისი აღმზრდელის თუმცა აზრს არ მოკლებულმა, მაგრამ ზოგადმა სიტყვებმა.
   – შენზე უკეთ ვინ უწყის, მეუფეო გიორგი, რომ არც კაცის წინაშე შიშს დაუჩაგრავს დღემდე ჩემი გული და არც ხვალინდელი დღისა წინაშე პასუხისმგებლობას დაუფრთხია. პირიქით, ვფიქრობ, არ დაუშურებია ჩემთვის მაღალსა ღმერთსა ბოძება მრავალთა ტალანტთა, რამეთუ გონებისა თვალიც მახვილ მაქვს და სივრცეც ვრცელ, მაგრამ... – გულზე ხელი მიიდო და თქმაში ტკივილმა უჭარბა, – მაგრამ წამალი ქვეყნისა, დღეს ასერიგად დავრდომილისა და დაგდებულისა, რომ ხელთ არა მაქვს, ვით ვუმკურნალო?! ქართველ კაცს დაჩლუნგებული ხმალისა პირი როგორ ავულესო და შვილდისა მოლაღებული ლარი როგორ დავუჭიმო?
   გიორგი ჭყონდიდელმა, ნუგეშისცემის ნიშნად მისთვის ხელის ხელზე დამდებმა, არ მოიშალა ღიმილი სახეზე.
   – არა ხრმალი იმარჯვებს კაცისა მტერთა ზედა, უფლისწულო, და არცა შვილდი, – უთხრა, – არამედ სული.
   უფლისწულ დავითის სულს, ასერიგად მშფოთვარეს, აღმზრდელის სიტყვათ გაგონებაზე არანაირი შეღავათი არ მისცემია.
   – განა სწორედ სულით დაცემისა გამო არ არის, ხალხს მუხლი მუხლად რომ აქვს დღეს მოცელილი და მკლავი მკლავად დადუნებული?! – მერე ხელები წინ გაიწოდა და უკიდურესი გულისტკივილით ამოადუღა სათქმელი. – შეშინებული როგორ განვაგულადო, მეუფეო გიორგი, და მხდალსა როგორ ჩავუდგა მკერდში მამაცი გული!
ჭყონდიდელმა მოხუცებულის სიბრძნითა და ვაჟკაცური სიმტკიცით გაუყარა ყმაწვილ უფლისწულს თვალი თვალში და:
   – ღირსება მიეც! – სათქმელი ხაზგასმული მნიშვნელოვნებით გამოუკვეთა.
უფლისწულმა დავითმა სუნთქვა მოინაცვლა.
   – როგორ, მეუფეო გიორგი? – სასოებით ჰკითხა.
   – დაადგი ერში მცხოვრებ ყოველ მამაკაცს უხილავი გვირგვინი მეფობისა საქართველოსი, ამეფე იგი თავის ქვეყანასა ზედა და აპატრონე!
უფლისწულმა დავითმა თითქოს გაიგო, თითქოს ვერა გაიგო რა ჭყონდიდელის მოულოდნელად ნათქვამისა.
   – მერე და, გვირგვინოსანმა მეფემ რაღა აკეთოს? – ჰკითხა წარბშეჭმუნვით მცირეოდენად გაოცებულმა.
   – მიეცი საქართველოს მოვლა–პატრონობის დიადი მაგალითი და წარუძეხ წინ!
&;nbsp;  უფლისწული დავითი, თავისი აღმზრდელისგან ნაქსოვი საფიქრალის ქსელში გახლართული, ჩაქრა, ჩაყუჩდა. კარგა ხანს ხმა–კრინტი აღარ გაუძრავს. თვალები მოეჭუტა და საგონებელში ჩავარდნიდლი ღონიერი თითებით სახეს იფშვნეტავდა.
   ისევ გიორგი ჭყონდიდელმა განაგრძო:
   – მონური სულია სახელმწიფოებრიობის პირველი მტერი, შვილო დავით, და ორგვარი მონა არსებობს მონათა სახელმწიფოში ყოველთვის – ერთი დამმონებელი, მეორე დამონებული; იცოდე, არც ერთი არის ღვთისაგან და არც – მეორე, და ორნივე თავისი ხორცის მაამებლობა–გადარჩენის წყურვილით არიან შეპყრობილნი. ხვალინდელი დღე მონისა, მმსახურებლისა ხორცისა თვისისათვის, ლპობა და ხრწნაა თვისსავე ხორცსა შინა, ხოლო სამშობლო... – ჭყონდიდელმა ხელი ზეასწია და ხმაში მოწოდების რიხი მოიცა – ხოლო სამშობლო, შვილო დავით, მარადი ძეგლია თავისუფალი ერის უკვდავი სულისა, აგებული მისთვისვე სიცოცხლითა და სიკვდილით მომსახურე ერთგულ შვილთა მიერ. მხოლოდ შემოქმედება თავისუფალი ხალხისა, განმსჭვალულისა რწმენითა ღვთისა და მსახურებითა თვისისა ერისათვის, არის ულევი ძალა ქვეყანისა. მხოლოდ მას ძალუძს დღეს გაყრა თურქ–სელჯუკთა კიდეთაგან საქართველოისა! მხოლოდ მას ძალუძს მოხდენა სასწაულისა და აღადგენა და გაერთიანება შავ დღეში ჩავარდნილი და დაქუცმაცებული ქვეყნისა! და არა არის რა არსად ძალა მისი დამკავებელი. გინდა აღაშენო დიადი საქართველო? – აღაშენებინე იგი ქართველსა ხალხსა. აღაფრთოვანე იგი მაგალითით შენით და აღგაფრთოვანებს იგი საქციელით თვისით. აპატრონე იგი და უპატრონებ შენ; ამეფე იგი და იმეფებ შენ! ჩაუდგი მას სული შენი, შემოიდგი შენ ტანი მისი, იერთსისხლხორცეთ სამშობლოსათვის და იქნება საქართველო!
   უფლისწულმა დავითმა, თავისი აღმზრდელის ანთებულებით სათანადოდ აღძრულმა, გამომშრალ ყელში ნერწყვი ძლივთ გადაიდინა. სახედაძაბულს ეტყობოდა ყოველმხრივ ზომავდა ჭყონდიდელის მიერ გამოთქმულ აზრს, – იმის სიტყვებში საყრდენს ეძებდა. ავაზასავით ფრთხილმა და ნახტომის წინ სუნთქვაშეკრულმა, ბოლოს, მიუხედავად უზარმაზარი პატივისცემისა, შუბებივით მიაბჯინა მართალი თვალებიდან გამოვარდნილი წვეტიანი მზერა მოხუცებულს და:
   – განა ლამაზი სურვილებისთვის კაცი ვისმეს დაუძრახავს, მეუფეო გიორგი?! – ჰკითხა ჯიუტად.
   იმას საგანის არსში ჩაძიებულობა სჭირდა და თავისი ხასიათის სალტეებით შეკრულს არა და არ ძალუძდა ბოლომდე არა მდგარიყო თავისი ხედვის სადარაჯოზე. – იქნებ სხვათ უკეთესიცა სდომებიათ! – მერე ჯიუტივე მზერით აჰხედა ჭყონდიდელს მოძალებულ ფიქრთაგან მობურვილი თვალებიდან. – მაგრამ მითხარი, რა ბედენაა ლამაზი სურვილ–მიზანი, თუ თან არ ახლავს იმას აღსრულების სწორი წესი და კანონი!
   – არის ასრეთი წესი და არის ასრეთი კანონი, მოქცეული საღვთო სჯულში, რომელსაც ძალუძს აღძრას და წარმართოს სამოქალაქო ცხოვრება ერისა, მოწოდებული საპატრონებლად თავისი თავისა თავისივე თავის მიერ, უფლისწულო. – ჭყონდიდელს შეპყრობილივით უციმციმებდა თვალები.
   – რომელ წესსა და რომელ კანონს გულისხმობ, მეუფეო გიორგი?
   – დიდ სამოქალაქო ზნეობრივ კანონს, უფლისწულო, არა ვისიმე კაცთაგანის, არამედ თავად უფლის მიერ შექმნილს და დადგენილს კაცთა ცხოვრებისათვის.
   – დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი!.. – ფრიად იმტკიცა უფლისწულმა დავითმა. – საღვთო სჯული ხომ შენის მეცადინეობით საძირკვლადა მაქვს გულსა და გონებაში გადგმული, მეუფეო გიორგი, მაგრამ... – გაოცებული იყო და გაკვირვებას ვერა ჰფარავდა – ეს ამგვარი რამ სიახლე ესე უცებ საიდანღა გაჩნდა. თოთო ბავშვივით წუხელის ვისმე ხომ არ დაჰბადებია?
   გიორგი ჭყონდიდელს აღმზრდელის უპირატესობით გაწყობილი სათნო ღიმილი დაეფინა მარხულობით დაწმენდილ სახეზე.
   – არა, შვილო დავით, არა, – უთხრა, თან უარყოფის ნიშნად თავი განზე დინჯად გააქნ–გამოაქნია. – არაფერი არ არის ისე ძველი ამ ცოდვილ დედამიწაზე, ვიდრე დიდი საერო ანუ სამოქალაქო ზნეობრივი კანონი ქართველთა, როგორც წინაპართაგან გადმოსული ჩვენზე ცხოვრების წესი! – დროებისაგან გაცრეცილი და ყდამომცვდარი რაღაც წიგნი ამოაცურა ბერის კაბის ნაკეცებიდან და ყმაწვილ უფლისწულს, შეღერებულს თავისი გატანჯული ქვეყნის სამეფებლად, სასოებით გაუწოდა. – აჰა, შენ, შვილო დავით, რუდუნებითი შრომითა ჩემითა მოძიებული და ამოკრეფილი უძველესი ფოლიანტებიდან და ძალითა გონებისა ჩემისა შექმნილი და ჩამოყალიბებული! – უთხრა და როცა იმან ჩამოართვა, შემდეგი სიტყვები ისეთი სულამოთქმით ამოუმარცვლა, თითქოს რაღაც ძალზედ დიდსა და მნიშვნელოვანს საიდუმლოს რასმე ეთხოვებოდა. – აჰა, შენ, შვილო დავით, წმინდაი საიდუმლო ქართველი ერის უკვდავებისა!
   უფლისწული დავითი, ატანილი აღმზრდელის სულის სიმხურვალეთი, მოწიწებით დაჰყურებდა თავის უშველებელ ტორებში მოქცეულ მომცრო წიგნს, როგორც საოცრებას რასმე.
   – დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონის საფუძვლები. – წაიკითხა გარეკანზე წარწერილი წიგნის სათაური არათავისი, მთრთოლვარე და შეცბუნებული ხმით, როგორც ეს რაღაც გამოუცნობი და ძალზედ მნიშვნელოვანი საიდუმლოების წინაშე მდგომს შეეფერებოდა. მერე თავის აღმზრდელს მიაპყრო ორ დიდ დოლაბად ქცეული ორი ნათელი თვალი და გაოგნებულს სახეზე გაოცება ამოეჩეხა. – აქამდე რომ ამის შესახებ არა გითქვამს რა ჩემთვის, მეუფეო გიორგი?
   – დღევანდელსა დღესა დაჰკრა ჟამმა შენმა, შვილო დავით! – ჭყონდიდელს ჭკვიან თვალთა წამწამებით შემოხაზული არე ცრემლმა აუბრწყინა და ბაგენი ოდნავშესამჩნევი თრთოლვით აუთამაშდა. – დღევანდელსა დღესა ინება უფალმა გათენება დილისა შენისა!

    უფლისწული დავითის მიერ ლიპარიტ ერისთავის შემორიგება
   მესამე დღის სწორზე მოუყარეს თავი დარბაზის ერს სამეფო სასახლის კარზე სრული შემადგენლობით.
   დარბაზის ერის გარეშეთაგან მხოლოდ ძაგან ქართლის ერისთავთ ერისთავი მოიწვიეს, მაგრამ მან, ამპარტავანმა და მეფის სიტყვათა, ჩვეულებისამებრ, არად ჩამგდებმა, არა და არ ინება მობრძანება; თავის ნაცვლად ერთი უსახური ვინმე თავის ქვეშევრდომთაგანი გამოეგზავნა, რომელსაც არც სიტყვა ჰქონდა გამართული და არც აზრი.
   სამაგიეროდ, სამეფო კარს მოულოდნელად კლდეკარის ერისთავთ ერისთავი ლიპარიტი ეწვია, ძაგან ერისთავთ ერისთავივით თავნება და მარადის დაუმორჩილებელი.
   ყველანი განლაგებულიყვნენ დარბაზში და მეფე გიორგის შემობრძანების მომლოდინენი ერთმანეთს დაბალ ხმაზედ ებაასებოდნენ.
   შემოვიდა მეფე გიორგი მცირე დაგვიანებით, – შორიდანვე ეტყობოდა, მთლად გუნებაზე რომ ვერ იყო. მიესალმა დარბაზის ერს და, რა შეამჩნია მათ შორის კლდეკარის ერისთავთ ერისთავი, ყოველგვარი შესავლების გარეშე წაეკიდა:
   – რა მოგარბენინებდა, ლიპარიტ ერისთავო, რა სუნი იკარ იმისთანა?! შენით გაწამებულ მეფეს წულის გამეფება ხომ არ გინდა მოულოცო?! მე ხომ წინდაწინ ვიცი, არც მაგას მოაკლდება შენგან დროდადრო საჩუქარნი, სულ ერთმანეთზე უკეთესნი!...
   ასეთი ნაჯახივით მოურიდებელმა და აშკარა უადგილობით დაღდასმულმა პირდაპირობამ კლდეკარის ერისთავთ ერისთავი მოულოდნელად მთლიანად გააბიაბრუა.
   – მე, მართლაც რომ მოსალოცად მოველ, მეფევ ბატონო და – აბლურტუნდა ანგარიშგაუწევლად, – ღმერთია მაღალი, რომ...
  – სადა გყავს შენ ღმერთი, ლიპარიტ ერისთავო, სადა?! – აღარც ლაპარაკის გასრულება დააცადა გიორგი მეფემ. – შენი არც მიწისძვრის წინა და არც მიწისძვრის შემდგომი შეთქმულებანი და იარაღის ჟღარუნი დამვიწყებია, თავზე ცა ჩამომხობილს ზურგიდან რომ მახვილი ჩამეცით შენ და... არა მარტო შენ. – მეფე გიორგიმ ძაგან ქართლის ერისთავთ ერისთავის, იმ ხანად ერთობ გაძლიერებულის, სახელს მასთან ურთიერთობის უარესად გართულების შიშით ხსენებაც ვერ გაუბედა.
   – მეფეო, მე განა... – ლიპარიტ ერისთავთ ერისთავს ხმა წესიერად აღარ ამოსდიოდა ყელიდან.
   – ხმა, ხმა–კრინტი, შე მუხანათო! – ტახტიდან წამოიწია მსხვერპლის გაოგნებულობით გათამამებული მეფე გიორგი. – რატომ ძირში არ მოგძვრება ეგ ენა, კიდევ ხმას რომ აღებინებ! მაგრამ შენ ხომ ნამუსი არა გაქვს, ლიპარიტო, შენ ხომ ნამუსი არა გაქვს!
   – მეფეო, როგორ კადრულობ! – ნაწყვეტ–ნაწყვეტ ფრაზებსღა ისროდა ლიპარიტ ერისთავთ ერისთავი, ერთიანად აჭარხლებული და მეფის მიერ საფუძვლიანად ღირსებაშელახული.
   – კიდევ მე ვკადრულობ?! კიდევ მე ვკადრულობ?! – მეფე გიორგის კი, უკიდურესი მრისხანებით შთანთქმულს, აღარც მეფური საქციელის ზომიერება ეკითხებოდა რამეში და აღარც მისი ამგვარი საქციელის მოსალოდნელი შედეგები ანაღვლებდა. – შენ არც ის დაგავიწყდეს, რაც შენს მამა–პაპათ უქნიათ ჩვენთა დიდთა წინაპართათვის. დედაბუდიანად ძელზე ხართ განსასმელნი, დედაბუდიანად. ხან თურქ–სელჯუკთ შეეკარით, ხან განძის ათაბაგსა და ხან კიდევ ვისა. ლამის არის საქართველო ერთიანად მოთხაროთ და მიწასთან გაასწოროთ. და ყოველივე ამის შემდგომ ვითღა ბედავ შენ სამეფო კარზე ფეხის მოდგმასა?! აბა, ერთი შეხედე, როგორი მძულვარებით გიყურებს მთელი დარბაზი; კაცი არ არის არცა შენი დამცველი და არცა ჩემთა სიტყვათა წინააღმდეგი.
   დარბაზის ერი გასუსული მისჩერებოდა მეფე გიორგის, მრისხანებისაგან გაცოფებულსა და პირიდან ცეცხლისა მფრქვეველს. გაფითრებული ლიპარიტ ერისთავი, მოულოდნელად თავზე დამტყდარი ჭექა–ქუხილისაგან ერთიანად დათრგუნული, სულს ძლივსღა იბრუნებდა.
   – მე ვარ წინააღმდეგი, მამავ ბატონო! – გაისმა მოულოდნელად დარბაზში უფლისწული დავითის სიმტკიცითა და თავის თავში დაჯერებულობით გამკვიდრებული ბოხი.
   – რის... რის წინააღმდეგი ხარ, უფლისწულო! – მეფე გიორგის მოულოდნელობისაგან ენა დაება.
   – მტრობა მტრობით იწყება, მამავ ბატონო, და მტრობითვე გრძელდება, და სათავეც ყველა მდინარესა აქვს, კეთილსაცა და ბოროტსაც. – სათითაო სიტყვას გამორჩევითა ჰკვეთავდა. მერე ლიპარიტს მიუტრიალდა. – მე, ბაგრატოვანთა გვარის წარმომადგენელი მოგმართავთ მთელს თქვენს საგვარეულოს, ლიპარიტ ერისთავო, რათა იყოთ გულმოწყალენი და შეგსთხოვთ შენდობასა და პატიებას იმ დიდისა ცოდვისა გამო, ქმნა რომელისაცა უნებებია დიდსა ბაგრატსა, პაპასა ჩემსა, საქართველოს გამაერთიანებელსა, წინაშე აღმზრდელისა თვისისა, დიდი ლიპარიტისა, პაპისა შენისა!
   გაოგნდა დარბაზის ერი.
   – რა სიმდაბლეს კადრულობ, უფლისწულო! – მეფე გიორგი ტახტიდან გიჟსავით წამოიჭრა.
   – სიმდაბლეო?! – გადააჭარბა უფლისწულმა დავითმა მამას თვისას რიხში. – როცა უკვე მეფედ ნაკურთხი, მაგრამ მცირეწლოვანი ბაგრატი, მამა შენი, მამავ ბატონო, და პაპა ჩემი, უპატრონოდ დარჩა, მაშინდელმა დარბაზის ერმა მისი მეურვეობა და აღზარდა დააკისრა დიდსა ლიპარიტსა, კაცსა, ფრიად ღირსეულსა, განმსჭვალულსა დიდითა ზნეობითა და უფლისადმი უკიდეგანო სიყვარულითა. უღრმესი სიბრძნით უპატრონა დიდმა ლიპარიტმა, როგორც მცირეწლოვანსა მეფესა, ისე მისსა სამეფოსა, სანამ არ გახადა იგი სრულწლოვანი და არ დასვა იგი ტახტსა ზედა, ხოლო დიდმა ბაგრატმა მას, თავისსავე აღმზრდელსა და პირველ კეთილისმყოფელსა მადლობისა მაგიერ...
   – დავით! – მეფე გიორგის მრისხანებისაგან თავში ლამის სისხლი ჩაექცა.
   – ხოლო ბაგრატმა, მამამან შენმან, მეფეო, და პაპამან ჩემმან, დიდსა ლიპარიტსა, თავისსა აღმზრდელსა, მადლობისა მაგიერ...
   – არ გაბედო! – მეფე გიორგის სახე გადაულურჯდა.
   – ის ცოდვა, რის გამოც პირზე ხელს მაფარებ, მამავ ბატონო, დაედო კიდეც სათავედ ბაღვაშთა მტრობის უწყვეტ მდინარებას ჩვენთა, ბაგრატოვანთა, მომართ. – ადგილიდან წამოიწია ჭაბუკი უფლისწული, ახმახი და მხრებში ფართედ გაშლილი. – მე, მე დავწყვეტ მტრობის ამ მდინარებას, მამავ ბატონო, რამეთუ არ მივცემ ნებას ჩემს თავსა ვიყო ლაჩარი, დათრგუნული შიშით საგვარეულო წინაპართ ცოდვათა აღიარების წინაშე! მე, უფლისწული დავით, ერთადერთი მემკვიდრე სამეფო ტახტისა, ვიღებ ჩემს მწირ თავზე ყველა ცოდვას, დიდსა თუ მცირეს, ჩადენილს ბაგრატოვანთა მიერ წინაშე თქვენდა, ლიპარიტ ერისთავო, და ვითხოვ შენდობას! – და ვაჟკაცური შემართებით შეპყრობილმა კლდეკარის ერისთავთ ერისთავს წინ ცალი მუხლი დაუცა.
   რაღა უნდა ეთქვა მეფე გიორგის, თავისივე ნაშიერისაგანვე პირზე ასერიგად ხელაფარებულსა და ხმაჩაწყვეტილსა?! სახე ამრეზით მიიდრიკა განზე და გაბრაზებული და უკმაყოფილო მძიმედ აქშინდა.
   სასოებით შეჰყურებდა დარბაზის ერი ჭაბუკ უფლისწულს, ატყორცნილს იმის თვალში გულმოწყალების საოცარ სიმაღლეებზე.
   ბურთი ყელში ამოსჩროდა მოვლენათა მოულოდნელი შემოტრიალებით გაოგნებულ ლიპარიტ ერისთავს და, გულიდან საგვარეულო და თაობიდან თაობაზე გარდამავალი მტრობის მძიმე ლოდმოცლილს, აწყლიანებული თვალები გაოცებით მიეშტერებინა თავის წინ ცალ მუხლზე დაცემული უფლისწულისათვის.
   – ო, ვინ რა იცის, რა ბრძენი და ადამიანის სულის რა ღრმად შემმეცნებელი ხარ, შენ, ჭაბუკო უფლისწულო! – აღმოხდა იმას უნებლიედ, მერე ხელები აღაპყრო სამეფო დარბაზის ანგელოზებით მოხატული ჭერისკენ და იქიდან ღმერთს აჰღაღადა:
   – გმადლობ, უფალო, რამეთუ გამითენე შენ მე დღე ბედნიერი განკურნებად შეურაცხყოფის ჭიით დაღრღნილი და დანაშაულის არმონანიებით დაწყლულებულის გულისა ჩემისა! – სასოებით მიაპყრო გაურკვევლობაში ჩავარდნილ მეფე გიორგის ვედრებაჩამდგარი ჭროღა თვალები და:
   – მეფეო! – მიმართა იმას თხოვნითა და მუდარით გაჯირჯვებული ხმით.
   – რაო, ერისთავო? – გადმოუღრინა იმას ტახტიდან გოროზად წარბებშეკრულმა მეფე გიორგიმ.
   – მამავ ბატონო! – წამოიწია იატაკიდან მისი გაურკვეველი მდგომარეობის შემხედვარე უფლისწულიც.
   – რაო, უფლისწულო?
   – მეფეო! – მოხუცი ჭყონდიდელიც ადგილიდან წამოიწია.
   – რაო, მეუფეო გიორგი?!
   – მეფეო! – ახლა მთელი დარბაზის ერი წამოიშალა.
   მცირე ხნით დრო გაიტვრინა. იდგნენ ყველანი და მეფე გიორგის შეჰყურებდნენ იმისგან საპასუხო სათქმელის მოლოდინში.
   კარგა ხანს იწვალა მეფე გიორგიმ, მერე, ცნობილმა თავისი მერყევი ხასიათით, სხვა რომ ვეღარაფერი მოახერხა:
   – მითხოვია შენდობა! – ძლივთ წაიდუდღუნა ცხვირში; ეძნელა, მაგრამ მაინც შესძლო ამპარტავნებისა თვისის დაძლევა.
   ელდანაკრავივით დაბნეული და შეუგნებელი ბედნიერებისაგან ცას ნაწევი კლდეკარის ერისთავთ ერისთავი სიხარულით აღარ იყო.
   – დარბაისელნო! – მიმართა იმან, მდგომარეობით გულაჩუყებულმა, შინაგნობიდან ამოჩეხილი გულისტკივილით დარბაზის ერს, სამეფო დარბაზის გამავსებელს. – არა და არ ექნება მანამდე ენას სათქმელი სხვა, ვიდრე წყევლა და კრულვა, ხელს – საკეთებელი სხვა, ვიდრე საქმენი ბოროტნი და ღვარძლიანნი, ხოლო გულს – წყურვილი სხვა, ვიდრე სრული გაცამტვერება და აღგვა პირისაგან მიწისა მტერისა, სანამ აცრემლებული დანაშაული, დიაღაც, რომ ქედმოდრეკით არ მიეახლება შელახულ თავმოყვარეობას და მუხლდაჩოქილი წრფელი მონანიებით ბოლომდე არ გაუქარწყლებს იმას ტკივილს.
   – ლიპარიტ ერისთავო, – უთხრა იმას უფლისწულმა დავითმა. – გარდავუხადოთ ჩვენ, შვილიშვილთ, ერთობლივი პარაკლისი ჩვენს ცოდვა–მადლით აღსავსე პაპათ – დიდსა ბაგრატსაცა და დიდსა ლიპარიტსაც, რათა შეუნდოს ღმერთმა იმათ, თავიანთ სიცოცხლეში თუ ხორციელობით უკეთურობა რამე გამოსვლიათ ხელიდან, და ამით გავამყაროთ ჩვენ, ცოცხალ ნათესავთ, ურთიერთძმობა და ურთიერთმეგობრობა.
   კლდეკარის ერისთავთ ერისთავი მოკრძალებით მიეახლა ჭაბუკ დავითს და გულაჩუყებული სასოებით გადაეხვია:
   – გმადლობ, უფლისწულო, რამეთუ შენ განმათავისუფლე მე საგვარეულო დაწყევის სიმძიმისაგან და მიეცი გულსა ჩემსა გზა, მიმდინარე სიყვარულისკენ.
   – დაე, იმსხმოიაროს ამიერითგან ხვავრიელად ვენახმა ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსიყვარულისა ბაგრატოვანთა და ბაღვაშთა შორის! – უპასუხა უფლისწულმა დავითმა.
   – ნუთუ ამ დღესაც მომასწარ, ღმერთო! – არა და არა სჯეროდა სინამდვილისა ცისაკენ ხელებამართულ კლდეკარის ერისთავთ ერისთავს. ხელაღებით მიეახლა იგი მეფე გიორგის. – მიმსახურე, მეფეო, მიმსახურე სიკვდილამდე, მიმსახურე მანამდე, სანამ ჩემი განაგისი მიწაზე დაიარება! – და იმის წინ მუხლზე დაეშვა.
   მეფე გიორგი, აქამდე უდრეკი და მოუთვინიერებელი ერისთავის ამგვარი ქედმოხრილობით ნაამები, კმაყოფილებით დაჰყურებდა მის ფერხთა წინაშე დამხობილ თრიალეთელ ვაჟკაცს.

    უფლისწული დავითის მეფედ ხელდასხმის ადგილისა და დროის დანიშვნა
  დარბაზში დედოფალი ელენე თავისი ფეხმძიმე რძლით, დავითის მეუღლითურთ, შემოუერთდა საერთო შეყრილობას. შემობრძანდა ამაყი და დიდებული, თავის ოდნავი დაკვრით მიესალმა მის შემოსვლაზე ფეხზე წამომდგარ დარბაზის ერს და დიდის თავმომწონებით დაიკავა თავისი სადედოფლო ადგილი მეფე გიორგის გვერდით. უფლისწულის მეუღლე, ანა, სომეხთა მეფის ქალიშვილი, მცირედ დამფრთხალი, მაგრამ ცქვიტი ყურადღებით აქეთ–იქით მომზირალი, თავის გვერდით მისთვის საგანგებოდ განკუთვნილ ალაგას დააბრძანა.
   დარბაზის ერის ყურადღება მიიქცია გიორგი ჭყონდიდნლის ხმამ, რომელმაც იქაური შეკრებილობა თავიდათავი მიზნის მიხედულებით დააკვალიანა.
   – იქნება სჯობდა ბოლოსდაბოლოს შევდგომოდით სჯა–ბაასსა, მეფევ ბატონო, თუ სად, როდის და როგორ გაიმართოს უფლისწულის მეფედ კურთხევა?
   – ალბათ, ქუთათისში, მეუფეო გიორგი, ბაგრატის ტაძარში.
   – რატომ, ბაგრატის ტაძარში, მეფევ ბატონო? – დედოფალმა მოშვილდული წარბების აძგეფვით შეხედა მეუღლეს თვისას. – რამდენადაც მე ვიცი, შენ რუისში დაგადგეს სამეფო გვირგვინი.
   – მაშინ სხვა დრო იყო, დედოფალო. თურქ–სელჯუკთაგან ქართლი აგრე ხელაღებით შერყვნილი არა ყოფილა. ახლა იქიდან ხალხიც პირაღებით არის გახვეტილი.
   – ჯერ ერთი, რუისი ისევ ისე დგას თავის ალაგას, როგორც იდგა, – დედოფალი არა სცხრებოდა. – მეორეც, რუისი ზუსტად საქართველოს შუაგულშია, მეფევ ბატონო, და იქ ხელდასხმაც მეფისაგან საქართველოს სრულ მეუფებას მიანიშნებს როგორც შინაურთ, ისე გარეშეთ.
   – ხომ ხედავ, დედოფალო, რომ ქართლის ერისთავმა არც კი ინება აქ მობრძანება! – გიორგი მეფეს, ქართლის ერისთავთ ერისთავის ხსენებაზე თვალებში ფარული შეშფოთება გამოეხატა. – ამის მერე ქართლში ხელდასხმაზე როგორღა უნდა ამოიღოს პატიოსანმა კაცმა ხმა?! თავმოყვარების ესე დაკარგვა სად გაგონილა? მეორეც, – ვინ აღარ იცის, როგორ არის ის...– ენა დაება – როგორ არის ის თავს წასული. – მერე სულსწრაფის პირდაპირობით დაამატა, – ხომ გასაგებია, რომ ძაგანს თავისი თავი ქართლში მეფედაც მიაჩნია და იმპერატორადაც...
   – ოჰ, გიორგი, გიორგი... – დედოფალი ელენე ყოველთვის მტკივნეულად განიცდიდა მეუღლის თავის სამეფოში მოქმედების შეზღუდულობას. – დავითი ხომ რუისშია გაზრდილი, იქა, მამაცაშვილებში ჰყავს იმას დედობილ–მამობილი, ის ადგილია მისთვის თავისი და მშობლიური.
   – მე რა, განა მაგდენი არ მესმის, ჩემო კეთილო, მაგრამ... მოკლედ აქ, ქუთათისში, ბაგრატის ტაძარში... აქ ტაძარიც განიერია და სამეფო დარბაზიც იმხელაა, შიგ ცხენი თავისუფლად გაჭენდება.
   – მე მხოლოდ რუისზე ვარ თანახმა! – ერთბაშად ისეთი სიმკვეთრით განაცხადა დავითმა, რომ შეპასუხებას აზრი მთლად დაეკარგა.
   – ეგ რაღა ახირებაა, შვილო! – კვლავ დაუმჟავდა გამომეტყველება მეფე გიორგის. – რატომ, მაინცადამაინც, რუისი?! რატომ, მაინცდამაინც, რუისი?!
   – მე ძაგან ერისთავთ ერისთავს დამალობანას თამაშს ვერ დავუწყებ, მამავ ბატონო, და იმიტომ! – მუხლებზე ხელებდაყრდნობილმა წარბებქვეშიდან არწივივით გახედა ჯერ მეფეს, შემდეგ დედოფალს. – პირდაპირ ვიტყვი – თუ იმისი არც შნო მექნება და არც უფლება, მივცე ნება თავს, ჩემი სამეფოს მიწაზე მეფედ სადაც მინდა იქ ვეკურთხო, მაშინ საქართველოს მეფის გვირგვინი ჩემზე მართლაც რომ არამი ყოფილა და სანამ დროა ქვეყნის საპატრონოდ სხვა ვინმე მონახეთ.
   – თურქ–სელჯუკნი, შვილო? – დედოფალმა ელენემ, მოხიბლულმა უფლისწულის ვაჟკაცური შემართებით, თან იმის მამაკაცურ ფხას მოუსინჯა საფუძვლიანობა. – ეგენი, შვილო, ძაგან ერისთავი არ გეგონოს; მაგათი ძალა უსაზღვრო და ულევია.
   – თურქ–სელჯუკთ, დედავ ბატონო, ნება იბოძონ და იმ ხარკით დაკმაყოფლიდნენ, რომელსაც ყოველ წელს იღებენ ჩვენგან. – და წამოდგა. – მოკლედ, რუისი მეთქი. მე სხვა ადგილზე ყაბულს არა ვარ!
   – შენ, შვილოსა, ეგ სიჯიუტე შორს ვერ წაგიყვანს. – ისევ წამოპარპარდა მეფე გიორგი. – აი, ნახავ, სადმე ცხვირი თუ არ წაგამტვრევინოს!
   კვლავ დაეჯახნენ ერთმანეთს წართმეული პოზიციების მიმართ მეფე გიორგის შეგუებულობა და სამეფო კარის დამდაბლებასთან უფლისწული დავითის შეურიგებლობა.
   მამის განრისხების პასუხად უფლისწულ დავითს არც სახის გამომეტყველებისად და არც ტანის მოქმედებისად ძვრა არ უქნია, – იჯდა და კუნძივით პირშეკრული ჯიუტად მდუმარებდა. მისი მეუღლე, ანა, პატარა ტანისა და შავგვრემანი, ნაკვერჩხლებივით აგიზგიზებულ თვალთ, დავითის მიმართ უზომო სიყვარულისა და წრფელი თანადგომის გამომხატველთ, შეშინებული ხან მამამთილს შეანათებდა, ხან თავის კლდესავით უტეხ ქმარსა და შეშფოთებული ადგილზე ცმუკავდა.
   დედოფალმა ელენემ, მამა–შვილის რთულ ურთიერთობათა მარადმა მომრიგებელმა, ისევ ბრძენ ჭყონდიდელს მიაპყრო იმედიანი მზერა.
   – იქნებ ნება იბოძო და შენი აზრი მოგვახსენო, მეუფეო გიორგი?
   – ღმერთიმც გიშველის, მეუფეო გიორგი, – მეფე გიორგიც იმედიანად შეტოკდა ტახტზე. – ერთი შენებური სიბრძნით დამირიგე ყმაწვილი უფლისწული, თორემ, ხომ ხედავ, უასაკობით გონებაარეულს რაები... რაები... – ფრიად აღელვებულმა სათქმელი ვეღარ დაამთავრა.
   გიორგი ჭყონდიდელმა პატივისცემის ნიშნად თავი დაუკრა მეფე გიორგის.
   – კაცი, დედისაგან შობილი, მეფეო, ან ლომად იბადება ამ ქვეყანაზე, მძლეთამძლედა და შეუქცეველ მბრძანებელად, ან მელიად – ეშმაკობით თავის გამტანად, ან ტურად, ხან ლომს რომ ულოკავს უკანალსა და ხან ვეფხვსა. ვერც ლომს გაუწყრება ვინმე, რატომ ხარ ლომად დაბადებულიო, ვერც მელასა და ვერც ტურას. ღმერთმა ამნაირად ინება იმათი დაბადება და იმიტომ. – მერე შინაგნობიდან უნებლიედ ამოჟღენთილი ღიმილი თავის გამეჩხერებულ წვერ–ულვაშში გაეპარა. – უფლისწული ლომად არს დაბადებული, მეფევ ბატონო, და რასაც და როგორც ამბობს, ეს არის მაგისი ლომური ბრდღვინვა და მეფური ბუნება! ასე ინება უფალმა, ასეა დღეს და ასე იქნება შემდეგშიც! – მერე ისე მოკლედ მოსჭრა, თითქოს ამდენი ხანი თავად არ დახარჯულიყო ლაპარაკისად. – ისე, როგორც ჭაბუკ უფლისწულსა ნებავს – რუისში!
   შეეკითხნენ დარბაზის ერსაც, ყველამ იმას უყო დასტური.
   მეფე გიორგისაც რაღა დარჩენოდა, დედოფალს თავის უკმაყოფილო კანტურით გადახედა და:
   – რუისში იყოს და რუისში იყოს, რა ვუყო ახლა!
   უფლისწულის მეუღლეს, – საქართველოს სამეფოს ყმაწვილ სადედოფლეს, სახეზე ნათელი გადაეფინა და, როგორც იქნა, შვებით ამოისუნთქა.
   შეთანხმდნენ, ჩააღრმავეს სჯა–ბაასი და ერთხმად დაადგინეს:
   რუისის საკათედრო ტაძარში კათალიკოზ გაბრიელ საფარელის მიერ უფლისწული დავითის მეფედ კურთხევის შემდგომ პროცესია ახლად ხელდასხმული მეფითურთ გაემართებოდა მტკვრის სანაპიროზე მდებარე რუისის სამეფო რეზიდენციისაკენ, სადაც გაიმართებოდა მეფე გიორგისგან უფლისწულისათვის თავზე სამეფო გვირგვინის დადგმა, სამეფო მახვილისა და ხმლის შებმა და სამეფო კვერთხის ხელიდან ხელში გადაცემა. შემდგომ ამისა, ყველანი – როგორც მეფედ კურთხევის მონაწილენი, ისე მოწვეული სტუმარნი, მიუსხდებოდნენ სამეფო რეზდენციის ეზოში გაშლილ სუფრასა და დაიწყებოდა პურობა, რომელიც, წესისამებრ, სამი დღე და სამი ღამე უნდა გაგრძელებულიყო.
   – მართალია, ძაგან ერისთავთ ერისთავმა დღეს არა ქმნა კეთილი საქმე, რამეთუ იგიც ძმაა ჩვენი, ხოლო ძმისაგან, სწორედაც, რომ, არ ეგების მხარის მოტეხვა. – ბრძანა გიორგი ჭყონდიდელმა, მერე ლიპარიტს მიუბრუნდა. – ლიპარიტ ერისთავო, ქართლის ერისთავ ერისთავიც შენი მეზობელია, და მხარესაც შენზე უკეთ აქ არავინ იცნობს. ამიტომ თავად შენ იტვირთე უფლისწულის მეფედ კურთხევის ღონისძიებათა განგება და რუისსა შიგან მოწყობა, და აღასრულე იგი.
   – თქვენ დარდი ნურაფრისა გექნებათ, დარბაისელნო, – ლიპარიტ ერისთავი ფრიად ნასიამოვნები იყო სამეფო კარისაგან ამგვარი ნდობის გამოცხადებით. – უფლისწული დავითის მეფედ კურთხევა ისეთი ბრწყინვალებით ჩატარდეს, დიდ კეისარსაც რომ შურისაგან თვალი დაეშრიტოს!
   – არა და არ ეგების, ლიპარიტ ბატონო, არა და არ ეგების მეთქი! – დავითმა უარის ნიშნად ხელი მბრძანებლურად ზე აღმართა. – სანამ ქართველი ხალხი ბედკრულობს, საკუთარი სახლიდან კლდე–ღრეშია გაგდებული და ლუკმა–პური ენატრება, წრესგადასული ბრწყინვალება კურთხევისა ჩემისა მეფედ დიაღაც რომ მათთვის შეურაცხმყოფელია.
   – უფლისწული მართალსა ბრძანებს, – მხარი დაუჭირა თავის აღზრდილს გიორგი ჭყონდიდნლმა. – არაფერი მეტი, არაფერი ნაკლები; მხოლოდ ის, რაც აუცილებელია. – მერე დაამატა. – მეტი და მეტი მხოლოდ მოწყალება გაეცით, რაც შეიძლება მეტი და მეტი!
   მეფედ კურთხევის დღედ აღდგომის შემდგომი კვირა დათქვეს.



   უფლისწული დავითისა და მისი მეუღლე ანას საუბარი
   სადედოფლე ანა, ფეხმძიმობით დამძიმებული, სანახევროდ მიწოლილიყო მუთაქებითა და ყურთბალიშებით უხვად მოფენილ საწოლზე და თავის ნაღველში უთქმელად იფერფლებოდა, უფლისწული დავითი საძილე პალატებში ქარიშხალივით რომ შემოიჭრა.
   – ოო, რა სახელმწიფო საქმენი მელის წინ, ანა, რომ იცოდე, რა სახელმწიფო საქმენი! აშენდება ქვეყანა, ისევითარად დიდი და უძლეველი, რომ მტერს თვალები უბრმავდებოდეს! – შეიხსნა მახვილი, შემოიძრო ზედა სამოსი და ცოლს გვერდით მიუჯდა. – ჩვენი ვაჟბატონი რაღასა იქმს? – უკვე მკლავებში მოქცეულ ფეხმძიმე ცოლს გაბერილ მუცელზე ხელი ფაქიზად მოუცაცუნა. – რამდენად კმაყოფილია, ერთ თვეში რომ უკვე მეფის წულად მოევლინება ამ ქვეყანას?
   პასუხად ანამ საწყლად აჰხედა სახელმწიფო საქმეებით ერთიანად ატაცებულ უფლისწულს და საწყლადვე ამოიკნავლა:
   – რა უშავს... კარგად...
   – ო, რა ბრძენია მეუფე გიორგი, ანა, რომ იცოდე! ერთ სიტყვას იტყვის, სხვისას მთელი დღის ნალაპარაკებს გადაიწონის. მოზომილია მოგვივით და მოქმედების არსსაც წინდაწინ ნათელმხილველივითა სწვდება, – უნდა აიღოს ეს შანდალი და გვერდით გადადგას? – აიღებს და გადადგამს. უნდა იმგვარი შედეგით დაამთავროს თათბირი, როგორც თავად ნებავს? – აიღებს და დაამთავრებს. უნდა აღაშენოს ქვეყანა ისეთი, როგორიც მას სურს? – აღიღებს და აღაშენებს. მართლა, ნამდვილად აღაშენებს, ერთი წამით ეჭვიც არ მეპარება! არ მინახავს მე კაცი, ასევითარი თავდადებითა და უანგარობით შეყვარებული თავის სამშობლოსა და ერსა ზედა! ბევრისთვის უანგარობა მისი – აუტანელი, ხოლო თავდადება სამშობლოსადმი – გაუსაძლისი რამ რომ არის, – უჭირთ თავად ნებასუსტთ, მაგრამ ჩემთვის მასთან ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მადლი და ნეტარებაა. – ჯერ კიდევ სიყმაწვილე სჭარბობდა უფლისწულში და ერთიანად აღტაცებული გაჩუმებას არ აპირებდა. – თავად კრინტს არ დასძრავს, – მე ისე მალაპარაკებს. გგონია მე შევარიგე ბაგრატოვანთა და ბაღვაშთა ოჯახნი? შენც სცდები ძალიან, თუ ასე ფიქრობ. როცა მეუფე გიორგი იქ არის, მე სხვანაირად მოქცევა, უბრალოდ, არ ძალმიძს, თუმცა, რას ვამბობ, – როცა იქ არ არის, მაშინაც. მისი სული და აჩრდილი ჩემს არსებას, როგორც მსაჯული, მუდამ თან დაჰყვება.
   სადედოფლე ანას, თავისი გასაჭირის რკალში მოქცეულს, წამწამებში ძვირი და ჩუმი ცრემლი გამოეჟონა.
   ერთიანად ატაცებულმა უფლისწულმა დავითმა, ბოლოსდაბოლოს, როგორც იქნა შეამჩნია მესასთუმალის ნირწახდენილი მდგომარეობა.
   – რა გატირებს, ჩემო სიცოცხლევ? – შეწუხდა ფრიად. – შეუძლოდ ხომ არა ხარ? მუცელი ხომ არ აგტკიებია? ახლავე სასახლის მკურნალს დავუძახებ.
  მესასთუმალემ ამოჰხედა თავისი მარად ციმციმა თვალებით, დაბუნდებულით ცრემლით, და სრულიად მოულოდნელი და გაუგებარი რამ განუცხადა:
   – მე სწორედ მეუფე გიორგის რკინის ნებისა, დაუოკებელი ლტოლვისა და სამშობლოს მიმართ უსაზღვრო სიყვარულისა მეშინია, დავით!
   – რას ამბობ, ანა?! – უფლისწულ დავითს გაოცებისაგან ლამის ყბა მოერღვა.
   – მე შენი ანთებულობისაც მეშინია, დავით. შენ ძალიან ძლიერი ხარ, არანაკლებ ძლიერი, თუ მეტად არა, ვიდრე თავად მეუფე გიორგი! შენა ხარ ღვთისგან ხელდებული და შენ მოახდენ სასწაულს, შენს ნებას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. შენ შეუპყრიხარ აზრს საქართველოს აღმშენებლობისას და ნამდვილად აღაშენებ შენ მას, დიადსა და ძლიერს. მე ამას ვხვდები!.. მე ამას ვგრძნობ!.. მე ამას ვხედავ!.. – ამბობდა ამას უფლისწული დავითის მესასთუმალე მშვიდი, მთრთოლვარე ხმით და თან შავგვრემან ლოყებზე ცრემლები ღვიარებად ჩამოსდიოდა.
   – მე შენი სათქმელისა ვერც თავი გამიგია და ვერც ბოლო! – ახლა სხვანაირად შეიცვალა ფერი დავითმა. – რისი თქმა გინდა, რას ამბობ და რასა გულისხმობ?!
   – რვა თვის წინ ჩემი თავი ცოლად იმიტომ დაგისვეს შენ, საქართველოს ტახტის მემკვიდრეს, ერთ ბედში ჩავარდნილ ორ საწყალ ქვეყანას – სომხეთსა და საქართველოს როგორმე ერთმანეთისთვის მხარი რომ შეეშველებინათ და ასე ღონღიალ–ღონღიალით თურქ–სელჯუკთაგან დაჩაგრულთ რამენაირად თავი გაეტანათ. ეს იყო გიორგი მეფის, მამისა შენის, თვალსაწიერი და მისი ძალა ამაზე შორს ვერც წავიდოდა. მაგრამ ახლა ერთის დაკვრით იცვალა ფერი ყველაფერმა. თქვენს მიერ ფრთების შემოქნევა სხვანაირი ღონიერებით არის დაბეჭდილი! სომხეთთან კავშირი საქართველოსთვის ძალიან რომ დავიწროვდეს და ქვეყნის ხვალინდელ ძლიერებასაც სხვა ზავი რომ დასჭირდეს, უფრო დიდი და უფრო მნიშვნელოვანი, მაშინ მე, ბედის დაცინვით სულ რაღაც რვა თვის წინ საწყალ საქართველოში სიხარულით მოყვანილ რძალს, ჩემის შვილით რა ბედი მელის?!
   უფლისწულ დავითს ენა დაება თავისი მეუღლის მიერ დასმული ამ მოულოდნელი, არც თუ შინაგან სიმწყობრეს მოკლებული შეკითხვის პასუხად.
   – მე უკვე მყავს ოჯახი!.. მეუღლე ჯვარდაწერილი... რა მნიშვნელობა აქვს?!.. მე ველოდები შვილსა... აგრეთვე... ამავე დროს...
   – მეუფე გიორგისთვის მხოლოდ სამშობლო არსებობს და მისი სიყვარული საქართველოს მიმართ საშინლად მკაცრია, დავით, საშინლად მკაცრი და დაუნდობელი!    – თავისას მოსთქვამდა მისი მესასთუმალე ანა.
   – ანა, პიროვნულ ბედს საქართველო აღშენებას როგორ უპირისპირებ, არა გრცხვენია?! – შეეცადა შეერცხვინა ჩუმად აქვითინებული ქალი. – ფეხმძიმობით მოლანდებები ხომ არ დაგწყებია?!
   აშკარად ჩანდა, არც მთლად უამისობა იყო, მაგრამ ანას, ხელაღებით აყოლილს თავის გულის ხმას, ხელებში ჩაერგო სახე და ჩუმი მოთქმით მოსთქვამდა:
   – მე, მწირი ქვეყნის შვილი... წესიერად მიხედ–მოხედვა ვერც კი მოვასწარი!.. მერე მე ვიღას დავჭირდები!.. წინდაწინ მაინც გამაფრთხილე!..
   – კარგი! კარგი, ადამიანო! სისულელეების როშვას თავი გაანებე! – ცოტა არ იყოს, გაბრაზდა უფლისწული დავითი. – პირდაპირ, გასაოცარია, – საიდან მოგდის ეგეთი აზრები თავში! ვის დამართნია ასეთი უკეთურობა, ჩვენ რომ დაგვემართოს?!
   – მაგრამ ხომ არც ერთ სხვა ქვეყანას არა სდგომია სინდის–ნამუსის ბურჯად თავისი ქვეყნის აღშენებისათვის ისე უშეღავათოდ მომუშაკე კაცი, როგორიც მეუფე გიორგია, ხოლო პატრონად ისეთი მეფე, თავისი დედა–სამშობლოს წინაშე მომსახურებით ასერიგად გახელებული და მის სამსხვერპლოზე ღვთისაგან წინდაწინვე მსხვერპლად შეწირული რომ ყოფილიყოს, როგორიც შენა ხარ, დავით!
   ცოლის გულიდან ამოსულ მოთქმას მიყურადებულ დავითს თვალთა გამომეტყველება ნელა–ნელა ავად აემღვრა.
   – ქალბატონო, შენ ღვთიურ სამსჯავროში ხელების ფათურს თავი დაანებე! – წამოუძახა იმან შეურიგებლად. – არა მეუფე გიორგი, არა მე, ხვალინდელი მეფე საქართველოსი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ უფალი არს გარდამწყვეტელი კაცთა ბედისა. რა იქნება თითოეული ჩვენთაგანის თავსა, – მე რად მეკითხები, – ეგ ერთმა ღმერთმა იცის!
    – მე ჩემი ოჯახის მთლიანობას არავის დავაჩაგვრინებ! – ჯიუტად გამოსცრა კბილებსა და კბილებს შუა ცრემლგამშრალმა ანამ, თავისი ოჯახის ცხარე კრუხად დაბადებულმა.
   – ხმა! ხმა! ბოხი ხმით ლაპარაკი დიაცთ კაცებს დაგვანებეთ! – გაუჯავრდა უფლისწული ცოლსა, მერე სიტყვა–სიტყვით ამოუმარცვლა იმას ძახილი თავისი სულისა. – და კარგად დაიმახსოვრე, – თუ დასჭირდება საქართველოს ღირსებასა და აღმასვლას, პირადად მე, დავით, ძე გიორგისა და შთამომავალი ბაგრატოვანთა, თვალის დაუხამხამებლად ვანაცვალებ ყველას და ყველაფერს, რაც კი გამაჩნია, რამეთუ ვარ დაბადებული მე საქართველოს მეფედ და არა მაქვს მე სხვა არცა გზა და არცა უფლება. შენა ხარ მესასთუმალე ჩემი და ამგვარი ბედი გარგუნა შენ ღმერთმა. მიიღე შენ იგი ისეთი, როგორიც არის და ილოცე უკეთესისთვის, გასაგებია?! – რომ ნახა, მისმა ნათქვამმა, განსაზღვრულმა მეუღლის დამშვიდებისთვის, მიზანს მიაღწია, – თავის მესასთუმალეს მზერა ნელა–ნელა ნდობით, მოკრძალებითა და პატივისცემით აღევსო – უფლისწულ დავითს ბრაზმა ხელდახელ გადაუარა და ცოლი თავის რკინის მკლავებში ისეთი სინაზით მოიქცია, როგორც ეს იმის ფეხმძიმობას შეესაბამებოდა. – მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ არ მიყვარხარ მე შენ ან თავს არ მირჩევნიხარ, ჩემო ჩუმო და სიტყვაძუნწო მესასთუმალევ?! შე ბეჩავო, შენა, – დაუმატა კეთილი სიცილით, თან ღონიერი თითით ერთიბეწო ცხვირი მოუსრისა. – ერთხელ გამიბედე ორიოდ სიტყვის აღმოთქმა და მაშინაც მიზანს ააცილე, იმასაც კი ვერ დაუფიქრდი, – მუცლით უკვე საქართველოს მომავალ მეფეს რომ დაატარებ!

    ლიპარიტ და ძაგან ერისთავთ ერისთავთა შეხლა–შემოხლა
   – კარგი, მე ჯანდაბას, კახეთის მეფესა და განძის ათაბაგს რაღას ეუბნები, შე მოღალატევ! განა თავად არ დარბოდი ენაგადმოგდებული ხან ერთთან, ხან მეორესთან    – საქართველოს ოთხთა კავშირი გადაარჩენსო?! თუ გავერთიანდებით, ბაგრატიონთ ხერხემალში ერთის დარტყმით გადავამტვრევთო... – კლდეკარის ერისთავთ ერისთავის ღალატით გამწარებული ძაგან ერისთავთ ერისთავი ზღვარდაუდებლად ბობოქრობდა. – ჰმ, საქართველოს გამაერთიანებელი!
   – გადამმტვრეველი გადასამტვრევს აქამდე ბარემ ათასჯერაც გადაამტვრევდა. – არც ერისთავთ ერისთავი ლიპარიტ, მისული ძაგან ერისთავთ ერისთავის სამფლობელში მეფის კარის მიერ დაკისრებული დავალების აღსასრულებლად, რჩებოდა იმას ვალში. – ხომ ხედავ, ძაგან ერისთავო, რომ ვერ ვივარგეთ და დროცა და მდგომარეობაც თვალსა და ხელს შუა წაგვიფრთხვა. – მერე მცირე დუმილის შემდეგ განაგრძო. – შენ უფლისწულ დავითს არ იცნობ, თორემ მე კი არ ჩამჩურთავდი პირში ბურთსა, არამედ თავადაც გვერდში დაგვიდგებოდი და საქართველოს თურქ–სელჯუკთაგან...
ამის გაგონებაზე ერისთავთ ერისთავ ძაგანს აშკარა მძულვარებით აღენთო სახე:
   – უხ, შე ლაჩარო! შე ორპირო შენა!
   სახეატკრეცილი კლდეკარის ერისთავთ ერისთავი ადგილიდან მუქარით წამოვარდა:
   – შენ მე ლაჩრობასა და მოღალატეობას ნუ დამწამებ, ძაგან ერისთავო, თორემ!.. – სარტყელზე შებმულ მახვილს ქარქაშიდან ტარი მესამედზე ამოუწია. – მე ჩემს ცხოვრებაში ლაჩრობითა და ორპირობით ნაბიჯი რა არის, ის არ გადამიდგია.
   – მაშ, არ გადაირევი, კაცო?! – ძაგან ერისთავთ ერისთავი მძულვარებისაგან ლამის შუაზე გამსკდარიყო. – იმ ძუძუმწოვარა ყმაწვილის ტიკტიკმა ასე როგორ გაგაბრუა ეს ჭაღარაშერეული კაცი?!
   – მაგისთანა ძუძუმწოვარა ყმაწვილს ისეთების, მე და შენ რომ ვართ, შეღავათები ნამდვილად არა სჭირდება. გაიგე, ადამიანო, უფლისწულ დავითში არის რაღაცა ღვთისგან ჩადებული.
   – აბა, რა! აბა, რა! მამა უცხონდა, იესო ქრისტეა ხელახლა გამოცხადებული!
   – აი, შემომხედე, დააკვირდი ჩემს შემოტრიალებასა და თავად მიხვდები იმის ძალას!
ძაგან ერისთავთ ერისთავს, ცალკე უფლისწული დავითის ქებით, ცალკე – ლიპარიტის ორპირობით უკიდურესად გაღიზიანებულს, იმისი ნათქვამისა არც ერთი სიტყვაც აღარ ჩასდიოდა ყურში. ერთბაშად მობეზრდა სიტყვათა ეს უაზრო ბურთაობა და მოკლედ მოუჭრა:
   – მორჩა! მორჩა! პირდაპირ მითხარ, რისთვის მოხვედი.
   – დარბაზის ერმა აირჩია ალაგად უფლისწული დავითის მეფედ კურთხევისა რუისი, ხოლო მე, ერისთავთ ერისთავ ლიპარიტსა, დამავალა მთელი სამზადისის წარმართვა და თვალყურის გდება.
   ძაგან ქართლის ერისთავთ ერისთავმა კიდევ ერთელ შეიკავა თავი აფეთქებისაგან. ერთხანს დაახანა და როდესაც იმ ყოვლის წამლეკავმა ნაკადმა გადაუარა, ჩამარცვლით უთხრა თავის წინ ნაგულისხმევ სივრცე–არეს:
   – რუისში უნდათ რომ აკურთხონ მეფედ უფლისწული დავითი, – რუისში აკურთხონ. – მაგრამ ბოლომდე მაინც ვერანაირად ვერ დაიჭირა თავი თავისი შინაგანი მდგომარეობის გამოხატვისაგან და კლდეკარის ერისთავთ ერისთავს კვლავ გაავებით აუსისინდა. – ოღონდ იცოდე, ლიპარიტო, ჩემი იმედი არაფერში გქონდეთ. ზოგიერთებსავით მე მაგათ პრანჭვა–გრეხვას ვერ დავუწყებ, სულ რომ ნაწილ–ნაწილ ამკუწონ!
   როდესაც კლდეკარის ერისთავთ ერისთავი წასასვლელად კარებში გადიოდა, ცოტად თუ მეტად დამშვიდებულმა ძაგან ერისთავთ ერისთავმა დანანებით უთხრა იმას:
   – მე შენ თრიალეთის ლომად უფრო მეპიტნავებოდი, ლიპარიტო, ვიდრე ბაგრატიონთა სამეფო კარის ერთგულ ბედაურად. – დანანებით ჩაიცინა. – არ დაგავიწყდეს – რაც არ უნდა ჯიშიანი იყო და, ვითომც და, პატივისცემას გამოგიხატავდნენ, დღეის ამას იქით ერთს რამეს ვეღარასოდეს გაექცევი: როცა მოეპრიანებათ, მაშინ მოგახტებიან ზურგზე და თავის ჭკვაზე, როცა მოეპრიანებათ, მაშინ გაგაჭენ–გამოგაჭენებენ.
   – ქვეყანა თურქ–სელჯუკთაგან არის დასახსნელი, ძაგან ერისთავო, რა დროს ძველებური იწილო–ბიწილოა! – ლიპარიტ ერისთავი თავის სიმართლეში იმდენად იყო დარწმუნებული, რომ ერისთავთ ერისთავი ძაგანის ლაპარაკის უმართებულობაში ერთი წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი. – მორჩა, ძაგან ერისთავო, მე ჩემდა თავად მეყო. – მერე კარის ზღურბლს გაცილებული უკან შემოუტრიალდა ქართლის ერისთავს – ნუთუ ვერა ხედავ, ლამის არის სული ამოგვხდეს ჩვენ, ქართველთ, ურთიერთმტრობისა და სიძულვილის გამო?
   ძაგან ერისთავთ ერისთავს მწარედ ჩაეცინა.
   – იცოდე, გავა დრო, ლიპარიტო და იმათგან ნაწყენი ისევ მე მომადგები კარზე.
   – მანამდე პური არა სჭამო, ძაგან ერისთავო!


   უფლისწული დავითის მეფედ ხელდასხმის სამზადისი
   რუისის ღვთაების ტაძარი, სივრცეში გეომეტრიული სიმკაცრითა და მშვენიერების ყველა კანონთა დაცვით გამოყვანილი, თავისი ვეება ტანითა და თორმეტ წახნაგა, ჭარბად მოორნამენტებული გუმბათით, რომელიც უშველებელი კელაპტარივით ცად იყო ატყორცნილი, კოხტად იდგა რუისის ხვავრიელ მიწაზე და უფლისწული დავითის მეფედ კურთხევისა გამო მთელი ღამე სწირავდა – სწევდა მეფედ ხელდასხმისთვის აუცილებელ სამსახურს.
   ის ღამე ლოცვაში გაატარეს რუისის საკათედრო ტაძარში კათალიკოზმა გაბრიელ საფარელმა, გუნდმა მღვდელთმთავართა, მღვდელთა და დიაკონთა და უფლისწულმა დავითმა.
   დაკბილული კავკასიონის ქედი უშფოთველად გაწოლილიყო რუისიდან ჩრდილოეთით მთელს თვალის მისაწვდომ სიგრძეზე, ხოლო სამხრეთით, მტკვრის ხეობის გადაღმა თრიალეთის ქედს, ქალის ნაწნავივით თავის თავში ჩაგრეხილს, ეჭირა მთელი ჰორიზონტი.
   თავად სოფლის მცხოვრებთ, რუისის ღვთაების ტაძრის მუდმივს მრევლს, მრავლად მოეყარა თავი ტაძრის გარეშემო სანახებში და დასაქმებულნი თუ ცნობისმოყვარეობის კარნახით მორეკილნი იქაურობას ჭიანჭველური სიმრავლით ამრავალფეროვანებდნენ და სიცოცხლით ავსებდნენ.
   ყაყანებდა ყველა და ერთ გადაძახილ–გადმოძახილში იყო.
  რუისის არემარეში დამდგარი კიდევ ორი – ღვთისშობელისა და წმინდა გიორგის სახელობის დიდნი ტაძარნი და მათ გარდა კიდევ ცამეტი საშუალო და მცირე ზომის ეკლესიანი გაძლიერებული ცხოველმყოფელობით მსახურებდნენ იმ დღეს, – ღმერთს მადლსა სწირავდნენ და ხშირ–ხშირად ჰკრავდნენ ძელებს, რათა კიდევ ერთხელ ემცნოთ ხალხისთვის იმდღევანდელი დღის განსაკუთრებული მნიშვნელობის – უფლისწული დავითის მეფედ კურთხევის შესახებ.
   ქვემოთ, მტკვრის ველის დავარდნილობაში სამეფო რეზიდენცია ქათქათებდა თეთრად. დიდ თურქობისა გამო გარკვეული წლების მანძილზე სამეფო კარისაგან გამოუყენებელი, ამ შემთხვევისათვის საგანგებოდ განეახლებინათ, – შეეკეთებინათ, შეელესნათ, მოეხატნათ, მოეპირკეთებინათ და უფლისწული დავითის მეფედ ხელდასხმისთვის ფრიად წარმატებით შეემზადებინათ.
სამეფო რეზიდენცია იყო ალაგი, სადაც სამეფო კარის მიერ დათქმული სქემის მიხედვით უნდა მომხდარიყო რუისის ტაძარში ლოცვებში ღამენათევი უფლისწული დავითის მეფედ კურთხევა და მამამისის – მეფე გიორგის ხელით მისთვის სამეფო გვირგვინის საზეიმო დადგმა.
   სამეფო რეზიდენციის ეზოში საუკუნოვანი კაკლების ჩრდილში სანადიმო სუფრა იშლებოდა, ცალკე მეფის ოჯახის წევრთა და მოწვეულ ერისთავთ ერისთავთა და დიდ აზნაურთათვის, ცალკე – მეფის ლაშქრისა, დანარჩენ მდარე მოხელეთა და ადგილობრივ ნაკლებ აზნაურთათვის.
   კლდეკარის ერისთავთ ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში, იქაურ სამზადისისთვის სულ–გულის ჩამდგმელი, სამეფო კართან შერიგებისა და სამეფო კარის მიერ მის მიმართ ამგვარი ნდობის გამოცხადების გამო აღტაცებული, გაათკეცებული ძალით თაოსნობდა მეფედ კურთხევის ცერემონიალისა და პურობის სამზადისს.
   თვალები ისეთი ანთებულობით უციმციმებდა, როგორც ყოველთვის ემართებოდა, როდესაც ის რაიმე ახალს რასმე საქმიანობას შეუდგებოდა ხოლმე, და თავიდან ფეხებამდე მიზანდასახულობად ქცეული ირგვილივ მყოფებზე მისთვის დამახასიათებელ განუზომელ სიტფოსა და მზრუნველობას აფრქვევდა. მის ანდამატის ძალას, უნდოდა–არ უნდოდა, ყველა განმსარჯველი, – უფლისწული დავითის ჭაბუკი მეგობარნი, თუ ქართლელი ან არაქართლელი მცირე აზნაურნი, თუ სხვანი უთქმელად აღიარებდნენ და იმგვარივე სულისკვეთებით ანთებულნი მის განკარგულებებს, უთუოდ დროულსა და გონივრულს, სიამოვნებით ემორჩილებოდნენ.
   ისიც, განმკარგველობის აზარტში შესული, უფლისწულის გვერდში დგომის წრფელი სურვილით თავადვე იყო გათამამებული, რაც იმის საქციელს უსაზღვროდ გაბედულსა და შეუპოვარს, გარემოებათა ცალსახად განმსაზღვრელსა და მიზანდასახულობით შეუქცევადს ხდიდა.
   ან ის, დიდად ამპარტავანი და პატივმოყვარე კლდეკარის ერისთავთ ერისთავი, სადაც თავად იყო, იქ სხვის განმგებლობას როგორ გააჭაჭანებდა!

   უფლისწული დავითის მეფედ კურთხევის ცერემონიალზე რუის–ურბნისის სამეფო რეზიდენციაში მოწვეულ ქართველ ერისთავ ერისთავთა და დიდ აზნაურთაგან ყველას საქციელი მეფის კარის წინაშე, ასე თუ ისე, საერთო მოკრძალებით ხასიათდებოდა, გარდა ძაგან ქართლის ერისთავთ ერისთავის ამალის წევრებისა; მათ შორის თვით ყველაზე უმდარესსა და მცირედ მნიშვნელოვან აზნაურთაც კი სახეზე უსაზღვრო დამოუკიდებელობისა და ხაზგასმული თვითნებობის ნიღაბი ჰქონდათ აკრული, და ყოველი შემდგომი მიხვრა–მოხვრით მიმანიშნებელნი ბაგრატიონთა მიმართ თავიანთი უპირატესობისა, მამლაყინწებსავით დაიფხორებოდნენ.
   ძაგან ერისთავთ ერისთავიც, პატრონი ქართლის საერისთავოსი, მაგრამ მეფედ კურთხევის მასპინძლობისა თავის თავზე არა და არ ამღები, იქა ბრძანდებოდა. შეფარულად უსაზღვროდ ამაყი და უკარება, გარეგნულად თბილი, მომხიბვლელი ღიმილით ეურთიერთობებოდა გარს ბუზსავით დახვეულ აუარება თაყვანისმცემელთ, მოჯადოებულთ მეფის კარზე მისი განსაკუთრებული და ერთმნიშვნელოვანი გავლენით. საერთო პატივში ჩავარდნილს მხოლოდ თვალები ჰქონდა ყინულივით ცივი და ვერცხლისწყალივით მოძრავი, და მათს მიღმაც ათასი აზრი, კარგად შენიღბული და გულში ჩადებულ მრავალ მიზანთა მიღწევისა განმზრახველი, უფუთფუთებდა. მუდამ თან ახლდა მას აგრეთვე ნებაც, ფოლადისებრ მტკიცე, მრავალ შიდა და გარე ურთიერთჭიდილსა და ორთაბრძოლაში გამოწრთობილი, დაუოკებელი, შეუქცევადი და არაფრისა წინაშე უკან არ დამხევი.
   – ძაგან ბატონო, – უქონავდა თავს სამეფო კარის კეთილისმოსურნე, მოვლენათა მიმდინარეობის არსში ჯერაც ვერჩამწვდარი და ახალგაზრდობით შორს ვერმჭვრეტელი, მაგრამ ჯიშ–ჯილაგით დიდბუნოვანი ბავშვობის მეგობარი უფლისწული დავითისა თორნიკე ქახოსროს ძე. – დიდი მადლია საქართველოს სამეფოსთვის დავითის გამეფება. დავითი, როგორც უაღრესი ნიჭიერებით აღსავსე... – თავისებური გულმოდგინებით ცდილობდა გაეგებინებინა თავისი შეხედულებანი მიმდინარე მოვლენების შესახებ გავლენიანი მასპინძელისათვის.
   – განძის ათაბაგისგან მომივიდა მოწვევა იმ დღეს. – ცდილობდა საუბრის თემის შეეცვლას ძაგან ერისთავთ ერისთავი. – მომავალ შაბათს შვილის ქორწილზე მეპატიჟება ქართველ მეფეთა თუ ერისთავთაგან რატომღაც მხოლოდ მე. – იქედნურად იღიმება. – ჩემის ძვირფასის თანამეცხედრითა და ჯალაბითურთ.
   – მაშ, წაბრძანდებით. – ეხმიანება ქართლის ერისთავთ ერისთავს მისი ამალის ერთ–ერთი წევრთაგანი, თავისი პატრონის გულის მოგების მაძიებელი.
   – წავალ, აბა, მაშ არ წავალ?! – განგანზე შლის თავის მოკლე, მაგრამ მძლავრ ხელებს ძაგან ერისთავთ ერისთავი. – კაცურ მომართვას პასუხის გაცემაც კაცური უნდა, ღმერთმა იმას გაუმარჯოს.
   – სამშაბათს რიგით უკვე მეორე თათბირი ჰქონდა უფლისწულ დავითს დარბაზის ერთან. მშვენივრად გაართვა თავი. ყველა მოხელე სამეფო კარისა, დიდიც და მცირეც, დიდის ყურადღებითა და პატივისცემით უგდებდა ყურს... – აგრძელებს თავისას თორნიკე, უფლისწული დავითის ბავშვობის მეგობარი.
   – გასულ კვირას კახეთის მეფე კვირიკე იყო ჩემთან სანადიროდ გადმოსული; ზედაზნის ტყეებში გავედით სანადიროთ,– ორი დათვისა და სამი ირემის ცოდვა დავიდეთ კისერზე და, გაგიხარიათ, კარგ პურ–მარილსაც გეახელით.
   თორნიკე ქაიხოსროს ძე შეუპოვრად აგრძელებს თავისას.
   – ახლა კი იმედი დიდია; ბოლოსდაბოლოს, ხომ დაჯდება ტახტზე და მოგვევლინება ქართველებს ნამდვილად ძლიერი მეფე სამეფებლად საქართველოსი?!
   – მეფედ დაჯდომა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მეფობას, ყმაწვილო! – უკმეხად გააწყვეტინა იმას ძაგან ქართლის ერისთავთ ერისთავმა, მოთმინება გადაწურულმა უფლისწული დავითის მეგობრის აკვიატებული შეუპოვრობით. – გვინახია ჩვენ სამეფო ტახტზე წამოსკუპებული არაერთი სახელოვანი მეფე საქართველოსი, უღონო და უილაჯო, სხვებთათვის ხელებში შემყურე და ვირთხასავით თვალებიდან უშნოდ გამომზირალი.

   სამეფო რეზიდენციის დარბაზში არეულ სტუმარ–მასპინძელთაგან აშკარად იკვეთებოდა გუნდი შავ ანაფორებში შემოსილ იმ საეკლესიო პირთა, რომელნიც კათალიკოზისაგან დავითის ლოცვას რუისის საკათედრო ტაძარში არ ესწრებოდნენ და თავად კათალიკოზის განჩინებით იმათ სამეფო რეზიდენციაში ელოდებოდნენ.
   მათგან ძაგან ერისთავთ ერისთავის უმრწმეს ძმას ეპისკოპოს მოდესტოს, თავისი უძლეველი დედმამიშვილის მხარდაჭერით მყარად ზურგ და საფუძველ გამაგრებულს, გამორჩეულობაში არა ჰყავდა ტოლი. ქართულ საეკლესიო ცხოვრებაზე თავისი უსაზღვრო გავლენით თვით კათოლიკოზ გაბრიელ საფარელს მძლავრობდა – ბოლო წლების განმავლობაში საეპისკოპოსო თანამდებობებზე ძირითადი დანიშნულობანი მისი განსაზღვრებითა და უშუალო ჩარევით მიმდინარეობდა. როგორც კათალიკოზის გუნდში, ისე სრულიად ქართული ეკლესიის სხვადასხვა საეპისკოპოსოებში მის მიერ არჩეულ და დანიშნულ ეპისკოპოსთა ერთმნიშვნელოვანი მხრდაჭერით ღონემოცემული მცხეთის საპატრიარქოს კარზე ისეთივე ზღვარდაუდებელი ერთპიროვნულობითა მძლავრობდა, როგორც მისი მფარველი ძმა ძაგან ქართლის ერისთავთ ერისთავი – ბოლო წლების საქართველოს სამეფო კარზე.
   ამოყრილიყო, გაზრდილიყო და კარგა ღრმად გაედგა ფესვი ეკლესიის წმინდა სხეულში ანაფორებში გამოხვეულ მხეცთა სულ და ხელ ბრუდე საძმოს მეუფე მოდესტოს მეთაურობით. და იყვნენ ისინი არცა ნამუსითა და არცა ღირსებითა და არცა წმინდა ღვთისმსახურებითა, არამედ ფლიდობით და ცბიერებით და ყაჩაღობა–ძალმომრეობით ამპარტავნად მოამაყენი და ერთმანეთისა, ათასი ცოდვით შეკრულებისა, არათუ ტყავისა არ დამგლეჯნი, არამედ ძლიერაც მომფრთხილე–მოიმედენი. ემძლავრათ ეშმაკის მომსახურეთ სიკეთესა ზედა და ექციათ – საეკლესიო ქონების – ბარძიმ–ფეშხუმთა და კიდევ მრავალ უხვ შეწირულობათა დაუფარავი მითვისიება–მიტაცება – უწყინარ ჩვევად, საეკლესიო მამულებიდან მოწეული წლის მოსავალით საერო წესზე ვაჭრობა და კერძო გამდიდრება – კანონად, ხოლო საეპისკოპოსო, სამღვდლო თუ სადიაკვანო თანამდებობაზე დანიშვნებიდან ქრთამის აღება და შემდგომ მათზე დაკისრებულ ხარკთა აკრეფა – საეკლესიო ცხოვრების ყოველდღიურ ნორმად და წესად.
   მეუფე მოდესტო იდგა სამეფო დარბაზის შუაგულში ამპარტავნად განგანზე ფეხებგადგმული და ანაფორაში გამომრგვალებულ ღიპზე ხელებმოჭდობილი უკმაყოფილოების ნიშნად ამრეზით უსმენდა თრიალეთის ეპისკოპოსის ჩივილს:
   – რა ვქნა, მეუფე მოდესტო, ამ გაჭირვებაში აზნაურსაც შემოელია სარჩო და გლეხსაცა... ოქროს აღარა ვჩივი, ხან ცხვრის ბეჭიც სახვეწარი გვიხდება... – მერე პატრონის გოროზობით შეცბუნებული სწრაფ–სწრაფად ამატებს. – ამ თვის ბოლოს, ვფიქრობ, მოგიგროვებ რამენაირად...
   – მე შენი ფიქრები ძაანაც არ მენაღვლება, იცოდე. ლოყები კი კარგადა გაქვს დაბროწილ–აღაჟღაჟებული!..
   – ვერა ვარ კარგად, მეუფეო მოდესტო, ვერა; წურბელებს ვაძღობ წარამარა.
   – მესამე თვეა ცოდვილობ. ერთსაც შემოგხედავ, და... – ლამის თვალებით დაეხრა მეუფე მოდესტოს ის უბედური, ერთიანად გათეთრებული საშინელი განაჩენის მოლოდინში. – ან ჩამოიტან ამ თვის ბოლოს სახსარსა, რაც გავალია შენს წილად ან ჩემის ხელით სამარცხვინოდ გაგკრეჭავ და მაგ ანაფორასაც ჩემის ხელით ზედ შემოგახევ! არა გრცხევენია ამხელა კაცსა?!. დამდგარხარ და თავს ვაცივით აკანტურებ!.. დაპირებაში კი მაგარი იყავი და... თუ შნო არა გქონდა, თავი რაღას დამანიშნინე!... – იმის აღშფოთებას საზღვარი არა ჰქონდა. – მაშ, ნამუსი აღარ არის?!.
შერცხვენილი თრიალეთის ეპისკოპოსი ბავშვივით თავდახრილი იდგა მრისხანე მეუფე მოდესტოს წინაშე და თავჩაღუნულს ხმის ამოღებაც ვერ გაებედა.
   – მიდი ეხლა, მოშორდი აქედან! – წუკლაკ ძაღლსავით გააგდო მეუფე მოდესტომ უბედური ეპისკოპოსი და ისიც კუდამოძუებული ხალხის სიმრავლეში გაუჩინარდა.– მუშაობა ვერ ვასწავლე ამ მშობელძაღლებს! – წაიდუდღუნა თავისთვის უკმაყოფილოდ და ისეთი გაბრაზებით მიატარ–მოატარა იქაურობას დამეხილი მზერა, თითქოს ამბობდა – ამ უფლისწულმა რაღა გააჭირა საქმე, თუ ეკურთხება მეფედ, ეკურთხოს, თუ არა და ამოდენა საქმეების გადამკიდეს ასე უქმად სადგომად სადა მცალიაო.
   ცალკე აღნიშვნის საგანია ჭაბუკი მეგობარნი უფლისწული დავითისა, წარმოშობით თურქ–სელჯუკთა მიერ შევიწროებული სამხრეთ საზღვრისპირა ალაგებიდან. ისინი, თავიანთი მამულების გაცამტვერებულობისა გამო მათი მშობლებისაგან უსაფრთხოების მიზნით სამეფო სასახლესა შინა შეხიზნულნი, მცირე ჰასაკიდანვე უფლისწულ დავითთან ერთად იზრდებოდნენ, ვით ალალი ძმანი. იყვნენ მათ შორის დედის დისშვილნი დავითისა, ღვიძლი ძმანი ნიანია და გრიგოლ კახაბერის ძენი, მემნა ჭიაბერის ძე, გუარამ აბუსერის ძე და თორნიკე ქაიხოსროს ძე; აგრეთვე კიდევ რამოდენიმე ოჯახის შვილნიც სხვანი. თანაშეზრდილობა მათი იყო სადარი თანაშეზრდილობისა ჭეშმარიტ ძმათა და მეგობართა, ამიტომ თავიანთი მეგობრის ნაადრევად მეფედ კურთხევისა გამო უფლისწული დავითის ბავშვობის მეგობართა სიხარულს სამზღვარი არა ჰქონდა და რითაც შეეძლოთ, გამოხატავდნენ კიდეც ლიპარიტ ერისთავისთვის მიხმარებისა და მხარდაჭერის მზადყოფნობას მეფედ ხელდასხმის პროცესიის მომზადებაში.
   რუისიდან მაცნე მოვიდა – საკათედრო ტაძარში კათალიკოზისგან საქართველოს მეფობისად ლოცვა–კურთხევამიღებული დავითი მღვდელთმთავრებთან, თავის ლაშქართან და ამალასთან ერთად უკვე სამეფო რეზიდენციისკენ მოეშურება და მალე აქ გაჩნდებაო.
   უარესად გაფიცხდა ლიპარიტ ერისთავთ ერისთავი. აწრიალდნენ ყველანი, ვინც კი იმას სამზადისში ეხმარებოდნენ. დაუწყეს ხალხს სამეფო დარბაზში დაწყობა წინდაწინ დალაგებული სქემის მიხედვით.
   – აქეთ მობრძანდით, ბატონებო, – მოუწოდებდა დარბაზში შეკრებილ ქვეყნის ერისთავთ ერისთავთ და დიდ აზნაურთ ჭაბუკი ნიანია კახაბერის ძე, დედიძმის შვილი უფლისწული დავითისა. – საცაა სამეფო პროცესია დარბაზში შემოვა და გზა–გამოსავლელი არის გასათავისუფლებელი.
   – ხელი, ხელი გასწი! – როგორ თუ მკლავზე ხელი შემახესო, წამოეფხორა იმას ძაგან ერისთავთ ერისთავის ამალის ერთ–ერთი წევრთაგანი. – მე რა, თვალებზე ლორწო ხომ არა მაქვს გადაკრული, თავად ვერა ვხედავ, თუ რა არი?!
სანამ ნიანია ქაიხოსროს ძე პასუხად რაიმეს მოისაზრებდა, ქართლის აზნაურთაგან მეორემ გასწია იგი მხრის ჯიქურ მიწოლით განზე.
   – გაიარე, ჭაბუკო, გაიარე და... შენი თავი ქუთათისში არ გეგონოს, გაიგე?!..
   გუარამ აბუსერის ძემ, მხოლოდშობილმა წულმა გიორგი მეფის მეჭურჭლედუხუცესისა, მემნა ჭიაბერის ძემ და მეგობართაგან კიდევ სხვებმა ნიანია კახაბერის ძე შფოთსა და აყალმაყალს სახელდახელოდ გაარიდეს.
    ყველანი აღშფოთებულნი იყვნენ მასპინძელთა საქციელის სამეფო დარბაზში იმ წუთას შექმნილ ვითარებასთან შეუსაბამობით.
   – მე უზრდელობას ამათ ვით ვაპატიებ! – ვეღარ იჭერდა თავს ასეთი მოულოდნელი შემოტევით თავიდან დაბნეული, ხოლო შემდეგ თანდათან გონს მოსული ნიანია კახაბერის ძე, იმათკენ გაწევის ზღვარზე დამდგარი წყენისაგან ერთიანად ატყარტყარებლულიყო. – გასაყრელნი არიან ეს რეგვნნი სასახლიდან!
   – დაწყნარდი, ნიანია! – აწყნარებდა იმას მემნა ჭიაბერის ძე, მეგობართა შორის სიწრფელითა და ქველობით ცნობილი, სასახლეში დავითთან ასევე ბავშვობიდანვე თანშეზრდილი. – არა ხამს, იცოდე, ახლა დავითის მეფედ კურთხევაზე ჩხუბისა და აყალ–მაყალის ატეხვა!
   – შეხედე! შეხედე! – მხარს უბამდა ძმას გრიგოლ კახაბერის ძე, თვალთვალის გამგრძელე თავს წესულ ქართლის აზნაურთა ყველა მოძრაობისა. – როგორ თავხედობენ ეს ბრიყვები!
   – კარგით, ბიჭებო. – მხარი დაუჭირა მემნა ჭიაბერის ძეს თუხარისის ერისთავთა შთამომავალმა ბეშქენ ჯაყელმა – გაუგონეთ, ერისთავი მემნა მართალს გეუბნებათ.
   – მაგ ფინიებს რას ერჩით! – ჩაერია მათ გაბაასებაში გუარამ აბუსერის ძე. – ყველაფრის თავი და თავი კი იცით ყველამ, ვინც არის.
   – ვის გულისხმობ, გუარამ?
   – რა ჩემი თქმა გინდათ?! – იმას თავისი მარად ფრთხილი ხასიათის გამო პირდაპირ თქმას სიკვდილი ერჩივნა.
   – მაინც, მაინც?
   – არაფერი, არაფერი – და იქაურობას ნაჩქარევი კუდამოძუებით გაერიდა.
   შეთქმულებივით ყველამ ძაგან ქართლის ერისთავთ ერისთავი მოძებნეს თვალებით.
ის კი იდგა გარს შემოხვეულ თაყანისმცემელთა წრეში მოკრძალებული კდემამოსილებით განმსჭვალული სახით და მათთან ვითომდა გულითადად მოსაუბრე არც ერთი წამით არ აშორებდა თავის საოცრად მახვილ მზერას, გაჟღენთილს ფარული ირონიით, როგორც თავისი თავსწასული აზნაურების ბრიყვულ საქციელს, ისე უფლისწული დავითის ყმაწვილ მეგობართა ბრაზიან წამოქოჩვრასა და მათ უშედეგო ღრინვა–ბურტყუნს. კარგად გაეგებოდა ძლევამოსილ ქართლის ერისთავთ ერისთავს, ტახტზე უფლისწული დავითის ასვლასთან ერთად ქვეყანაში დამყარებულ ახალ სინამდვილეში თავისი თავის ხელახალი თვითდამკვიდრებისათვის გარკვეულ ზომების მიღება რომ იყო საჭირო, და აკი იღებდა კიდეც. კარგად გაეგებოდა შექმნილი ვითარების მნიშვნელოვნება, შინაგანი დაძაბულობით განიცდიდა ყოველი წამის გასვლას, სულმოუთქმელად ელოდა ახალგაზრდა მეფის სამეფო რეზიდენციაში მობრძანებას – „ერთი ვნახავ, რა ბიჭიაო!“ , ღრინავდა გულში, თუმცა მანამდე იმითაც კმაყოფილი იყო, რომ მიუხედავად მისი ამალის წევრთა საქციელის თავგასულობისა, სამეფოს კარის წარმომადგენელთა მხრიდან მათთვის უბრალო შენიშვნის მიცემასაც კი ჯერჯერობით ვერავინ ბედავდა. იგი ამას თავის მიმართ სამეფო კარის მორიდებულობასა და შიშს მიაწერდა, და, არც თუ უსაფუძვლოდ, ამიტომ, დაძაბულობის ზღვარზე დამდგარი ძაგან ერისთავთ ერისთავი მაინც ერთგვარ კმაყოფილებას იყო მიცემული.


    უფლისწულ დავითის მეფედ კურთხევა
   ლიპარიტ ერისთავისა და დავითის ბავშვობის მეგობართა ძალისხმევითა და კარნახით რუის–ურბნისის სამეფო რეზიდენციაში თავმოყრილი სტუმარნი ორ რიგად დაეწყვნენ შემოსასვლელი კარებიდან ვიდრე დარბაზის ბოლოში დამდგარ სამეფო ტახტამდე, რომელზედაც გიორგი მეფე თავისი თანამეცხედრე დედოფალი ელენეთურთ ბრძანდებოდნენ.
   ამღერდა სამეფო კარის გუნდი, დამდგარი ტახტის მხარმარცხნით კუთხეში, საიდანაც ხმა მთელს დარბაზში საუკეთესოდ ვრცელდებოდა.
   საზეიმოდ განიხვნენ დარბაზის მაღალი და განიერი, ოქროში მოლივლივე ბჭენი, საიდანაც გამოჩნდა გარკვეულ წესზე დაწყობილ, სადღესასწაულოდ მორთულ–შემოსილ ადამიანთა სიმრავლე, და ყოვლად ნანატრი ღვთივკურთხეული სადღესასწაულო მოქმედება უფლისწული დავითის მეფედ კურთხევისა ასერიგად დაიწყო.
   უფლისწული დავითის ტახტზე აბრძანების საზეიმო პროცესიას წინ მიუძღვოდა დასი მღვდელთმთავართა კათალიკოზ გაბრიელ საფარელის წინამძღოლობით.
   შემდგომ მობრძანდებოდა თავად დავითი. უკვე ნაკურთხსა და მეფედ აღჭურვად განმზადებულს ზედ ეცვა მხოლოდ და მხოლოდ ოქრომკედით მოქარგული ხალათი. სამაგიეროდ მის თანმხლებ სასულიერო თუ საერო პირთ სათითაოდ ჩამოერიგებინათ და მოეზიდებოდნენ ყოველივე იმას, რაც ტახტზე ასულ მეფესა სჭირდება როგორც მშვიდობიან, ისე საომარ პირობებში სამეფოს სამართავად – ჩასაცმელთაგან ბისონი და პორფირი, ოქრომკედით მოოჭვილი, საბრძანებლადა – სკიპტრა, თვალმარგალიტით გაკეთილშობილებული, ხოლო საბრძოლოდ ხრმალი და მახვილი, რომელიც წინ გაშვერილი ხელით მის მხარმარჯვნივ მომავალ ამირსპასალარს მოჰქონდა, ხოლო მის უკან მომავალ ჩუხჩარხს – სამეფო ფარი, ლახტი და ქარქაში.
   მოდიოდა დავითი უბრალოებით დიადი, მზად მყოფი ერისთვის თავისი სიცოცხლისა და სიკვდილის სამსხვერპლოზე მიტანისა, და ამდენად თავისუფალი ყოველგვარი პირობითი მეფობრივი ბრჭყვიალებისაგან. მოდიოდა დავითი – უპირველესი მეომარი და უპირველესი პატრონი საქართველოსი, ყოველი ქართველისა ღვიძლი მამა, ღვიძლი ძმა და ღვიძლი შვილი, მოდიოდა ისეთი, როგორიც იყო – ჯერაც ჭაბუკი, საულვაშე ახლად შემურულ–შეშავებული, მაღლად–მაღლად აშოლტილი, მუხასავით ახოვანი და კავკასიონივით მხრებ განზე გადგმული და მიუხედავად ასაკის არამრავლობისა გარედან შემხედვართათვის თვალშისაცემი მოულოდნელობით ნაადრევად დაღვინებული და თავის თავში ხაზგასმულად თავდაჯერებული; მოდიოდა დავითი, – ის მამაპაპა ცხონებული, გარკვეული მეფური განმხოლოებითა და ყმაწვილური სინორჩით საოცრად დამშვენებული; მოდიოდა ამაყად თავაწეული და ფართე სახეზე უსაზღვროდ ნათელგადამდინარე; მოდიოდა სადღაც სივრცეში წინ მყურები ერთდროული ღირსებისა და უბრალოების ბეჭედდარტყმული, და ყველა იქ შეკრებილი, ყრმაი თუ ასაკოვანი, მეფის გვარისა თუ ერისთავ–აზნაურის შთამომავალი, იმის ქვემოდან ზემოთ მოკრძალებით ყურებასა, მღელვარებისაგან ერთ გულისფანცქალსა და გაოცებისაგან აშკარა მოჯადოებულობაში იყო.
   დავითს გვერდში მესასთუმალე თვისი, ანა მოჰყვებოდა, ასევე არამჭახედ, მაგრამ საზეიმოდ გამოწყობილი. არამაღალი იყო იგი, მით უმეტეს, თავისი ჭერამდე აშოტილი, განგანზე მხრებგადგმული მეუღლის გვერდით, არც თუ ლამაზი და სახეთეთრი, მაგრამ თვალშისაცემად ჯანმრთელი, სხარტი და ცოცხალი, აქეთ–იქით მთელ დარბაზში მზერისა სხარტადვე დამცეცებელი და დროდადრო ქმრისთვის აშკარა მორიდებითა და კრძალვით დაბლიდან მაღლა ამხედი - რაიმე ისეთს ხომ არა ვსჩადი, რომელიც ჩემს ბატონს არ ესიამოვნებაო.
   იმათ უკან ამირსპასალარი, ხოლო ამირსპასალარს, თავის მხრივ, თანაშემწე ამირახორი, ანუ მეჯინიბეთუხუცესი მოჰყვებოდა.
   მარცხენა მხრიდან დავითს მოაცილებდნენ გიორგი ჭყონდიდელი, შავ კაბაში მარად ჩაღამებული, ჭაკატდადგმული და ძუნწად ტუჩებ მოკუმული, და მეჭურჭლეთუხუცესი ივანე ვარდანის ძე, ცოტა არ იყოს, ფერგადაკრული და თვალშისაცემად დამფრთხალი მეფისწულის მეფედ კურთხევასთან დაკავშირებით სამეფო კარის სავაზირო შემადგენლობაში მოსალოდნელ ცვლილებათა გარდაუვალობისა და თავისი თანამდებობის შენარჩუნების უიმედობისა გამო.
   ტახტამდე ორ რიგად დარბაზის მთელ სიგრძეზე გაყოლებით იდგა სვან, ეგრისელ, აფხაზ, შავშ, კლარჯეთელ, ტაოელ, თრიალეთელ და ქართლელ ერისთავთ ერისთავთა და დიდ აზნაურთა სრული მწკრივი, კარებიდან ტახტისკენ სამეფო კარზე მეტი და მეტი დაფასებულებისა და მნიშვნელოვნების მიხედვით დალაგებული.
   კარების სიახლოვეს მეფის კარის მოხელე დიდ აზნაურთა შვილნი, დავითის ბავშვობის მეგობარნი იდგნენ – დედიძმისშვილები ნიანია და გრიგოლ კახაბერის ძენი, წილკნელი აზნაურის შვილი თორნიკე ქაიხოსროს ძე, გიორგი მეფის მეჭურჭლეთუხუცესის შვილი ვარდან ივანეს ძე, ჭეშმარიტი მამულისშვილი და თავისი ღირსეული მამაპაპის ღირსეული შთამომავალი მემნა ჭიაბერის ძე.
   მეფედ ნაკურთხი დავითის, მღვდელთმთავართა და უმაღლეს სამეფო მოხელეთა ბრწყინვალე პროცესია მიემართებოდა ტახტისაკენ, რომელზეც იჯდა მეფე გიორგი, მზადმყოფი უფლისწულისათვის სამეფო გვირგვინის თავზე საზეიმოდ დასადგმელად.
   ებრძანა მეფე გიორგის გვერდით დედოფალი ელენე, ამაყი და მკაცრად ღირსეული და წარამარად ქმრისკენ იმის შინაგანი მდგომარეობის შემმოწმებელი მზერით გადამხედველი. როგორ იპატიებდა დედოფალი ელენე, რომ გიორგი მეფეს, რომლის მეტ–ნაკლებად მერყევ ბუნებასაც მასზედ უკეთ არავინ იცნობდა, მხოლოდ შობილი წულის ტახტზე დასმისა გამო სიხარულის მაგივრად სახეზე თავის მიერ სამეფო გვირგვინის დაკარგვით გამოწვეული ჭმუნვა ან სინანული გამოეხატა! ქმრის ამგვარად პოლიტიკურ და სულიერ სიცოტავეს ის თავის თავს როგორ აკადრებდა!
   – გაიხარე, გიორგი, გაიხარე. – ელაპარაკებოდა ბაგეთა ოდნავშესამჩნევი მოძრაობით იგი უჩინარ ჰაერს თავისი შინაგანად მღელვარე ქმრის გასაგონად; იცოდა რა მის მიერ გამჟღავნებულ მოსაზრებათა ქმარის გუნება–განწყობაზე უეჭველი გავლენა და იოლად შეღწევადობა, ცდილობდა შესაბამისად განემსჭვალა იგი:
   – ამგვარად ბედნიერი დღისა მომსწრენი ხომ არცა აქამდის ვყოფილვართ როდესმე და არცა ამის შემდგომ ვიქნებით! – და თუ შეამჩნევდა ქმრის გამოხედვაში მოვლენათა განვითარების წინაშე საკუთარი უსუსურობისაგან გაჩენილი გულისტკივილის ნიშან–წყალს, წამომდგარს თავისი ახლობელ–ქვეშევრდომთა მასზე ზეწოლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების იძულებითი მიღების გამო, გამამხნევებლად ამშვიდებდა ჩამჩურჩულე მისთვის მარცხენა ყურში:
   – შფოთვა და ღელვა გულსაც არ მიაკარო, ჩემო ძვირფასო, ხომ იცი, დავითი ყველანაირ კედელს ღიმილითა და სიცილ–ხარხარით გაანგრევს! – თითქოს და, ეჭვის ჭიით დაღრღნილ გიორგი მეფეს იმ წუთას ამის მეტი ჯავრი სხვა არა ჰქონდა რა.

   გუნდისგან შემოძახილი მრავალჟამიერის ფონზე გარეშემო მყოფთა საერთო უძრაობასა და კრძალვით გატრუნულობაში ყველას თვალს მხოლოდ ძაგან ერისთავთ ერისთავის საერთო წესისა და რიგის ხაზგასმული დაუმორჩილებლობა და უფლისწული დავითის მეფედ კურთხევის მნიშვნელოვნების თვალშისაცემი უგულებელყოფა ხვდებოდა – თავისი როყიო ხმით ახლა თავის გვერდით მდგომ წილკნის პატრონს, უხერხულობისაგან ატყარტყარებულს, უყვებოდა ხმამაღლა, თუ როგორ ინადირეს მან და კახთა მეფემ, კვირიკემ გასულ კვირას ზედაზნის ტყეებში. ისე მიჰყავდა ქართლის გათავხედებულ ერისთავთ ერისთავს თავი, თითქოს მეფედ კურთხევის ასერიგად საპასუხისმგებლო პროცესიას კი არ ესწრებოდა, არამედ შემთხვევით შეყრილი ხალხის იაფფასიან თავყრილობას, ხოლო როდესაც პროცესიამ იმას გვერდით ჩაუარა, მხოლოდ ერთი წამით გადაჰკრა მზერა უფლისწულ დავითს ისეთი აგდებით, თითქოს გაიკვირვა კიდეც – ეს ვინღა მოეხეტებაო, და შემდეგ მანამდელივე გულისდადებით გაუგრძელა წილკნის ერისთავს ნადირობის შესახებ ამბის მოყოლა.
   მეფე გიორგი, მწუხარებით შეგუებული ქართლის ერისთავთ ერისთავის თავგასულობას, თავისი უმწეობისა და უხერხულობის განცდისა გამო აწითლებულიყო და ადგილზე ნერვიულად ცმუკავდა. დედოფალი ელენე მკაცრად ბაგემოკუმული უხმოდ მრისხანებდა.
   ლიპარიტ ერისთავს, მეფედ კურთხევის ღონისძიებათა მეთაურსა და წარმმართველს, ძაგან ერისთავის ყოველგვარ საზღვარს გადასული მოქმედებისა გამო მრისხანებისაგან ლამის გონება დაეკარგა; მთელი დარბაზი უხერხულობისაგან იხერხებოდა, მაგრამ ვერავის გაებედა ქართლის თავსწასული და ძლიერზე ძლიერი ერისთავისთვის შენიშვნის მიცემა.
   ჩაუარა იმას დავითმა, თავაწეულმა, დინჯმა, ღირსეულმა და თვალებიდან თავის წინ ნაგულისხმევ სივრცე–არეში რაღაც უჩვეულო ზოგადობით გამომხედვარემ. მიდიოდა ტახტისკენ იგი ყველა ნიშნის მიხედვით მეფობრივად დიდებული და ამაღლებული, და სასახლის ინტრიგების მოყვარულთა ყოვლის მჩხრეკველ თვალსაც კი ვერ გაერკვია არათუ ის, თუ რას ფიქრობდა სამეფო გვირგვინის დასადგმელად მიმდინარე ჭაბუკი უფლისწული ძაგან ერისთავთ ერისთავის საქციელის შესახებ, არამედ, საერთოდ, ამჩნევდა თუ არა იგი მის შეურაცხმყოფელ თავგასულობას.
   კრძალვით მიეახლა მეფედ ნაკურთხი დავითი კათალიკოზ გაბრიელ საფარელსა და მამასა თვისსა და თავდახრილი კრძალვითვე დადგა წინაშე მათსა.
   – კურთხეულ არს მოსვლა თქვენი და დამტკიცებაი თანამოსაყდრედ მეფედ მეფისა გიორგისა, და მეფედ სამეფოსა ამას თქვენსა ზედა, და განგიმტკიცნეს ღმერთმან შიშსა და სარწმუნოებასა მისსა ზედა, და დაგიმორჩილნეს ყოველნი მტერნი და წინააღმდგომნი სამეფოსა ამის თქვენისანი ქუეშე ფერხთა თქვენთა!
   – ამინ! – გაიმეორა დარბაზმა კათალიკოზის კვალდაკვალ.
   შემდეგ კათალიკოზმა აღიღო ხელთ ბისონი, დასწერა ჯვარი და თავისი ხელით ჩთააცვა მას ტანსა ზედა.
   – კურთხეულ არს მეფობაი თქვენი დასასრულამდე ჟამთა, და განამტკიცენ სარწმუნოებასა მისსა ზედა მოუდრეკელად!
   შემდეგ აღიღო პორფირი ხელთაგან მთავარდიაკონისა, დასწერა ჯვარი დავითს:
   – კურთხეულ არს მეფობაი თქვენი დასასრულამდე ჟამთა, და განამტკიცენ სარწმუნოებასა მისსა ზედა მოუდრეკელად!
   და შთააცვა მას ტანსა ზედა.
   შემდეგ აღიღო გვირგვინი ხელთაგან მეფისა გიორგისა, დასწერა დავითს ჯვარი:
   – კურთხეულ არს მეფობაი თქვენი დასასრულამდე ჟამთა, და განამტკიცენ სარწმუნოებასა მისსა ზედა მოუდრეკლად!
   და დაარქვა თავსა ზედა.
   შემდეგ აღიღო სკიპტრა კვლავ ხელთაგან მეფისა გიორგისა, ჯვარი დასწერა დავითს:
   – კურთხეულ არს მეფობაი თქვენი დასასრულამდე ჟამთა, და განამტკიცენ სარწმუნოებასა მისსა ზედა მოუდრეკლად!
   და მისცა მას მარჯვენასა ხელსა.
   შემდეგ აღიღო ჯერ მახვილი, შემდგომ ხრმალი ხელთაგან ამირსპასალარისა, დასწერა ჯვარი დავითს:
   – კურთხეულ არს მეფობაი თქვენი დასასრულამდე ჟამთა, და განამტკიცენ სარწმუნოებასა მისსა ზედა მოუდრეკლად!
   და შეარტყა ორნივე მას წელსა ზედა.
   რა აღჭურვეს მეფედ, მგალობელთა გუნდმა წარმოუთქვა დავითს:
   – მრავალჟამეულ ჰყვენ, ღმერთო, მეფეთ–მეფე ჩუენი დავით, მრავალჟამეულ ჰყვენ!..
   მანამდე იდგა საგალობელის გალობის ფონზე დავით მოწიწებით თავდახრილი, სანამ იმას მეფედ ჰჭურვავდნენ კათალიკოზი გაბრიელ საფარელი, მეფე გიორგი და უმაღლესნი მოხელენი მისნი. უსმენდა იგი მათ დიდის მორჩილებითა და მოკრძალებით, და მეფედ კურთხევის შემდგომ კიდევ კარგა ხანს არ აუღია თავი, სანამ არ განეშორნენ იმას ყველანი გარკვეულ მანძილზე და არ დარჩა იგი მის საკადრის სამეფო განმხოლოებასა და დამოუკიდებლობასა შინა.

   აი, მაშინ კი, ზე ასწია რა თავი ახლად ნაკურთხმა მეფემ, ყველამ გაოცებით შენიშნა მისი აქამდე თითქოსდა მშვიდი თვალებიდან გამოვარდნილი ცეცხლმოკიდებული მრისხანება, რომელიც, მიუხედავად თავისი დამბუგველობისა, ყველასათვის მტანჯველი აუჩქარებლობით ნელა–ნელა გამომცდელად მოევლო მთელ დარბაზს, სათითაოდ ჩააშტერდა გასუსულ და მღელვარებისაგან სუნთქვამოხშირებულ ერისთავთ ერისთავთა და დიდ აზნაურთა და ბოლოს მზერა თავად ძაგან ქართლის ერისთავთ ერისთავზე, მანამდე მამლაყინწასავით მოყალყელავეზე, შეაჩერა.
   აღარა მღეროდა საგალობელს მგალობელთა გუნდი და გაჩუმებულიყო. ენაზე კბილი დაედგა თავად ქართლის ერისთავთ ერისთავსაც, მოყოლილს დაუფარავ მრისხანებად ქცეული ჭაბუკი მეფის ხედვის არეში. დარბაზში სამარისებული მდუმარება ჩამოვარდნილიყო.
   კარგა ხანს ჭამდა თვალებით საქართველოს ჭაბუკი მეფე ქართლის ერისთავთ ერისთავს. ისიც იდგა ასევე თვალებიდან თვალებში გამომხედვარე და მღელვარედ მომლოდინე მოვლენათა შემდგომი განვითარებისა. დავით მეფის ცეცხლიან და უსაზღვრო ნების გამომხატველ მზერაში მოყოლილს სახეზე დაფენილი თავხედობა თანდათან და ნელა–ნელა ეცვლებოდა შეშფოთებით, რომელიც უფრო და უფრო მეტად აშკარავდებოდა მის დაჭორფლილ სახეზე.
   მაგრამ დავითი არა თუ არ დააცხრო დროის გასვლამ, პირიქით, – ვერა და ვერ იკმარა მან მხოლოდ გამოხედვით გამოხატვა თავისი უკმაყოფილებისა, ჩამოდგა ფეხი სატახტე შემაღლებულობიდან და ძაგან ერისთავთ ერისთავამდე მტკიცე ნაბიჯით მისულმა ერთი თავით თავისზე დაბალსა და ჩაფსკვნილს მრისხანებისაგან ტუჩებატოკებულმა ასე გამოუცრა:
   – სამეფო კარის წესითა და კანონით, – აუჩქარებლად ჰკვეთავდა ყოველ სიტყვას მრისხანებისაგან ხარივით მძიმედ აქშინებული და არანაირ წინააღმდეგობათა წინაშე არდამდგომი თავისი ნებასურვილის აღსრულების გზაზე, – არა ხამს ძაგან ქართლის ერისთავთ ერისთავისა დგომა იქ, სადაც ადგილია პირადად მეფის უმაღლეს მოხელე–დიდ ვაზირთა, გამორჩეულთა განსაკუთრებულის დამსახურებითა და ერთგულებითა წინაშე მეფისა.
   ძაგან ერისთავთ ერისთავს ხმა არ გაუღია, შინაგანი შეშფოთების გამომჟღავნების გამო თავისივე თავზე განაწყენებულმა მხოლოდ ნერწყვი გადაიგორა მღელვარებისაგან გამომხმარ საყლაპავში.
   – შენი ადგილი, ძაგან ერისთავთ ერისთავო, – თითი იმას ერისთავთ ერისთავთა და დიდ აზნაურთა რიგისკენ მიაშვირა, – შენსავე მსგავთა და, დიაღაც, რომ ფრიად პატივცემულ სხვა ერისთავთ ერისთავთა შორის არის და ინებე ახლავე დამკვიდრება მისი.
   ვეღარ და ვეღარ შეიძლო ძაგანის რკინის ნებისყოფამ გაძლება დავითის ფოლადის მარწუხებისა, და მისი საქციელის მომლოდინე სულთქმაშეკრული დარბაზის თვალწინ, ყველასდა გასაოცრად, თავისი თავი თვინიერად ბოჩოლასავით გადადენა იმ ალაგას, რომელსაც დავითის გაშვერილი თითი მიანიშნებდა.
   მცირე ხანს კიდევ იდგა ყმაწვილი მეფე, სანამ ქართლის ერისთავთ ერისთავის საქციელით დაკმაყოფილებულს მრისხანებისაგან ერთიანად ჩასისხლიანებული თვალები არ გადაეწმინდა და ჩამუქებულ სახეზე ჩვეული ნათელი არ დაუბრუნდა. მერე აბრძანდა ტახტზე და ასე მიმართა ერს, თავისგან ბავშობითვე აღმერთებულსა და ახლა მის წინაშე მოწიწებით თავდახრილს:
   – ჩემო სისხლით ძმანო, მამა–პაპით ნათესავნო და დედა–სამშობლოთი ერთნო! ინება უფალმა დაბადება ჩემი უფლისწულად ბაგრატოვანთა გვარისა და კურთხევად ჩემი დღეს მეფედ ყოველთა ქართველთა. ვის აურჩევია თავი თვისი, დედ–მამა, და–ძმა და დედა–სამშობლო თვისი?! ანდა ჟამი მოვლინებისა ამა ქვეყანასა ზედა და გარემოებანი გარეშემო თვისა?! არავის, და ჩვენც, მამა–პაპითა და სისხლით ერთნი, ბოძებულნი ვართ ერთურთს ღვთისაგან საპატრონოდ იმ დედა–სამშობლოსი, რომელიც ძვალთშესალაგად გაჰხდომია ჩვენს შორეულ წინაპართ. არ არის რამ უფრო წმინდა საგანი ჩვენთვის, ვიდრე საქართველოა! და ერთი წმინდა ვალდებულება გვაერთიანებს ერთურთთან, რომელიც ყველა ჩვენგანის პიროვნულ ბედზე მეტია – ვალდებულება ჩვენი მიწის წინაშე ერთობლივი სამსახურისა; და ვბრძანებ მე, დავით, მეფე საქართველოისა – ის, ვინც ამ ვალდებულებას მოემსახურება, მეფობისა ჟამისა ჩემისასა, იქნება იგი ღვთით, მეფითა და ერით – ნეტარ, პატივცემულ და აღმატებულ, ხოლო იგი, ვინც უგულებელჰყოფს და განუდგება ვალდებულებისა მისისა აღსრულებას, ვფიცავ, – ხელი დარბაზისკენ გაიშვირა, – არ შეიმკება იგი კეთილითა და არ ეღირსება იმას არცა სიცოცხლითა ხალხში კაცად გამოჩენა და არცა გარდასვლისა შემდგომ მამა–პაპათ ძვალთშესალაგში საუკუნო განსვენება!
   ვინ როგორ გაზომა დავითის მიერ ნათქვამი სიტყვა და ვინ – როგორ, მაგრამ ერთი რამ კი ყველამ გადაჭრით გაიგო:
   ეს მეფე იმ მეფეს არ ჰგავდა, ეს მეფე სხვანაირი იყო.

   უფლისწულ დემეტრეს დაბადება
   მალევე, უფლისწული დავითის მეფედ კურთხევიდან ორი კვირის თავზე დედოფალმა ანამ იმშობიარა. იმშობიარა მშვიდად, წარმატებით და ყოველგვარ მოულოდნელობათა გარეშე. ეგ არის, ყველა გააოცა თავისი თავშეკავებით. მიუხედავად მშობიარობის აუტანელი ტკივილებისა, იმისი ყვირილი კარებს მიღმა არც არავის გაუგია.
   ახლა კი იწვა მისთვის მოლოგინებისთვის საგანგებოდ გამოყოფილ დარბაზში და ბედნიერი თვალებით შეჰყურებდა ბებიაქალის ხელებში კიდურებ საწყლად გაფარჩხულ საქართველოს მომავალ მეფეს, ერთიანად აწითლებულს, ჯერაც ლორწოიანს და უსაზღვროდ აჩხავლებულს.
   – დედა გენაცვალოს, ჩემო ბიჭო, დედა! – ბუტბუტებდა თავისთვის მშობიარობის ჭინთვებით სიქაგაცლილი დედა, ვერა და ვერ გამძღარი თავისი ბიჭუნას ცქერით, და თვალებზე სიხარულის ცრემლი უბრწყინავდა.
   როდესაც ახალშობილი წესრიგში მოიყვანეს, გადაახვიეს და დედას მიუწვინეს თავის ცხოვრებაში პირველად საკვების მისაღებად, მაშინღა დართეს დავით მეფეს ნება ცოლ–შვილის ნახვისა. ფრთხილად ჩამოუჯდა დარბაზში შემობრძანებული დავით მეფე თავის ჯალაბს საწოლზე, წინდაწინვე უსაზღვროდ შეყვარებული თავის ახლად მოვლენილ პირმშოზე და სასოებით დახედა თავის წულს, რომელიც ისე ხარბად ექაჩებოდა დედის მკერდიდან რძეს, თითქოს მთელი კვირა მშიერი ჰყავდათ სადღაც დამწყვდეული და ახლა ძლივთ გამოუშვესო.
   – ეგეც შენი ტახტის მემკვიდრე! – ეს იყო სიტყვები, რომლებიც ენაზე მოადგა დავით მეფეს, დამნახეს თავისი წულისა; დაიხარა, და ქანცგაცლილ ცოლს თვალებზე ემთხვია.    – გმადლობ, შენ გენაცვალე!
   – შეხე, რა ერთი ბეწოა! – დედოფალი ანა ერთნაირი სიყვარულით უყურებდა ხან შვილს, ხან – ქმარს. – უიმე, უიმე, ან როგორ უნდა დავადო თითი, და ან, საერთოდ, როგორ უნდა გავზარდო!
   – გაზრდი, გაზრდი! – დააწყნარა დავით მეფემ. – ხომ არის ზედგამოჭრილი პატარა დავითი?!
   დარბაზში მეფეთ მეფე გიორგი შემობრძანდა დედოფალთ დედოფალ ელენესთან ერთად, საზეიმო ტანისამოსში გამოწყობილნი, უკვე დამშვიდებულსა და დაწყნარებულ ცოლ–ქმარისთვის რომ მიელოცათ. იმათ მთელი დარბაზის ერი და დავითის მეგობარნი მოჰყვნენ. იდგა ერთი მილოცვ–მოლოცვა და საზეიმო განწყობილება.
   დიდი ძეობა გადაიხადეს, ქვეყანას გააგებინეს, უამრავი სტუმარი მოიპატიჟეს, ძღვენი მრავლად მიიღეს და მოწყალებაც მრავლად გასცეს.
   იმ დღეთ, სასიხარულოთ და საბედნიეროთ, დრო–ჟამიერობის ღვთის მიერ დადგენილი ისეთივე წესითა და რიგით ჩაიარეს, როგორც სხვა მრავალთ ჩაუვლიათ მანამდე და სხვა მრავალნიც ამის შემდგომ ჩაივლიან. ყოველივე ისე გაგრძელდა, როგორც მანამდე მიედინებოდა, მხოლოდ ერთი ბიჯით წაინაცვლა წინ ბაგრატოვანთა სამეფო ოჯახის საგვარეულო საფეხობრიობამ – დავით მეფე და დედოფალი ანა მშობლები გახდნენ, მეფეთ მეფე გიორგი და დედოფალთ დედოფალი ელენე – პაპა–ბებია, ხოლო, რაც ყველაზე მთავარია, ამ ქვეყანას კიდევ ერთი ადამიანის შვილი მოევლინა, მზადმყოფი უფლის მიერ დადგენილი გზის უთუოდ გასავლელად.

    სამეფო ლაშქრის წრთვნა
   იდგა ქუთათისის სამეფო სასახლე გარეშემო მაღალ გალავანდარტყმული; სასახლის აივანზე სამეფო ოჯახი შემადგენლობით მეფეთ მეფე გიორგისა, დედოფალთ დედოფალი ელენესი და დავით მეფის მესასთუმალის დედოფალი ანასი, რომელსაც ხელში ძუძუთა უფლისწული დემეტრე ეჭირა სუფთა ჰაერზე გამოყვანილი. სამეფო ოჯახის წევრთა ზურგს მიღმა ვაზირთა მთელ კრებულს ლამის სრული შემადგენლობით მოეყარა თავი. ყველა თვალს ადევნებდა გალავანს მიღმა მდელოზე დავით მეფისა და ამირსპასალარის მიერ სამეფო ლაშქრის წრთვნას.
   იდგა ყმაწვილი მეფე ლაშქრის წინ თავის მეგობრებთან ერთად და ასე მიმართავდა მეომართ:
   – დღევანდელი ქართველი მეომარი მტერთაგან იმ უმოწყალოდ ნაცემ–ნაბეგვსა და ბრძოლის უნარდაკარგულ კაცს მაგონებს, ოთხად მოკუნტული მიწაზე რომ აგდია, თავსა თვისსა ზედა ხელნი თვისნი საწყლად წაუფარებია, ცხვირ–პირიდან ღვიარებად გასდის სისხლი, და მიუხედავად იმისა, რომ ოჯახობას ურბევენ და დედის მანდილს ურყვნიან, არა თუ მტრისთვის სამაგიეროს გადახდა, ფეხზე წამოდგომაც კი აღარ მოსდის თავში. ესე სირცხვილია ჩვენი, ვაჟკაცნო, სირცხვილი! ერთი დედა–სამშობლო გვიბოძა ღმერთმა და იმასაც ვერ მოვუაროთ, სადღა გამოვყოთ თავი?! ასრერიგად პირშერცხვენილნი როგორ მიუვიდეთ ჩვენთ წინაპართ საიქიო სასუფეველში?! სხვანაირად უნდა მოვრიგდეთ ჩვენ დღეის ამას იქით, – მე მეფე ვარ თქვენი და მე ვიქნები პირველი მაგალითი თქვენთვის, – როგორც მე ვიბრძოლებ, იმაზე მეტს არც ერთს არ მოგთხოვთ, ოღონდ ლაჩრობაზე ბოდიში, ჩვენს შორის ვინც ეგეთი გამოერევა, – გამოართვა გვერდზე მდგომ ნიანია კახაბერის ძეს ხელში დაჭერილი ბოღჩა, იქიდან რაღაც თოვლის ქულასავით თეთრი რამ ტანისამოსი გამოხსნა და იქვე ურმის კოფოზე გადაჰფინა. – აი, კაბა ქალისა – ეს იმან ჩაიცვას!
   მეომრებმა ერთმანეთს გაოცებანარევი ამრეზილობითა თუ უხერხული ღიმილით გადახედეს – არ ეპრიანათ მეფისგან მათთვის ამგვარის შეკადრება, თუმცა მას გულში აღძრული წყენის სააშკარაოზედ გამოტანაც ვერ გაუბედეს.
   – აბა, აბა, ქალის კაბის ხსენება იმან შეაკრთოს, ვისაც თავის ვაჟკაცობაში ეჭვი ეპარება; მე მხოლოდ კაცებთანა მაქვს საქმე, მე მხოლოდ კაცებს ველაპარაკები. ხართ თუ არა მეთქი ყაბულს?
   ლაშქარმა, სხვა რაღა უნდა ეთქვა, არეულ–დარეულად მისცა დასტური:
   – ვართ, მეფეო, ვართ.
   – ეგრე იყოს.
   – ძალიან კარგი. – შეაქო ლაშქარი იმათი პირველი თანხმობით ნასიამოვნებმა დავით მეფემ. – ახლა მომისმინეთ – მოლაშქრე წვრთნით არის ძლიერი და ლაშქრისგან ომის გამარჯვებით გასრულებაც მხოლოდ და მხოლოდ ომამდე დაღვრილი ზღვა ოფლის ხვედრი და ნამუშაკარია. წრთვნა, წრთვნა და კიდევ ერთხელ წრთვნა არის ჩვენთვის ხერხისა და საშუალების მომცემი, ხოლო შეგნება საქართველოს პატრონობისა არის ჩვენგან მტერზე გამარჯვების ერთადერთი თავდები და საწინდარი. ნუ დაიშურებთ თავებს, იყავით ფიცხელნი, ქველნი, მახვილნი და გონიერნი. და იცოდეთ, ვისაც მტრისა ეშინია, იმას სიკვდილისა ეშინია; ჩვენთვის კი ჩვენი დედა–სამშობლოსთვის სიკვდილი მხოლოდ და მხოლოდ დიდი ჯილდოა. ამიტომაც ვართ ჩვენ და ვიქნებით მარადის უძლეველნი და არ იქნება ჩვენი მომრევი არცა თურქი, არცა ბიზანტიელი და არცა სპარსი! მაშ, დაეწყვენით ვაჟკაცნო, დაელაგენით რიგზე და დავიწყოთ წრთვნა!
წრთვნა შუადღე გადაცილებულზე დაიწყეს, გაისარჯნენ უშეღავათოდ, გამოასავათეს ცხენები და იმ გაგანია სიცხეში თავიანთ თავებსაც ღდინი გააცალეს.
   ჯერ იყო და შუაზე გაყოფილებმა ერთმანეთზე მიიტანეს იერიში, დავით მეფის გულოვანებით თავადაც გაგულოვნებულმა მეომრებმა დასცხეს ერთმანეთს, კაცს, იმათ შემხედვარეს, მოსისხლე მტრები ეგონებოდა.
  სასახლის აივნიდან უჭვრეტდნენ მეფე გიორგი, დედოფალი ელენე, დავით მეფის მესასთუმალე ანა და მთელი დარბაზის ერი მარჯვედ მოკენწლავე მოლაშქრეების ვაჟკაცური ყიჟინითა და ომახიანი შეძახილებით ახმაურებულ მდელოს, რომლის თავზეც უკვე დასავლისაკენ დადრეკილი მზით ქვემოდან ჟანგისფრად შეფერადებულ ღრუბლთა მეჩხერსა და კამკამა ცის კაბადონზე გაბნეულ ქულებს მოეყარათ თავი.
   ერთი–ორი საათი ამგვარად შემოიდნეს ხელში. მერე დადგა ლაშქარი და დავით მეფის ბრძანებით ფალავნურად ერთმანეთთან შერკინება დაიწყეს.
   პირველი თავად დავით მეფე გამოვიდა მოლზე და ნიანია კახაბერის ძე, თავისი სათაყვანებელი დეიდაშვილი, გამოიწვია საასპარეზოდ.
   იდგნენ ცხენებზე ამხედრებული დავით მეფე და ნიანია კახაბერის ძე ერთურთის პირისპირ და უკიდურესად მოჭიმულნი საბრძოლველად შუბ–შემართულნი ერთმანეთს მამლაყინწებსავით შეღერებულნი უვლიდნენ გარეშემო.
   მოულოდნელად დავით მეფემ იმ დაძაბულობაში შუბისგან თავისუფალი ხელი ნიანია კახაბერის ძის მხარმარცხნივ გაიშვირა და შეუძახა თავის ნათესავს:
   – ჩვენ ხომ ერთი–ერთზე ვთქვით შეტოქება, ნიანია ბატონო; ეს ვიღა ამოგიყენებია გვერდში? – სანამ ნიანია თავს გვერდზე მიაბრუნებდა, დავით მეფემ თვალსა და ხელს შუა აართვა იმას შუბი და გონზე ვერ მოსულს უნაგირიდან გადაწვდილმა ერთი ისეთი უჯიკა, ეს უკანასკნელი მწვანეზე დაენარცხებოდა, თავადვე დავით მეფეს რომ არ შეეშველებინა ხელი და კისრის მოტეხვას ამგვარად არ გადაერჩინა.
   – ჰა, ჰა, ჰა, ნიანია ბატონო, მორჩა ბრძოლა, გასრულდა, ჩათვალე, რომ უკვე მიწაზე აგდიხარ მკვდარი და უსულო! ჰა, ჰა, ჰა... – შესცინა დავით მეფემ, ოხუნჯობით აღსავსემ, მერე ოხუნჯობითვე მიუბრუნდა ლაშქარს. – პანაშვიდი ხუთშაბათს, სპანო, დაკრძალვა შაბათს შუადღის პირზე, ღმერთმა აცხონოს ნიანია კახაბერის ძე, კაი ყმა კი იყო, საწყალი!
   თავისი ყმაწვილი მეფის მოხერხებულობით, სისწრაფითა და ქველობით აღტაცებულ ლაშქარს დაუოკებელი ხარხარის ტალღამ გადაუარა. ყველაზე მეტად თავად ნიანია კახაბერის ძე ხარხარებდა.
   – გამაცურა, დავით მეფემ... ჰა,ჰა,ჰა... ვით გამაწბილა!..

   – ეჰ, რაც არ უნდა იყოს, მეუფეო გიორგი, ყმაწვილია ისევ დავითი. – ამოიოხრა წულის საქციელით მარად უკმაყოფილო მეფე გიორგიმ. – უქრიან თავისებურად.
   – რას უბნობ, გიორგი?! – ძლიერ იმცხეთა დედოფალმა მამისგან გაქილიკება შვილისა, რომლის საქციელის შემხედვარეს თავად მას დედობრივი სიამაყისგან ბურთი ყელში ჰქონდა ამოჩრილი. – შენ ისა თქვი, ვერც მახვილგონივრობაში და ვერც მეომრულ სიკასკასეში რომ ვერ უდებს შენს ძეს ვერავინ ტოლს!
   გიორგი ჭყონდიდელს, თვალით მოასპარეზეებისად ყურადღებით მჭვრეტელსა და ყურით მეფე–დედოფალის საუბრისად გულდასმით მსმენელს, ჩვეული წესით გაეპარა მალული ღიმი მეჩხერ წვერ–ულვაშში.
  – სილაღე სიმსუბუქე როდია, მეფევ ბატონო, და გულმხიარულება – ტაკიმასხარობა!
   გიორგი მეფის ზურგს უკან ჩუმად იღიმებოდა ლიპარიტ ერისთავი და გადახვითქულ დავით მეფეს, თავისი ქველობით ყველა იქ მყოფთა აღმაფრთოვანეს, თვალს ვერ აცილებდა. მალულად იღიმებოდნენ და ასევე იყვნენ აღტაცებულნი სამეფო სასახლის აივანზე მეფე გიორგის ოჯახობის ზურგს უკან დამდგარი მეფის კარის სხვა დიდებულნიც.
   მოითავეს რა იმდღევანდელი გარჯა და დატოვეს რა იმ დღის წვრთნადამთავრებული და საღამოს პირზე დასვენებისად თავის წესსზე მოლაღებული სამეფო სპანი მინდორში, დანდობილად შემოექანნენ სამეფო სასახლის კარიბჭეში დავით მეფის მეთაურობით მისი ახალგაზრდა დასელები და ეზოს შუაგულში ერთიმეორის მიყოლებით უნაგირებიდან არწივებსავით ულამაზესად გადმოფრენილნი შეუდგნენ დაბინავებას ცხენთა და თავიანთ თავთა წესრიგში მოყვანას.
    გვარიანად დაქანცულთ და სიქაგაცლილთ მეტი რაღა უნდა სდომებოდათ გარდა გულიანი დასვენებისა, მაგრამ იმათ ყველა იმედი გადაუწურა დავით მეფის მკვეთრმა ხმამ:
   – შეშრნით, ვაჟკაცნო, თავნი თქვენნი წესრიგში მოიყვანეთ და ნახევარ საათში ყველას სამეფო დარბაზში გელოდებით! – მერე უკვე ადგილებიდან აშლილ მეფე–დიდებულთ შემოუძახა სასახლის აივანზე, – მეუფეო გიორგი, სასწრაფოდ დარბაზის ერს მომიყარეთ თავი, გადაუდებელი სათათბირო მაქვს ყველასთან!
   – ეხლა ამის ხუშტრუკებზე იარე! – ხელაქნევით წამოხტა დავით მეფის ამ მოულოდნელი ბრძანების პასუხად შეფუცხუნებული მეფე გიორგი, ვერანაირად ვერ შეგუებული შვილის ერთმმართველობას, და იქაურობას ღრენა–ღრენით გაერიდა.

    დავით მეფის მიერ ლიპარიტ ბაღვაშის პირველ ვეზირად დანიშვნა
   დავით მეფე, წარმატებით ჩატარებული წვთნის შემდეგ ყველასათვის მოულოდნელად რატომღაც დაჯავრიანებული და გოროზად პირმოკუმული იჯდა თავის ალაგას მანამდე, სანამ დარბაზის ერი საფუძვლიანად არ განლაგდა სათათბირო დარბაზში.
   – სანამ ქართლი გახიზნულია და ღვთისგან მტერთან საომრად გაჩენილი ვაჟკაცნი თავიანთ ოჯახ–ჯალაბის გამოსაკვებად ნადირებსავით კლდე–კლდე და ტყე–ტყე ეულად დაძრწიან და დაეხეტებიან, მანამდე სამეფო სპა და სამეფო ლაშქარი მუდამ არასრული, სულბლაგვი და მკლავსუსტი იქნება! – განაცხადა იმან მკვახედ და შეუქცეველი მბრძანებლურობით მოავლო დარბაზის ერს არწივის მზერა. – აგრეა თუ არა?
   რა უნდა ეთქვა დარბაზის ერს, დიდსა თუ მცირეს?
   – აგრეა, მეფეო, აგრე! – დასტური უყვეს.
   – ერი საჩქაროდ თავის ეზო–ყურეშია დასაბრუნებელი, და ქვეყანა ფეხზე დასაყენებელი, რომ ლაშქარიც ღონიერი გვყავდეს და ხალხიც კმაყოფილი და დაპურებული. აგრეა თუ არა?
   – აგრეა, მეფეო, აგრე!
   – მაშინ ისიცა ვთქვათ, დარბაისელნო, რომ მაშინ და მხოლოდ მაშინ მოგვეცემა შესაძლებლობა, ყოველივე ამას დავადგათ თავი, თუ მყარ ზურგს შევქმნით და ჩვენი სამეფოს საიმედოდ პატრონობის წესსა და რიგს იმათგან, ვისაც ეს ეგების, საფუძვლიანად დავამკვიდრებთ. შენ რას ბრძანებდი, მეუფეო გიორგი? – და გიორგი ჭყონდიდელს მიაპყრო იმისი აზრის გაგონების მსურველმა, მზერა.
   – ჭეშმარიტებას ღაღადებენ ბაგენი მეფისა დავითისა, დარბაისელნო, – მიმართა დარბაზის ერს მონაზონისთვის დამახასიათებელი მთრთოლვარება ნარევი ხმით გიორგი ჭყონდიდელმა. – ის მფლობელობა, რაც დღეს სამეფო კარს თავის უეჭველ განმგებლობაში უჭირავს, – საჭურჭლე თავის შემოსავალ–გასავალითა, ასაკრეფი ბეგარა–გადასახადებითა თუ დარგნი სხვანი და სხვანი სახელმწიფოს მართვისა, დღეს უთუოდ ითხოვს ჩვენგან საფუძვლიან გადასინჯვასა და გამაგრებას გონებითა ნათელითა და ხელითა მტკიცითა.
   – მართალსა ბრძანებს მეუფე გიორგი!
   – აგრეა, აგრე! – კანტიკუნტად შემოეხმიანნენ იმას აქეთ–იქიდან დარბაისელნი.
   – აუცილებლობას უკვე შექმნილის დანგრევისა, დარბაისელნო, მე ვერა ვხედავ, და არცა ხამს. დიდად პატივცემულნო ერისთავნო და ვაზირნო, – მიმართა დავითმა მეფე გიორგის სამეფო დასის ასაკიან ქვეშევრდომთ. – როგორი ერთგულებითაც გიმსახურებიათ მამისა ჩემისა, მეფეთ მეფისა გიორგისათვის, აგრეთვე, ერისა და ქვეყნისათვის, ისევითარი ერთგულებითვე ემსახურეთ ქვეყანასა ჩვენსა დღეის ამას იქითაც. – ძველი დასის წევრთ, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ გაეგოთ ჭაბკი მეფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათი სამეფო კარზე შემდგომი ყოფნა–არ ყოფნის შესახებ, შვებით ამოისუნთქეს. დავით მეფემ, რომელსაც არ გამოპარვია მათი მოძრაობა, ხმაში სუსხი გამოირია. – მაგრამ უწყოდეთ კარგად, არღარ იქნება არცა თავისნათქომობა, არცა აღუსრულებლობა ბრძანებათა და არცა ანგარიშის არგება. მტკიცე ხელი, ნათელი თავი, პატრონობის გამოცდილება და პასუხისმგებლობა თავის ნათქვამზე, – აი, ის, რაც არის საჭირო სამართავად ქვეყნისა. – შემდეგ ყველასათვის მოულოდნელად კლდეკარის ერისთავთ ერისთავს მიაშვირა ვეება ხელი. – დამიდგენია კლდეკარის ერისთავთ ერისთავი ლიპარიტი ხელმძღვანელად აღმასრულებელსა ხელისუფლებასა ზედა ყველა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც არსებობს მართვაი სამეფოსი! – თქვა და პირმოკუმულმა დაუწყო ცდა, დარბაზის ერის წევრთაგან თუ ვინ რას და როგორ გამოხატავდა მის სიტყვათ პასუხად.
   დარბაზში სამარისებული მდუმარება ჩამოვარდა. ვინ როგორ გამოხატა თავისი პოზიცია, ვინ – როგორ, მაგრამ, ერთი კია, ყველას ეხამუშა – ეს ჭირვეული ერისთავი, უახლოეს წარსულში სამეფო კარისად ამდენ უსიამოვნებათა მიმყენებელი, დღეს სამეფო კარისა და დარბაზის ერის მართვის სათავეში რა ვარაუდით შეიძლებოდა მოსულიყო.
   – ყველამ ნახა მისი შნო და მარიფათი მეფედ ხელდასხმასა შიგან. მას, კაცსა, ფრიად მოღვაწესა და მართვა–გამგებლობით ნიჭიერად საქმის მქმნელსა, ხელ–ფეხიდან ცეცხლი სცვივა. ხოლო ერთგულების თავდებად მას, დიდი ლიპარიტის შვილიშვილსა, თავის წინაპართა აჩრდილი და საქართველოს სიყვარული უდგას, და, აგრეთვე, მეუფე გიორგი, სინდისი და ნამუსი ჩვენი სამეფო კარისა. – ხელის გაშვერით თავის აღმზრდელზე, გიორგი ჭყონდიდელზე მიანიშნა დარბაზის ერს. – ვბრძანებ – გაუძღვეს, მეუფე გიორგი, მსაჯულებასა ერისა და ყველა მოსარჩლისა, და განსჯასა ყველა საჩივარისა, და დანაშაულობისა, და დადგენილისა არშესრულებისა და გადახვევისა გზიდან, და იყოს უფლებად მისად დადება სასჯელისა, ეხებოდეს იგი ერისთავთ ერისთავსა ლიპარიტსა, თუ მეჭურჭლეთუხუცესსა ვარდანსა, თუ ამირსპასალარსა თუ სხვათა მაღალთა და მაღალთა ჩინთა. ვბრძანებ მე, დავით, მეფე საქართველოსი, ამას, და ვბრძანებ – დაემორჩილოს მას, მეუფესა გიორგისა, ყველა, დიდი თუ მცირე, გარეშე მეფისა და მისი ტაძრეულისა!
   გიორგი ჭყონდიდელმა მორჩილებისა და თანხმობის ნიშნად ღირსებით დაუკრა თავი.
ხოლო კლდეკარის ერისთავთ ერისთავი ლიპარიტი, თავისთვისვე სრულიად მოულოდნელად სამეფო კარზე ამ უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობის დაკისრებით აღფრთოვანებული და კიპორჩხალასავით გაწითლებული, ადგილზე ცმუკავდა, ამცეცებელი აქეთ–იქით თავისი მოუსვენარი თვალებისა.
   – ნება მომეც სიტყვისა, მეფეო! – შესთხოვა დავით მეფეს გულიდან ამოსული ხმით.
   – ბრძანე, ლიპარიტ ბატონო! – ნება დართო იმანაც.
   დარბაზი სმენად იქცა.
   – მეფეო, ლამაზ–ლამაზ და მშვენიერ სიტყვათაც კი, აღმოთქმულთ ურთიერთძმობის წრფელი სურვილითა, აქვთ ზღვარი დაჯერებისა, მაგრამ ამგვარი საქმედ ქცეული ნდობა უკვე მეც საქმეს მავალებს, და ვფიცავ!.. – იქვე კედელზე დაკიდებული დედა–ღვთისმშობელის ხატის წინ დაუცა მუხლი და ქედმოდრეკილმა ხელები გულზე მოკრძალებით გადაიჯვარედინა. – ვფიცავ ცაში მაღალსა ღმერთსა, მიწაში – მამათა ჩვენთა გამომშრალი ძვლების სიწმინდეს, ხოლო მიწას ზეით – მეფის დიად სახელსა და ერის ღირსებასა, გემსახურო, მეფეო, იმ პირწმინდობით, რა პირწმინდობითაც მე თავისა ჩემისათვის მოვინდომო. არ გამოვიდეს ჩემი ხელიდან არცა ბოროტი და არცა ღვარძლიანი, და ვემსახურო მე ვაზირთა დასსაცა დიდის პატივისცემითა და უკეთესზე უკეთეს მაგალითთა ჩვენებით!
   წრფელი იყო კლდეკარის ერისთავთ ერისთავის გულის სიღრმიდან ამოდენილი ნაკადი სურვილთა და დაპირებათა, მაგრამ წევრნი დარბაზის ერისა, უთუოდ მეტ–ნაკლებად გულმომლღვალნი, მაინც გარკვეული სიშორით უცქერდნენ მის საქციელს.
   – მიიღე პირველი დავალება, ლიპარიტ ბატონო! – განუსაზღვრა იმას დავით მეფემ. – დარბაზის ერთან ერთად მოამზადეთ და ორშაბათ დღეს წარმომიდგინეთ გეგმა სამეფო კარისაგან სახელმწიფოს მართვისა. ორშაბათსვე დავდებთ ყველა წესსა და კანონს საპატრონებლად ქვეყანისა, ხოლო სამშაბათს თავად მე წარვემართები ჩემის სპითა და მეგობრებითურთ ქართლსა საძებრად სოფლებიდან გახიზნულთა და დასაბრუნებლად მათი თავიანთ სახლებსა შინა.
   ერისთავთ ერისთავმა ლიპარიტმა ანიშნა და დარბაზის ერთან ერთად ფეხზე წამოწეულმა ასე მიმართა დავითს.
   - დარბაზის ერი ხვალ დილიდანვე დაჯდება თათბირად, მეფეო, და მანამ ადგილიდან ფეხს არ მოიცვლის, სანამ შენს ბრძანებას სათანადო სისრულეში არ მოიყვანს. ახლა, თუ ნებას მოგვცემდი, მცირე თათბირისად განვმარტოვდებოდით. – და თავი დაუკრა მეფე დავითს.
   – მე სხვა რამ სათქმელ–შესაკითხი დღეს არღარა მაქვს თქვენთან. – მისცა წასვლის ნება დავით მეფემ.
   – ღმერთმა გადმოგხედოთ, დარბაისელნო. – მიადევნა იმათ, დარბაზიდან გამდინარეთ, გიორგი ჭყონდიდელმა, მათ საპატივსაცემოდ ახალგაზრდა დასელებთან ერთად ზეზე წამოწეულმა.

   დავით მეფის მიერ თავისი მეგობრებისაგან პირის აღება
   – ძმანო ჩემნო, – მიუტრიალდა დავით მეფე დარბაზში დარჩენილ ჭაბუკთ, თანაშეზრდილობით თავის ბავშვობის მეგობართ დეიდაშვილებსა თვისას – ძმებსა ნიანია და გრიგოლ კახაბერის ძეთ, თორნიკე ქაიხოსროს ძეს, გუარამ აბუსერის ძესა და მემნა ჭიაბერის ძესა. – ხედავთ კარგად, დადგა ჟამი მეფობისა ჩემისა, და მოვიდა ჩემგან თქვენი, ჩემს უახლოეს მეგობართა, გარს შემოკრებისა და თქვენზე დაყრდნობისა, და თქვენგან ჩემი, თქვენი ძმისა და მეგობარის, ხოლო ახლა უკვე თქვენი მეფისაც, მხარდაჭერის დრო. ღვთისა და მეუფე გიორგის წინაშე გეკითხებით თქვენ – შემიძლია თუ არა ვიქონიო მე, მეფემან საქართველოსამან, იმედი თქვენი, შთამოგისხათ გარს, რათა ვიღვაწოთ ერთად ერისა და მამულის საკეთილდღეოდ?
   – რა თქმა უნდა, მეფეო, რა თქმა უნდა! – უპასუხა ყველამ. – ოღონდაც რამეში წავადგეთ ჩვენს ქვეყანას და!
   – მიზანი დიდია – საქართველო, გარე და შინა მტერთაგან დღეს ასერიგად შეიწრებულ–შეკადრებული და დავარდნილი, ფეხზეა დასაყენებელი. – თვალნი მოჭუტა და გამომცდელად გაუშტერა თავის მეგობართ. – ეს დღეს ხომ ლამის შეუძლებელია; მზადა ხართ თქვენ ამ სასწაულის მოსახდენად?!
   – ვართ, მეფეო, ვართ! – უპასუხა ყველამ ერთხმად.
   – ათასი მტერი ჰყოლია ქართველთ ნათესავთ, ათასი მომხდური, მაგრამ ვინც აქამდე მოდიოდა, – ან ხარკს დაადებდა ჩვენთა ნათესავთ, ან ნაძარცვ–ნაალაფარს მოიხვეჭდა და მიდიოდა. თურქ–სელჯუკნი კი დედაბუდიანად და საშვილიშვილოდ მოედინებიან. მუსრი გაავლეს ქართლში ქართველთ ნათესავს, – საცა მოახელთებენ, იქა ჟლეტავენ; ქართლის მიწა, ოდესღაც ბაღ–ბოსტნებად ავარდნილი, თავიანთი კარვებ–ფალანგებით გადაათეთრეს, და თავიანთ ცხვრებს უმოწყალოდ გადააძოვინეს. სოფელი ნასოფლარად იქცა, მინდორი – ტყედ და შარა–გზა – ძეწვნარად. – გოროზად მი–მოხედა იქ მყოფთ და განუცხადა. – თავს გასულ თურქ–სელჯუკთა მორჯულება და საქართველოს საზღვრებს მიღმა მათი გასხმა მიდევს მიზნად. ეს დღეს ხომ ლამის შეუძლებელია; მზადა ხართ თქვენ ამ სასწაულის მოსახდენად?
   – ვართ, მეფეო, ვართ, გინდაც ამისთვის თვით სიკვდილსაც შევეყაროთ! – უპასუხეს მეფის შემართებით შეგულიანებულმა ახალგაზრდა დასელთ.
   – ქართველთ სინსილა გაწყვიტეს ქართლის მიწაზე თურქ–სელჯუკთ. იმათ, ვინც მტრის მახვილს რამენაირად გადაურჩა, დღეს კლდე–ღრეს, გამოქვაბულებსა და სოროებს ვირთხებსავით თავსშეფარებულთ ცალკე შიშისა, ცალკე შიმშილისა და ცალკე სიცივისაგან სძვრებათ სული. ამ გაუბედურებული ხალხის თავის მამულზე დაბრუნება, ხელახლად მოშენება და თავდადების პირადი მაგალითით თავიანთი მამულის უძლეველ დამცველებად გადაქცევა მიდევს მიზნად. დღეს ეს ხომ ლამის შეუძლებელია, მზადა ხართ თქვენ ამ სასწაულის მოსახდენად?
   – ვართ მეფეო, ნამდვილად ვართ!
   – დღეს ჩვენი წინაპარნი მოუსვენრობით საფლავებში რომ ბორგავენ თავანთი განაგისის ამგვარად დალაჩრებული და სამარცხვინო ყოფისა გამო, იმათი დაწყნარება მიდევს გულად; კაცისთვის კაცობის დაბრუნება და ქალისთვის მანდილის ღირსების აღდგენა. ერისა ზნეობრივი კანონის წესზედ შემოტრიალება, საერო სჯულის მათთვის კანონად დადება და ქართველი კაცის თავისის ქვეყნის პატრონად ქცევა, თუნდაც ეს სიკვდილის ფასადაც დაუჯდეს იმას. რამეთუ მხოლოდ მამულის პატრონობაში სიკვდილია მადლი, სხვა ყველა სიკვდილი ვირთხათ ხვედრია. მსურს, რომ იდღესასწაულოს ქართულმა სულმა როგორც სიცოცხლით, ისე სიკვდილით და იყოს იგი დაუმარცხებელი!.. ხოლო ეს დღეს ლამის შეუძლებელია, და თქვენ მზადა ხართ ამ სასწაულის მოსახდენად?!
   – ვართ, მეფეო, ვართ! – ერთგულებით შეჰღაღადეს მეგობართ.
დავით მეფე, მეტისმეტი შინაგანი ადუღებულობისა გამო ფეხზე უნებურად წამოზიდული და შუბლქვეშიდან შეუპოვრად გამომზირალი, მოქრუშული დაჰყურებდა ზემოდან თავის მეგობართ.
   – იცოდეთ კარგად, დღეს ადვილად სათქმელი ხვალე ძნელად აღსასრულებელი იქნება. მტერთან ბრძოლამ შეღავათი არ იცის, და სამშობლოსათვის სამსახურმა – პირადი ბედნიერება.
   – რა ვუყოთ ახლა, მეფეო! – ყველაფრისთვის მზად იყვნენ ისინი. – სადაც შენ, იქაც – ჩვენ!
   კარგა ხანს არ მოაშორა თავისი განმსჭვალავი და ძარღვებში სისხლის გამყინავი მზერა ბავშვობის მეგობართ და რა ნახა იმათგან თვალის ვაჟკაცური და უანგარო გასწორება, უკვე შვებამოგვრილმა და სახეზე ღიმილგადამდინარემ აგრე უთხრა:
   – მაშ, კარგით, ძმანო, ალილო და ხვალეო. სამშაბათს ყველა ერთად დავადგებით გზასა, მიმავალსა საქართველოს აღმშენებლობისკენ.
   – სიკვდილშიცა და სიცოცხლეშიც შენს გვერდითა გვიგულე, მეფეო! – იყო იმათგან კვლავ ერთხმა პასუხი.
   – დაგვლოცე, მეუფეო გიორგი! – შესთხოვა დავით მეფემ თავის აღმზრდელს.
   – ღმერთმა დაგლოცოთ, შვილნო ჩემნო! – დასწერა გიორგი მონაზონმა პირჯვარი მეფესაც და იმის მეგობართაც.
თვალები ყველას ერთმანეთის უღრმესი სიყვარულით, პატივისცემითა და დასახული დიდი მიზნების აღსრულებაში ერთმანეთთან თანაშეზიარების გულწრფელი სიხარულითა ჰქონდათ სავსე.
   – ნიანია, გრიგოლ, თორნიკე, მემნა, გუარამ, – სათითაოდ გადაეხვია თავისთან თანშეზრდილ ბავშვობის მეგობართ თუ ბიძაშვილ–დეიდაშვილთ დავით მეფე, აღსავსე უღრმესი სიხარულით. – აბა, თქვენ იცით, ძმანო, სამშაბათისთვის ხუთასი სპა, სანდო, მუხლმაგარი და კარგად აღჭურვილი, მზადა გყავდეთ, დილაუთენია სასახლიდან ქართლის გზას რომ დავადგეთ.

   გიორგი ჭყონდიდელის დარიგებანი
   – ხალხი იცვლება, მეუფეო გიორგი. – მიმართა გიორგი ჭყონდიდელს დავით მეფემ, როდესაც მისი მეგობრების ახალგაზრდა დასმა დარბაზი დატოვა. – ხომ ხედავ, ოღონდ კი ეს დალოცვილები რამენაირად მხარში დამიდგნენ და! – თითები მოიმარჯვა ჩამოსათვლელად. – თქვენ, – ძველი დასი მამაჩემისა... მერე, ერისთავთ ერისთავი ლიპარიტი, ახლა მეგობარნიც ჩემნი... იცვლება ხალხი, მეუფეო გიორგი, პირდაპირ, თვალსა და ხელს შუა იცვლება...
გიორგი ჭყონდიდელმა უარყოფის ნიშნად თავი დინჯად გააქნ–გამოაქნია.
   – ხალხი არასდროს არ იცვლება, მეფეო. – უპასუხა იმან დარწმუნებით. – ხალხი ყოველთვის თავისი თავის მსგავსია.
   – რას ამბობ, მეუფეო გიორგი! – თანამდგომთა მიმართ მადლიერების გრძნობით ატაცებულმა დავით მეფემ გიორგი ჭყონდიდელის სიტყვებზე ხელები გან–განზე გაოცებით გაშალა. – ბრმა უნდა იყოს კაცი, არ დაინახოს, თუ რაოდენი ზღვა კეთილისა აულივლივდა სულსა და გულში იმ ლიპარიტსა, რომელიც სულ მცირე ხნის წინ უხსენებელივით შემოჰხვეოდა სამეფო კარსა და აღრჩობ–შხამავდა მას აღვსილი ბაგრატოვანთა მიმართ ზიზღითა და გესლით?
   მაგრამ მიუდგომელი და დამოუკიდებელი იყო აზრი გიორგი ჭყონდიდელისა.
   – გეშინოდეს თაფლობის თვის სიტკბოებისა, მეფეო! – უთხრა დავით მეფეს იმან ყინულივით ცივი და სულგულის გამყინავი ხმით.
   – შენ გინდა თქვა, მეუფეო გიორგი, – წარბი უკმაყოფილოდ შეიკრა დავით მეფემ, – რომ ლიპარიტი ცრუობს, მეგობარნი ჩემნი ფლიდობენ და ფარისევლობა დღესასწაულობს ქვეყანასა ზედა?!
   – ღმერთმა დამიფაროს, მეფეო! – ჭყონდიდელმა პირჯვარი გარდაისახა და მეფესაც გარდასახა – პირიქით, – ლიპარიტიც გულწრფელია, გულწრფელნი არიან მეგობარნიც შენნი, ასე მრავლად რომ შთამოისხი გარეშემო შენსა, მაგრამ დამიჯერე, მეფეო, ამას დიდი მნიშვნელობაც არა აქვს,
   დავით მეფემ, ყოველთვის ყურად მღებმა თავისი აღმზრდელის რჩევა–დარიგებათა, გაურკვევლობაში ჩავარდნის ნიშნად მხრები აიჩეჩა:
   – როგორ თუ არა აქვს მნიშვნელობა, მეუფეო გიორგი!
ჭყონდიდელმა ისეთი თანაბრობით განაგრძო, თითქოს შუალედში დავით მეფეს კრინტი არც გაეძრა:
   – მას შემდეგ, რაცა ინება უფალმა აბრძანება შენი სამეფო ტახტსა ზედა, შენა ხარ მეფე და მბრძანებელი, ხოლო ისინი – ქვეშევრდომნი და შემსრულებელნი ბრძანებათა შენთა. შენ მეფის თვალებით უყურებ სამყაროს, ისინი – თვალებით ქვეშევრდომთა. შენ მეფის საზომით ზომავ ყოველივეს, ხოლო ისინი – საზომით ქვეშევრდომთა. შენა ხარ პასუხისმგებელი მთელზე, და ყოველთვის მოსთხოვ მათ სხვას, ხოლო ისინი – პასუხისმგებელნი ნაწილზე, და ყოველთვის მოგაგებენ სხვას.
   დავით მეფემ მღელვარებით სულთქმა მოინაცვლა.
   – იქნებ მასეც არის, მეუფეო გიორგი, მაგრამ სიყვარულსა და თანადგომას თუ არ გავუსწორე თვალი, უმადურის სახელს სადღა გავექცე!
   – სიახლის ნეტარება ყოველთვის ბრმაა და თვალის ამბმელი, მეფეო. – გიორგი ჭყონდიდელი, აღმზრდელი დავით მეფისა, მის მიმართ ახლაც ისეთივე უშეღავათო და სიმართლის შეუბრალებელად პიში მთქმელი იყო, როგორც ბავშვობისას. – დაიმახსოვრე კარგად, – იმ დღიდან, რაც ტახტზე ახვედი, შენსა და შენს ქვეშევრდომთა შორის უფსკრული ჩაიქცა, უფსკრული, ღრმა და საშინელი, უფსკრული, გათხრილი ეშმაკის მიერ, და ამას დრო, დღეს თუ არა, ხვალე, აუცილებლად წინ დაგიყენებს.
   – მაშ, ამაოებაა ყოველივე და აღარა ყოფილა საშველი! – აღმოხდა გიორგი ჭყონდიდელის მსჯელობით გულმოკლულ დავით მეფეს იმედგაცრუებით.
    – არა, მეფეო, – გიორგი ჭყონდიდელმა, მზრუნველმა ჭაბუკი მეფის სულის ჯანმრთელობაზე, არ დაანება მას განხიბვლა. – არსებობს ღვთისგან დადებული კანონი ამ ეშმაკისეულ უფსკრულზე მეფის მიერ ხიდის გადებისა და ერის ერთ მუშტად შეკვრისა.
   – რა კანონი, მეუფეო გიორგი?
   – მკაცრი კანონი მამისა მიერ თავის შვილთა სიყვარულისა.
   – რატომ, მაინცა და მაინც, მკაცრი?
   – თუ შეიძლებ იმდენს, რომ მოიცე მადლი ღვთისა, გადააბიჯო ამპარტავნებასა შენსა და გაუხდე მამად ერსა თვისსა, მხოლოდ მაშინ შეძლებ ჩაუთვალო შვილსა შენსა შეცდომა არა ბოროტებად, რათა შეიზიზღო, არამედ სისუსტედ, რათა შეიბრალო. თუ გიყვარს, შეუნდობ, ხოლო თუ შეუნდობ, აღაშენებ კიდეც.
   – მაგრამ, მეუფეო გიორგი... – შეეცადა ჩამატებას სიტყვათა დავით მეფე, მაგრამ მეუფება გიორგი ჭყონდიდელისა თვისსა საუბარსა შიგან თავისი აღსაზრდელის მიმართ, როგორც ყოველთვის, მბრძანებლურად შეუქცეველი იყო.
   – დაიმახსოვრე მეთქი, მეფეო, – ხაზგასმით გამოუმარცვლა მას. – მხოლოდ შენა ხარ მეფე მთელს საქართველოში, შენა ხარ ერთადერთი, და ეს განმხოლოება არის კიდეც შენი გოლგოთა. სხვათ ყველას ერთი ბედი, ბედი ქვეშევრდომთა ჰკრავს ერთსულად. შენ უთუოდ უნდა დაეუფლო ხელოვნებას მარტოობისას, რამეთუ ხვედრი შენი იმ წამიდან, რაც გვირგვინი დაგადგეს თავზე, სიმძიმეა მეფობრივი მარტოობისა.
   – მაგრამ ხიდი, მეუფეო? – დაებღაუჭა გიორგი ჭყონდიდელის მცირე ხნის წინ ნათქვამს დავით მეფე. – შენ ხომ უფსკრულზე გადებულ ხიდზე ლაპარაკობდი?!
გიორგი ჭყონდიდელს შეუმჩნეველი ღიმი გაექცა მეჩხერ წვერ–ულვაშში.
   – ხიდის გადება სწორედ მეფობრივი მარტოობის კანონის აღსრულებაშია, მეფევ ბატონო, – ჯერ დაჰკარგო სათითაოდ ქვეშევრდომნი შენნი, დანაშაულითა არასწორი საქციელისა, რათა შეუნდო, ხოლო თუ მოიცემ მადლსა შენდობისა, ხელახლა მოიპოვებ კიდეც როგორც ყველას ერთობით, ისე მთელსა სამეფოსა. თუ მოერევი შენ ქვეშევრდომთა სათითაოდ დაკარგვის ტკივილის სიმწარეს, მაშინ შეძლებ დაუფლებასაც მათზედ ბრძნული მეფობის სიტკბოებისა.
   დავით მეფეს სახე მოექუფრა, რადგანაც, ბოლოსდაბოლოს, მიხვდა, თუ საით მიედენებოდა აზრთა ფარას გიორგი მონაზონი.
   – გამოდის, რომ კიდევ გამოაჩენს თავის თავს ქვეყნის ერთობლივი აღშენების გზაზე არა მარტო ლიპარიტ ერისთავი, არამედ ძველი დასი მამაჩემის ვაზირთა, აგრეთვე, ყოველნი მეგობარნი ჩემნი ბავშვობისა... და არა მარტო ისინი...
   – ასეა, მეფეო. – თავი დაუქნია მეუფე გიორგიმ. – გქონდეს მოლოდინი მათგან იმედთა გაცრუებისა, მაგრამ არა შიშითა და დადარაჯებით, რათა განიხიბლო და დაეცე, არამედ მეფობრივი წინგანჭვრეტილობით, სულგრძელობითა და სიბრძნით, რათა გიყვარდეს მარადის და განძლიერდე, რამეთუ ყველანი ძმანი შენნი და სისხლისმიერი ნათესავნი შენნი არიან. არის ღვთაებრივი კანონი ქვეყნის მეფობისა, შესთხოვე შემწეობა უფალსა და მისდიე მის წმინდად აღსრულებასა, რამეთუ ეს არის კიდეც ერთადერთი გზა შენი მეფობრივი ძლევამოსილების დამკვიდრებისა და ერისა და სამშობლოს წინაშე ღვთით დაკისრებულ ვალდებულებათა აღსრულებისა.
   – მაშ, ახლა მე რა ვქნა, მეუფეო გიორგი, როგორ მოვიქცე?
    გიორგი ჭყოედიდელმა დამამშვიდებლად შეახო თავისი ჩია და გამხდარი მარჯვენა დავით მეფის მხარს.
   – დიაღაც, რომ წრფელია, მეფეო, აღტაცება ლიპარიტ ერისთავისა და მოქმედებანი მისნი, და ეჭვის შეტანა, თქმა არ უნდა, მკრეხელობაა. დიაღაც, რომ წრფელია სურვილი შენი მეგობრებისა თანადაგიდგნენ შენ, რათა იყოს ძლიერი სახელმწიფო, და ჭეშმარიტად უნდა უმადურ იყო, არ დაუფასო მათ გულისმოძრაობანი მათნი. ეს არის კიდეც ღვთით ნაბოძები ბრწყინვალება დღევანდელისა დღისა. გულღიად მივესალმოთ მას და განვაგრძოთ სვლა გზასა მასსა ზედა ეკლიანსა და უსწორმასწოროსა, სვლა, დაწყებული ასერიგი ნიჭიერებით.

   წასვლა მეფე დავითისა გახიზნული ხალხის საძებრად ქართლსა შიგან
   სამი დღე და სამი ღამე იჯდა დარბაზის ერი ლიპარიტ ერისთავის მეთაურობით. გაიჭირვეს, გაისარჯნენ, სამი დღის სწორზე კი დავით მეფისთვის მიცემული სიტყვა პირნათლად შეასრულეს და მას სამეფოს განმგებლობის ზოგადი სქემა წარმოუდგინეს.
ორშაბათსვე იმსჯელა სამეფო დარბაზმა დავით მეფესთან ერთად, – დაადგინეს ყველა წესი და კანონი სამეფოს მართვისა, განუსაზღვრეს ყველა ვაზირს თავ–თავისი საქმენი, პასუხისმგებლობით საპატრონონი აღმსულებლობითა, რითაც შეუქმნეს ყველა პირობა დავით მეფეს ქართლში თავისი ლაშქრით გადასვლისა და იქ თავის მიზანთა აღსრულებისა.
   სამშაბათისთვის დილაბნელზე ხუთასი გამორჩეულად აღჭურვილი და გაწვრთნილი მხედარი იდგა სასახლისწინა მოლზე და მეფე დავითის გამოჩენას დიდის ამბით ელოდებოდა.
   მზე ჯერ კიდევ არ იყო ამოწვერილი შემტრედისფერებულ ცაზე, დავით მეფე ცხენებზე ამხედრებული თავისი ახალგაზრდა მეფიონითურთ რომ გამობრძანდა ქუთათისის სამეფო სასახლის კარიბჭედან.
   თავში მოექცნენ ლაშქარს ისინი, მიმსალმენი დამლოდინეთა და თან გაიყოლიეს. ჯერ ნაპირ–ნაპირ აუყვნენ ბებერ რიონს, მშფოთვარედ აჩქერებულს წვიმების შემდეგ, მერე მწვანედ ამტყდარი ლიხის მთიანეთი გადაიარეს და მეორე დღის სამხრობისას ქართლის მიწაზეც დაადგეს ფეხი.
   მიუყვებოდა დავით მეფე თავისი სპითურთ წინ მდებარე სავალსა და გაოცებას იყო მიცემული ნანახით ათასგზის გულმოკლული – არა ჰგავდა ხალხის სამყოფელს ის არემარე. ტყე ხომ ისევ ტყედ შრიალებდა, მაგრამ ყოფილი მინდორ–ველებიც თავის სახნავ–სათესებიანად ერთიანად ბუჩქნარად და ეკალ–ბარდებად აჯაგრულიყო და იმ გაუკაცრიელებულ სივრცე–არეში მიმავალ მეფის ლაშქარს, ამხედრებულს ცხენებზე, ფლოქვებქვეშიდან ხან მელა–კვერნა გამოუსხლტებოდათ, ხან ტახთა კოლტი ამოეშლებოდათ თავის გოჭებიანად. რამოდენიმე ალაგას მურა დათვმაც გაარიდა სპათა სიმრავლეს თავი. სადღაც იქით, ტყეთა სიღრმეში ავაზა იღრინებოდა, სადღაც – ვეფხვი ან იმისი სხვა ნათესავნი ათრთოლებდნენ მსმენელთა გულებს. ხეობის გადაღმიდან გადმოსული მიკიოტის გულსაკლავი კივილი და მგლის ეული ყმუილი ჰყინავდა მოლაშქრეთა გულებსა და ამ გაველურებულ სამყაროს წინაშე შიშითა და სიფრთხილით ავსებდა.
   მერე სოფლებიც, უფრო სწორედ, ნასოფლარებიც, შემოხვდათ გზათ – ჯერ ერთი, მერე მეორე, მესამე...
   ოი, ქართველნო, ამაოდ განმსარჯველნო და ამაოდ მოღვაწენო! იდგნენ მიწური სახლები მიტოვებულები, უპატრონობით თვალებდათხრილნი და მიუხედაობით ბანჩაქცეულები. ვაშლისა, ატმისა, ტყემლისა და მსხლის მოუვლელ–გაუსხვლელი და გაბარჯღულ–გაველურებული ბაღები მოლაშქრეთა გულებს ერთიანი ტკივილით ავსებდა. ერთ დროს ხვავრიელ–ბარაქიანი, ხოლო ახლა მოუვლელობით გაველურებულ–გატყიურებული ვაზნი ვენახთა, ფითრივით მოდებულნი ყოველსა მას ხესა თუ შენობასა, რასაც კი მისწვდომოდნენ, ზედ შემოჰხვეოდნენ და მწვანე ფოთოლთა საფარველით დამფარველნი ყოველივეს თავის ბუნებით სახეს უკარგავდნენ. უყურებდა დავით მეფე ამ საცოდაობას და თვალები წყლითა ჰქონდა სავსე. მიდიოდნენ ხან გამართულად, სწორ გზაზე გავაკებულნი, ხან – ვარაუდით, ძეწვებსა და ტყე–ბუჩქებში გზაკვალარეულნი. წინამავალნი ხშირ–ხშირად უწალდავდნენ გასავალსა, როგორმე მეფის სპას წინ ნაბიჯ–ნაბიჯ რომ წაეწია.
   ცხრა გავერანებული, მიწასთან გასწორებული და სულიერისაგან ერთიანად დაცლილი სოფელი რომ გაიარეს და მეათეში შევიდნენ, მაშინ ღა მოჰკრეს თვალი მოლაშქრეთ, სანახავით სულით ხორცამდე შეძრწუნებულთ, ერთ ცოცხალ ადამიანის შვილს, – სახურავჩაქცეული ნასახლარის ნანგრევებიდან საწყალად ამოეყო თავი და მოსულთ შეშინებული ათვალიერებდა.
   მოხუცებული იყო, ჰასაკით იქნებ ოთხმოც წელსაც გადაცილებული, მოუვლელობისაგან ჭაღარა თმა–წვერი ნაბადივითა ჰქონდა შემოძეკილი შიმშილობისაგან დაპატარავებულ ერთი მუჭა სახეზე და ის ძონძებიც, რაც ასე თუ ისე, ეხვია ჩონჩხად ქცეულ, დაუბანლობისა და არაადამიანურად ტყე–ღრეში გდებისაგან გაშავრკინებულ სხეულზე, იმას წესიერად, ალბათ, ვერც სიცხისგან იფარავდა და ვერც სიცივისგან.
   ერთი სიტყვით, ადამიანი კი არა, ცოდვის მოხილება იყო.
   – ეჰეი, ბიძაკაცო! – შეუძახა ნიანია კახაბერის ძემ ტკივილისაგან გამთბარი ხმით ბერიკაცს. – შენ ნუ შეგეშინდება ჩვენი. ქართველები ვართ, სამოყვროდ მოსულნი და გამოდი აქეთ.
   ისედაც ხომ არც მანამდე არა ყოფილა საწყალი ბერიკაცი დიდ მოძრაობასა და მკვირცხლ გადაადგილებაში, მაგრამ შეძახილის შემდეგ უარესად დამფრთხალი, საერთოდ, მონუსხულსავით გაშეშდა ადგილზე. მანამდე ვერ გასძრა კრინტი და ვერ წასდგა ნაბიჯი წინ, სანამ მისახმარებლად არ გადახტნენ ჩაწოლილ ღობეზე მეომარნი და მკლავზე ხელმოკიდებული არ გამოიყვანეს იმ ადგილას მდგარი ხის ქვეშ, სადაც ადრე გზა უნდა გადენილიყო.
   ხან აქედან მოუარეს იმ უბედურს, ხან იქიდან, კრინტი ვერანაირად ვერ დააძვრევინეს და – მუნჯი ყოფილაო, დაადგინეს; იმისი საცოდაობით გულდათუთქულებმა ამოულაგეს ხურჯინებიდან ხორაგეულობა, თუ რამ ებადათ, ფიალაშიც ღვინო ჩამოუსხეს, გაუმასპინძლდნენ, დააპურეს. ის უბედური სულ ხრიპინ–ხრიპინითა და სლოკინ–სლოკინით ნთქავდა მეფისაგან მირთმეულ ჭამადს თავისი უკბილო პირით და თან ათასი უბედურებით გათანგული თვალებიდან ცრემლებიც შევარდნილ ლოყებზე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.
   ცოტა რომ შენაყრდა, კიდეც მოსულიერადა და კიდეც თვალებიდან გამოიხედა.
თვალი მოატარა მხედრობას და მერე მზერა თვით მეფეზე შეაჩერა.
   – გამარჯობა, ბიძაკაცო! – სიტფოთი გაჯერებული ღიმილით მიესალმა დავით მეფე იმას, თითქოს ახლაღა დაინახა მოხუციო.
   – ღმერთმა გამარჯვება ნუმც მოგიშალოს, შვილო! – ძლივთ გამოამეტყველა სათქმელი ლუკმით პირგამოტენილმა.
   გაოცდნენ ყველანი, ერთმანეთს თავის ქნევით გადახედეს – აკი ჩვენ მუნჯი გვეგონაო.
   – მე დავითი ვარ, მეფე საქართველოსი, – უთხრა იმას დავით მეფემ დაყვავებით. – შენ ვინღა ბრძანდები?
   ამის გაგონებაზე უბედურს ლამის სასუნთქში გადასცდა საღეჭი, მერე, მცირე ხნის შემდეგ, გათამამებულმა დავითის დაყვავებით, თავადაც გასძრა პასუხად ხმა:
   – როცა ქვეყანა იყო, ერი და სოფელი, – ცვატაი მერქვა – უცნაურად გაპრანჭა იმან სახე, ალბათ, ღიმილის ნიშნად, მერე თავზედ დაიხედა და მწარედ ამოიგმინა – ეხლა რაღა, – ძვალ–ტყავად ქცეული მხრები საწყლად აიჩეჩა, – ეხლა ისიც აღარ დავრჩი.
   – მერე აქ მარტო რას აკეთებ, ან ხმის გამცემი არ გინდა ან...
   – სიკვდილამდე ერთი ტარის დადებაღა დამრჩენია, მეფეო. გაუშვი ისევ ჩემს მამულში ამომხდეს სული. ამ ბაღ–ბოსტანსა მკვდრისგანაც არ გაენებება თავი...
   – განა აღარავინ დარჩა შენს მეტი ცოცხალი, ბიძაკაცო, ირგვლივ რომ კაცის ჭაჭანება არ არის?
– ჰო, ბევრი გაგვწყვიდეს, მეფეო, ძალიან ბევრი... მაგრამ ბევრიც... – მოხუცმა კიდევ ერთხელ სტყორცნა გამომცდელად მზერა დავით მეფეს და რომ ვერა შეამჩნია რა მასში საფრთხილო და საშიში, ჩიფჩიფით განაგრძო. – ბევრიც გაიხიზნა, მააშ, მეფეო, ბევრიც გაიხიზნა...
   – სად? – ჰკითხა დავითმა, თან მოხუცის დასამშვიდებლად დაამატა. – იმათი მამულზე დაბრუნება მნებავს, თორემ, როგორც ვუყურებ, მალე, ალბათ, ცალკე ისინი გადაგვარდებიან უსახლკარობა–მოუსავლობითა და ცალკე – მამულ–ქვეყანა გავერანდება უპატრონობით.
   – ბარეღამ, მეფეო, – საბრალო ცვატაი, თითქოს თვალებს არ უჯერისო, დაჭყეტილი შეჰყურებდა დავით მეფეს. – მაგრამ თურქ–სელჯუკნი?
   – თურქ–სელჯუკნი რა; მეტს დაუთმობ, მეტს წაგგლეჯავენ. ქვეყანას პატრონობა უნდა. – მერე გადაწყვეტით მოუჭრა. – მოკლედ, მე, მეფე საქართველოისა, ერის სანახავადა ვარ მოსული, ჩემო ცვატა, და უნდა მანახო!
   – იმათ აქ ოთხი–ხუთი წელიწადიც იქნება, შიშით ფეხიც აღარ ჩამოუდგამთ. ათასში ერთხელ თუ ჩამოჰგზავნიან ხოლმე ვისმეს სოფელზე დასახედადა.
   – ჩვენ თვითონ ავიდეთ, კაცო. შორს არიან ძალიან?
   – არც შორია და არც ახლო. – გაშავებული წაზრდილი ფრჩხილებით ცვატაიმ ჭუჭყჩაჭდეული კეფა ფხაკა–ფხუკით მოიფხანა. – იფნის კლდის ქვაბებში დგანან ეგენი, აქედან ერთი დღის სავალზე.
   – მაშ, გაგვიძეხი...


    ლიპარიტისა და დედოფალთ დედოფალი ელენეს ბაასი სასახლის კარზე
   – განა ეს არის საქმე, ლიპარიტ ერისთავო?! – აღშფოთებული დედოფალთ დედოფალი ელენეს მიმართვაში ბრძანების კილოს ზღვარი არ ჰქონდა. – როდის იყო მეფე, ღვთივ კურთხეული და დიდებული, გლახაკთა საძებრად კლდე–კლდე და ღრე–ღრე თავად დაეხეტებოდა?! რა, ნაკლები ჰყავხართ იმას ქვეშევრდომნი და მისი ბრძანებისა უსიტყვოდ აღმასრულებელნი?!
   ლიპარიტ ერისთავთ ერისთავი, მოწიწებით მდგარი დედოფალთ დედოფალი ელენეს წინაშე, მორჩილებით იღებდა მისგან გამოთქმულ საყვედურთა და უკმაყოფილებათა რიგს.
   – დედოფალო, – დინჯად უპასუხა იმან, გამბედავმა დედოფალთ დედოფალი ელენეს მიერ გამოთქმულ აზრში მცირეოდენი შესწორების შეტანისა. – ისინი გლახაკნი კი არ არიან, არამედ მისი უდიდებულესობა ქართველი ერია, ვისი მეფობაც თავად დავითს აღირსა უფალმა.
    – მერე და განა ხამს მეფისაგან სამეფო კარის ამდენი ხნით ეგრე უპატრონოდ დაგდება, ლიპარიტო, – დედოფალთ დედოფალი ელენეს მბრძანებლურ ხმას საყვედურნარევი წუწუნი გამოერია. – ვინცა ჰყავდა, ყველა თან რომ წაიყვანა?!
   – დედოფალო, ქვეყნის საჭე, ღვთისა და თქვენის მადლით, საიმედო ხელშია. – ლიპარიტ ერისთავთ ერისთავი მტკიცე იყო მტკიცებაში და შეუვალი. – ხოლო დავით მეფეს თან იმდენი კაცი ახლავს, რამდენიც იქ მის მიზნთ აღსრულებას ექვემდებარება.
   – მე მეინტერესება, მეჭურჭლეთუხუცესი ვარდანის პატრონობა სალაროს შემოსავალ–გასავლისა რარიგ...
   – დედოფალო, – შეახსენა დედოფალთ დედოფალ ელენეს ლიპარიტმა. – მეჭურჭლეთუხუცესის დანიშვნაცა და მისგან სამეფო საჭურჭლის გაცემ–შევსების საქმენიც პირადად დავით მეფის განკარგულების ფარგლებშია.
– მაშ, შენ რაღად გაბარებს ის ანგარიშებს, ლიპარიტო? – არ მოიშალა სიმკვეთრე ხმაში დადოფალთ დედოფალმა ელენემ.
   – მე მეფის ბრძანების შემსრულებელი ვარ მხოლოდ, დედოფალო. – თავმდაბლად გასცა იმის სიმკვეთრეს პასუხი კლდეკარის ერისთავთ ერისთავმა.
დედოფალთ დედოფალმა ელენემ ახლა სხვა მხრიდან მოუსინჯა ამ ყრუ კედელს გასარღვეველი.
   – კარგი, ლიპარიტო, მაშინ მე, დიდსა დედოფალსა საქართველოსი, მაინტერესებს, გუშინ ამირსპასალარმა რად...
   – დედოფალო, ამირსპასალარის მოქმედებანიც მხოლოდ და მხოლოდ დავით მეფის პირადი ნებისა და უფლებების ფარგლებშია.
   დედოფალთ დედოფალმა ელენემ წარბები აპრიხა.
   – მერე და, თავად შენ რა აზრისა ხარ ამ საგნის შესახებ, ლიპარიტო?
   – მე, დედოფალო, მხოლოდ და მხოლოდ მეფის ბრძანებას ვემორჩილები.
   – რა შედის მეფის ბრძანებაში?
   – ის, რაც დავით მეფეს ჩემთვის უბრძანებია.
   – რა უბრძანებია, ლიპარიტო? – აწყდებოდა და აწყდებოდა ლიპარიტის მიერ აღმართულ ჯებირს აქოჩრილ ტალღებად დედოფალთ დედოფალი ელენე, ნაჩვევი თავისი ქმრის ხელში სახელმწიფო საქმეებში ჩარევას.
   – არა მაქვს ნება თვინიერ დავით მეფისა ვისმესთვის მის ბრძანებათა მოხსენებისა, დედოფალო.
   – განა მე, დედა მეფისა და დიდი დედოფალი საქართველოსი, ვინმე ვარ, ლიპარიტო? – ინება აღშფოთება დედოფალთ დედოფალმა ელენემ.
   – დიდება თქვენსა დედოფლობასა, დედოფალო, და ქედისმოდრეკა ჩემი!
   – მერე, განა მე კი არა მაქვს ნება საქართველოსთვის წუხილის გამოხატვისა? – ინება დაჩივლება დედოფალთ დედოფალმა ელენემ.
   – ერთად ვიწუხოთ მამულისა ჩვენისათვის, დედოფალო, და ერთად ვილოცოთ მისი კეთილდღეობისათვის.
   – გადაწყვეტილებათა გამო გული მიკვდება, ლიპარიტ ერისთავო. – დედოფალთ დედოფალ ელენეს ხმაში ახლა დედის კვნესა გამოერია. – ვაი თუ რაიმე შეცდომა მოუვიდეს ჭაბუკ მეფესა...
   – დედოფალო, გადაწყვეტილებათა მიღება ოჯახში მამაკაცობით მოდის. – სიმაგრე ლიპარიტ ერისთავთ ერისთავისა მიუდგომელ იყო და აუღებელ. – ხოლო ის ერთადერთი მამაკაცი ჩვენს დიდ ოჯახსა შიგან, ვინც იღებს გადაწყვეტილებას, თავად დავით მეფეა.
   მეტი რომ ვერღარა მოახერხა რა, დედოფალმა ელენემ შვებითა და სიხარულით აღაპყრო ხელები დარბაზის ჭერისკენ და ღმერთს შეჰღაღადა:
   – მადლობა შენდა, უფალო იესო ქრისტე, რამეთუ მომასწარ შენ იმ დღესა, როცა ჩემს ოჯახში მამაკაცი მეფობს მამრის სიმტკიცითა და ურყეველობითა და მტკიცე ხელით წარმმართველი სამეფო კარისა, დიაღაც, რომ დიდად თაკილობს დედაკაცის ჩარევასა მის საქმეებში! – მერე მოკრძალებით დაუკრა თავი კლდეკარის ერისთავსა და მადლიერებით გამთბარმა მიმართა:
   – გმადლობ ლიპარიტ ბატონო, მაგ ერთგულებისა გამო დავით მეფისა მიმართ! სწორედ რომ დროით მოგვივლინა მამაზეციერმა ჩვენს სასახლის კარს შენი თავი იმედად და ნუგეშად. – და სანამ გულდამშვიდებული დარბაზიდან გავიდოდა, როგორც ეს სუსტსა და ნაზ ქალბატონს შეეფერებოდა, გულიდან ამოსული მდუღარებით შეჰღაღადა მას:
   – მტკიცედ ედექით გვერდში შვილსა ჩემსა, ლიპარიტ ერისთავო, მტკიცედ, და... ფრთხილად, ფრთხილად, ემანდ სადმე ხრამში არ გადმეჩეხოს ჩემი დედისერთა თავისი უებრო თავდადებისა და უსაზღვრო გამბედაობისა გამო. მამამისიც ხომ დარდით აღარ არი...
   – მე ერთგული სამსახურით ყველანაირად დავამტკიცებ, დედოფალო, რომ შენ, დედას თვისისა შვილისა, გჯეროდეს და გქონდეს იმედი ჩემი, რამეთუ ჩვენი ერთობლივი ზრუნვით არ მივაკაროთ მას, მეფესა ჩვენსა და შვილსა თქვენსა, არცა ტკივილი რამე და არცა ჭირი და უბედურება.
   ბედნიერი იყო დედოფალი ელენე, რამეთუ მის ყურებს ესმოდა ის, რისი გაგებაც ასე სწყუროდა და ნუგეშად ელამუნებოდა მის დედური ტკივილით გასიებულ გულს. მან, შემოსვლისას ლიპარიტ ერისთავის მიმართ ათასი საყვედურებით აღსავსემ, მის მეგობრად და თაყვანისმცემლად დატოვა დარბაზი.


    დავით მეფის შეხვედრა გახიზნულ მოსახლეობასთან ქალაქ–გამოქვაბულებში
   საღამოს პირზე ააღწიეს კიდეც იფნის კლდეებს ასე კლდე–კლდე და ღრე–ღრე სიარულით. მოხუცი ცვატაი მიუძღოდათ იმათ წინ მოლაშქრეების მიერ საბარგო ცხენზე წამოსკუპებული. ვიწრო მდინარე მოჩუხჩუხებდა იფნის ხეობაში და რიყის ქვა–სიპში დუღილ–ბუყბუყით გზის გამკვალავი თითქოს და რაღაც ჯავრიანს მოუთხრობდა იმის სმენად დამდგარ სიჩუმეში გარინდებულ მთა–ტყიან არემარეს.
   საღამოს ბინდ–ბუნდში მგზავრისაგან გზა კიდევ როგორმე გაიგნებოდა, ერის საძებრად მიმავალ კლდის საცალფეხო ბილიკზე გაჭიმულ მეფის ამალას წინ ჯერ უზარმაზარმა ლოდმა რომ ჩაუშხუილა გრუხუნით, ლამის არის მთელი არემარე ხეობაში თან ჩაიტანა, მერე იმ ლოდს კლდის თავიდან:
   – ეჰეი, თქვენ მანდა! – ვიღაცის მჭახე, მუქარიანი ჩამონაძახი ჩამოჰყვა. – ვინა ხართ და რა გნებავთ? სამტროდ მოდიხართ თუ სამოყვროდ,?
   – ცვატაი ვარ, ქავთარ, – ჯაფარასავით ასჩხავლა ბერიკაცმა, ეტყობა დამხვდური ხმაზე იცნო. – და ისეთი ხალხი მომყავს თქვენთან, სიხარულისა და პატივისცემის მეტი არა გმართებთ რა. წადი, შეატყობინე სხვათაც და კაცები ჩამოდით გზაზე.
  – ცვატავ, ვინ არიან ეგენი? – კლდით ჩამომდინარე ხმა მსუყე ეჭვით იყო გაჯერებული. – ძალით ხომ არ მოჰყავხარ ვისმეს, ადამიანო. ჩვენ ჩვენი ჭირიც გვეყოფა იცოდე. ემანდ ამ სიბერეში ჭაღარა არ შეირცხვინო და შენი ნამუსის წახდენას სოფელი არ ანაცვალო!
   – რას ანბობ, ქავთარ, მეფე მომყავ მეთქი, საქართველოს მეფე, თავისი ხალხით. სოფლის ნახვა უნდა და თქვენთან ლაპარაკი.
   ამის თქმა იყო და სუსი აღარ გაძრულა კლდის თავიდან. სამაგიეროდ, მცირე ხნის შემდეგ თხუთმეტიოდ კაციანი გუნდი გამოჩნდა წინ, ფიწლებით, ცელებითა და ცულებით შეიარაღებული.
   რა დაინახეს ცვატაის კეთილდღეობა და დაუძალებლობა, მიეახლნენ წინად მიმავალ ჭაბუკ მეფეს და მუხლის მოყრით თაყვანი სცეს.
  თეთრ–მოყავისფრო ორცხობილასავით ფენა–ფენა დახაზულ, შვეულად ჩამოჭრილ კლდეს, რიყის მარჯვენა მხარის მთელი ფარსანგის სიგრძეზე ზემოთ მთისკენ ზოლად აყოლებულს, გამოქვაბულები იმ საღამოს ბინდ–ბუნდში შავ–მუქი ლაქების სიმრავლედ დასტყობოდნენ და თუ არა წინდაწინი ცოდნა, არავის ფიქრადაც არ მოუვიდოდა თუ იქ ადამიანის სადგომი არსებობდა. მისასვლელი გზაც ისეთნაირადვე იყო შენიღბული, როგორც თავად სადგომი; ჰალვასავით სწორედ ჩამოჭრილ კლდეზე ის საცალფეხო ბილიკად ჯერ სულ სხვა, საწინააღმდეგო მხარეს მიემართებოდა, მერე იქ, ლელისა და მაყვლის ბარდებში მხარს იქცევდა და უკან ქვაბებისკენ ბრუნდებოდა, თუმცა ჯერ ქვევით–ქვევით ეშვებოდა, ხოლო სადღაც ერთი გაქცევის სიახლოვიდან იწყებოდა საფეხურ–საფეხურ სახტომი კიბე–კიბე გზით უკვე პირდაპირი მიახლოვება გამოქვაბულებთან და ბოლოს ისე იყო მოწყობილი, რომ თუ დამხვდურს არ ენება, მომსვლელთა ნებისმიერ სიმრავლეს გაუმკლავდებოდა და გამოქვაბულამდე თუნდაც ორი კაცით ათას კაცს არ მიუშვებდა.
   ვარდობის თვის ბოლოსთვის უჩვეულო სიგრილითა და სინოტივით უბერავდა მთაში ჩაჭედილი ხევ–ხუვებიდან.
   სამეფო სპა და თავიანთი ცხენები დაბლა რიყეში დატოვეს მეფემ და მეფიონმა მთელი თავისი ავლა–დიდებით, ხოლო თავად საცალფეხო ბილიკზე ასე ნაბიჯ–ნაბიჯ ნელ–ნელი გადაადგილებით როგორც იქნა ქვაბებამდეც ააღწიეს, სადაც ამ შეხვედრის მოულოდნელობით წინდაწინვე რეტდასხმული ხალხი თავისი მეფის თვალდათვალ ხილვას ერთის ცნობისწადილითა და სასოებით ელოდებოდა.
   – გამარჯვებათ, ადამიანებო! – მიესალმა დავით მეფე თავის ერს, როდესაც კლდეში შეჭრილი დაბალი კარით ერთ–ერთ გამოქვაბულში შერგო თავი და თავისდავე მოულოდნელად, საკმაოდ ფართე ხალხით სავსე დარბაზში აღმოჩნდა.
   – გამარჯვება არ მოგიშალოს ღმერთმა მტერზედა, მეფეო. – იმას წინ ერთი წარმოსადეგი ბერიკაცი შემოეგება და უკვე ქვაბ–დარბაზში შესულს წინ მუხლი დაუცა. იმას მიბაძა ყველამ, – კაცმა, ქალმა, მოხუცმა თუ ბავშვმა. – შენის დანახვით, მეფეო, – გააგრძელა იმან ფრიად მოკრძალებული, მაგრამ იქ მყოფი ხალხის წინამძღოლის რიხით. თვალებში მეფის დანახვით გამოწვეული სიხარულისა და მისადმი მეტისმეტი მოწიწების ცრემლი ულინცლინცებდა. – ჩვენს სიხარულსა და გაოცებას საზღვარი არა აქვს.
   თიხის ნიადაგში ფაქიზად გამოჭრილი, ჭერით მაღალი და კედლებში მიმაგრებული კვარებით საკმაოდ განათებული გამოქვაბულის დარბაზი სავსე იყო გახიზნული ქართლელებით – მოხუცები, ქალები, მათ შორის ხელში თოთო ბავშვებითაც. დარბაზიდან სხვა ოთახებში გასასვლელი კარებებიც სავსე იყო ცნობისმოყვარე სახეებით; ეტყობოდა, რომ იმათ იქითაც მრავალსა ჰხდებოდა სული მეფის ნახვის სურვილით, მაგრამ კარებში ვეღარ შემოტეულიყო.
   უმეტესწილად კაცსაც, ქალსაც და ბალღსაც, თმაგაწეწილებსა და ჩვეულებრვი ყოფის რიგად მთლად ისე ვერ მოვლილებს ტყავ–ბეწვეულობა ემოსათ ზოგი კურდღლისა, ზოგი მელიისა, ზოგი მაჩვისა და ზოგი კვერნისა. დათბობის მიზნით იმათ კედლებიცა და იატაკიც ტახის, დათვისა და ვეფხვის ტყავებით ჰქონდათ უხვად მოფენილ–მოფარდაგებული.
   აქა–იქ იმ ნადირთა თავების ფიტულებიც იყო კედლებში გამოჭრილ თაროებზე სილამაზისთვის გამოდგმული. ხალხს ეტყობოდა წლების მანძილზე ქვაბებში ცხოვრების შეგუებულობა და უჩვეულო პირობებში თავისი ყოფა–ცხოვრების მეტ–ნაკლები კეთილმოწყობით მოგვარებულობა.
   ეამა დავით მეფეს ამ გაჭირვებაში ხალხისაგან საკუთარი თავის პატივისცემის არდაკარგვა და ღირსეულ ყოფაზე ზრუნვის მისწრაფება. მიუხედავად აქ ყოფნის იძულებითობისა არ იყო იმათი გამოხედვა ღდინმიცლილი, ლაჩრული და მათხოვრულად ხელებში შემყურე. ხალხი თურქ–სელჯუკთა გაუსაძლისი შემოსევების გამო კი გაჰრიდებოდა თავის მამა–პაპეულ სახლ–კარსა და მამულს, მაგრამ, როგორც ეტყობოდა, არც გაწყვეტას აპირებდა და არც გადაშენებას. ეტყობოდა, რომ იმისი ყოფა აზრითა და გონიერებით იყო სავსე და იმისი საქციელი – ღირსებითა და წესიერების ნიშნით ბეჭედდასმული. და იმათი გამომეტყველებიდან არა თუ დღევანდელი გაჭირვების როგორმე გაძლება, არამედ ხვალინდელი ცხოვრების მზადყოფნობაც გამოსჭვიოდა.
   ეამა დავითს, იმათ მეფეს, მათზე დაყრდნობილსა და მათზე მოამაგეს, ამბავი საკუთარი ხალხის სულიერად არდაცემისა და შინაგანი ჯანმრთელობისა. იგრძნო – სისხლი ძარღვებში მეტის თავისუფლებითა და სილაღით როგორ აუჩქროლდა და ტან–სხეულშიაც როგორ მოემატა ღონე და ილაჯი. დამხვდურთა სახით საკუთარ სახლ–კარს გარიდებულ საქართველოს ჩაჰხედა თვალებში და, ამოიკითხა რა იქიდან თავისი ბედ–ხვედრის პატრონთა ბეჭდაუდებელი გოროზობა, გამოქვაბულში შესვლამდე ეჭვით დახრული გული ახლა იმედებით აღევსო.
   – მობრძანდი, მეფეო, მობრძანდი... – ჭარმაგ მოხუცს, რომელიც დამხვდურთ შორის თავკაცობდა, თავად მეფის თავიანთ გამოქვაბულში სტუმრობის მოულოდნელობისაგან აშკარად შემცბარს, თავი აღარ იცოდა სად წაეღო და უჩვეულო მდგომარეობაში ჩავარდნილს მოვლენები რომელ მხარეს განევითარებინა არ იცოდა, – ჩვენს სახლ–კარში იქნებ სულ სხვანაირი გაბედულებით დაგხვედროდით, – ხელები მობოდიშებით გაშალა – მაგრამ აბა, აქა არც ღვინის დასაწურადა გვაქვს საქმე და არც ყანის მოსაყვანად...
   – მე თქვენთან, ბიძაკაცო, თვალი თვალში ჩასახედადა და სული სულში სასაუბროდ ამოველ. ბოდიში კი თქვენი ამგვარი ყოფისათვის, – ჭმუნვაჩამდგარი მზერა მოატარა გამოქვაბულს, – თავად მეფესა აქვს თქვენთან მოსახდელი და მომიხდია კიდეც. რომ გავავსოთ საკუთარი ეზო–ყურე, დღეს უპატრონოდ მიგდებული და გაპარტახებული, შრომის ხმაურითა და ბალღაუჭობის ჟრიამულით, რომ კვლავ ვწუროთ ქვევრებში ღვინო და პურიც ძველებურადვე ვაცხოთ თონეებში, – აი, ჩემგან თქვენი ნახვის სურვილისა და თქვენთან მოსვლის ერთადერთი აზრი და შინაარსი. – მერე ნელინელ სათითაოდ მოატარა იმის წინ დამდგარ ხალხს მზერა. – იქნებ ყაბულსაც აღარ ხართ მამულში დაბრუნებაზე!
    ხალხმა ჯერ ვერ გაიგო, თუ რასა სთავაზობდა ეგრე მოულოდნელად ციდან ჩამოვარდნილი ჭაბუკი მეფე, მერე თანდათანობით მოეგო რა ცნობას და მიხვდა რა იმისი ნათქვამის შინაარსს, გაოგნდა. ზოგიერთებმა – სწრაფებმა, უცებ დაიჯერეს – სიხარულისაგან ადგილზე შეხტნენ, ხელი ხელს შემოჰკრეს, ერთბაშად ატყდნენ ყიჟინად და აღტაცების შეძახილებად – აღარ იცოდნენ ამ მოულოდნელად თავს დატეხილი ბედნიერებისათვის თავი როგორ მიესადაგებინათ. ზოგიერთნი დაჯერება–არ დაჯერების ზღვარზე გაიხიდნენ და თავიანთი თავები ეჭვსა და ყოყმანს მიუგდეს სახრავად. სხვათ, ურწმუნოთ, პირიქით, ძუნწად მომუწეს პირები და დავით მეფის სიტყვებზე გაღიზიანდნენ და მის მიმართ, ცოტა არ იყოს, მტრულად განეწყნენ კიდეც – იმათ სასწაულებისა კარგა ხანია აღარა სჯეროდათ რა.
მეფემ ხელი ასწია და ხმაური ჩადგა.
   – რამდენი სოფელია კიდევ თქვენი ხეობისა ასევითარად ტყესა და კლდეებს შეხიზნული?
   – ცხრა სოფელი, მეფეო, მეათე თურქ–სელჯუკთ მთლად გაგვიჟლიტეს და თითოოროლა იმათგან გადარჩენილი ზოგი ჩვენ შემოვიხიზნეთ, ზოგიც სხვებთან არიან შეკედლებულნი.
დავით მეფემ კრძალვით მოიხადა ქუდი.
   – ახლავე გაგზავნეთ მაცნენი, ცხრავე სოფლის თავკაცებმა რომ საჩქაროდ აქ მოიყარონ თავი. ყველასთან ერთი სათათბირო და სალაპარაკო მაქვს. – ხოლო როცა გასაგზავნი გაიგზავნა, გააგრძელა. – მანამდე კი ასე მარჯვედ გამოკვეთილი თქვენი კლდე–ქალაქი დამათვალიერებინეთ. – თან ნიანია კახაბერის ძეს უჩურჩულა რაღაც, თან თავის გაქნევით კარებისკენ უჩვენა.
   – კარგი, მეფეო. – თავი დაუკრა იმან, მასპინძელი კაცებისკენ შეტრიალდა მეფის ბრძანების აღსასრულებლად და რამოდენიმე მათგანი გაიყოლია რა თან, ხეობაში გამავალ კარებიდან გააბიჯა გარეთ ხეობაში.
   კლდე–ქალაქი ოთხ სართულად იყო კლდეში გამოჭრილი, სართულებს ერთმანეთთან თიხის ნიადაგში ხაზებში გამოკვეთილი კიბეები აკავშირებდა. ყოველი სართულიდან ხეობას ფანჯრები გადაჰყურებდა სადგომში სინათლისა და ჰაერის შემოსასვლელად.
   საცოდავი, თავის კერას მოშორებული და ამ მიწის სამყოფელს უმოწყალოდ შეკედლებული ხალხი დამდგარიყო და მისჩერებოდა თავის მეფეს გაფართოებული თვალებით, რომელშიც იყო სიტფოც და სიცივეც, თავისიანობაც და უცხოობაც, სიყვარულიცა და ზიზღიც, აღტაცებაცა და გაღიზიანებაც. გამოქვაბულებში ეგრე უპატრონოდ ცხოვრებას იმათთვის დიდი დაღი დაეჩნია.

   ბიზანტიისა და თურქების ელჩთა საქართველოს სამეფო კარზე მოსვლა
   დარბაზის ერი გიორგი ჭყონდიდელისა და ლიპარიტ ერისთავთ ერისთავის მეთაურობით დარბაზობას ეწეოდა, ათას გადასაწყვეტელს წყვეტდა, დარბაზში კარისკაცი რომ შემოვიდა.
   – ელჩი გეახლათ ბიზანტიიდან, ლიპარიტ ბატონო; მიღებას ითხოვს.
   ერთმანეთს გაოცებით გადახედეს ამ მოულოდნელი და გაუფრთხილებელი ვიზიტისა გამო.
   – შემოიყვანეთ. – ნება მისცა ლიპარიტ ერისთავთ ერისთავმა მას შემდეგ, რაც ჭყონდიდელისგან უხმო თანხმობა მიიღო.
შემოუძღვნენ დესპანსა ბიზანტიის კეისარისა, შემოიყვანეს და დარბაზის ერის განლაგებულობის საპირისპირო სკამზე დააბრძანეს. რა დაბრძანდა იგი ალაგსა მითითებულსა, მოხსნა პირი და ამოუშვა ქართველთა მიმართ საყვედურთა და შერცხვენათა კორიანტელი:
   – თურქ–სელჯუკებზე გაგვცვალეთ და რა ხანია ჩვენსკენ აღარც იხედებით; ან ღვთის შიში არა გაქვთ, ან თქვენი შთამომავლობისა?! ორივენი მართლმადიდებელნი მაინც არ ვიყოთ, რასა სჩადით, როგორ არა გრცხვენიათ? – თავის კვალობაზე მოქოქილი სწრაფად–სწრაფადა და სხაპასხუპით აღმოსთქვამდა სიტყვათ.
მისალმების მაგივრად ამ მოულოდნელად პირდაპირ და თამამ ბრალდებათა ნიავღვარის მომსმენმა დარბაზის ერმა ერთმანეთს გაკვირვებით გადახედ–გადმოხედა.
   – მერე, რის სანაცვლოდ?! – ბობოქრობდა ისა. – ამდენი მხარდაჭერა გაგვიწევია თქვენთვის, ამდენი თანადგომა მრავალ მტერთან ბრძოლებში; რასა სჩადით მეთქი, გეკითხებით, რასა სჩადით? როგორ არა გრცხვენიათ?
   დარბაზის ერმა, პირჩამუქებულმა, გიორგი ჭყონდიდელისკენ გაიხედა. ის კი იჯდა მშვიდი და აღუშფოთებელი და ხმის ამოღებას არც აპირებდა.
   – განა დაგავიწყდათ, რაოდენი ოქრო და ვერცხლი გვიბოძებია ჩვენ თქვენთვის და არც მაღალ–მაღალი ჩინ–წოდებები დაგვიშურებია; ნუთუ ყოველივე ქარმა წაიღო? განა შეიძლება იმის კადრება, რასაც თქვენა იქმთ? როგორ არა გრცხვენიათ?
   რადგან გიორგი ჭყონდიდელმა, მხოლოდ და მხოლოდ ძუნწად გამხედმა ლიპარიტ ერისთავისკენ, არა და არ ინება თავად კრინტის გაძვრა, ბიზანტიის ელჩის უტიფრობით შეურაცხყოფილი დარბაზის ერი ახლა კლდეკარის ერისთავთ ერისთავს მიაჩერდა არა თუ თხოვნის გამომხატველი, არამედ მკაცრად მომთხოვნი გამომეტყველებით.
   – ეჰ, ქართველნო, ქართველნო! – ბიზანტიის ელჩი კი თავის ნირზე აგრძელებდა თავის სარეკელასავით ერთფეროვან რაკარუკს. – ნუთუ ყოველივე დავიწყებას მიეცით და თურქ–სელჯუკთა ურჯულო სულთანი არჩიეთ ბიზანტიის მართლმადიდებელ კეისარსა?!
   – შენ ეგ საით გაუტიე, ბატონო! – მოულოდნელად დაიგრუხუნა ქართველთა მხრიდან იმ საერთო გასუსულობაში ლიპარიტ ერისთავმა. – წუნწუხივით რომ გადაგვასხი თავს ამოდენა სირცხვილის ლაფი, განა ჭკუათმყოფელი კაცი უსაყვედურებს ორმოში ჩავარდნილ ადამიანს, ჩასავარდნად რაღა ეგ ორმო აირჩიეო?! თქვენ, თურქ–სელჯუკთაგან თავად ძლეულნი ჩვენ, უარესად დამარცხებულთ დამარცხებას ვითღა გვსაყვედურობთ? ჩვენთან ურთიერთობას თუ ასე გულით ელტვით, გმირნო და ვაჟკაცნო, მალულად რაღად მოიპარებით?! ჯერ თავად სულთანი მოგეთათბირებინათ, როგორმე ჩვენთან მოსვლის ნება რომ დაერთა, თორემ თუ ერთი ჭკვაში არ მოუვიდა იმას თქვენი საქციელი, მტრისას, გაუგონარ ბავშვსავით უკანალს დაგიწითლებთ. – უთარგმნეს, ბიზანტიის ელჩი თავის მხლებლებთან ერთად ეკალნაჩხვლეტსავით წამოხტა სკამიდან და ერთი–ორი გაუგებარი სიტყვის წადუდღუნების შემდეგ დარბაზიდან კუდამოძუებული გაიძურწა.
   წესიერად არც იყო ჩანელებული ხმაური დარბაზში ბიზანტიის ელჩის ამ უცნაური გამოსვლის შესახებ, კარისკაცმა ხელახლა რომ შემოხსნა დარბაზის კარი.
   – სულთანის დესპანი ელის შემობრძანებას, დარბაისელნო!
   დარბაზში ერთბაშად სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. დაცემული და ძლეული ბიზანტიის ელჩისგან განსხვავებით თეთრ ბედაურზე ამხედრებული თურქ–სელჯუკთა სულთანის მიერ გამოგზავნილი დესპანის მოსვლა ხუმრობა–საქმე არ იყო იმ ხანის საქართველოს სამეფო კარისთვის.
   – შემოვიდეს.
   არ გასულა დიდი ხანი კარისკაცის მოხსენებიდან, შიშით დაზაფრულ და საგონებელში ჩავარდნილ დარბაზში ახლა თურქ–სელჯუკთა დესპანი რომ შემობრძანდა. ეს ფაშფაშა თურქი თავისი სიგრძე–სიგანით სოვდაგარს უფრო ჰგავდა, ვიდრე სულთანის კარის მოხელეს.
   ლიპარიტი მოკრძალებით წამოუდგა და იმ სკამზე მიუთითა, რომელსაც მცირე ხნის წინ ბიზანტიის კეისრის დესპანი ათბობდა.
   – სულთანმა... – დაიწყო სულთანის დესპანმა ნელი მღერით, თითქოს დაწყებულ საუბარს აგრძელებსო. – სულთანმა, გაიგო რა, რომ სამეფო ტახტზე სხვა მეფე დაგისვამთ, მასთან კი არ შეგითანხმებიათ, ფრიად იწყინა.
   დარბაზის ერი უარესად გაისუსა. თავად სულთანი იყო უკმაყოფილო საქართველოს სამეფო კარის საქციელით! დაძაბულობამ დაზაფრა იქაურობა. დარბაზის ერი, ხელ და გულ დადუმებული, მორჩილად ელოდა, თუ როდის გაისმებოდა დარბაზში პასუხი, რაიმენაირი, იმის მიერ გაცემული, ვინც გაბედავდა და თავის თავზე აიღებდა ამ სიმძიმეს. დრო აღარ იცდიდა. შეკვეთილივით დადუმებულ გიორგი ჭყონდიდელს ლიპარიტ ერისთავმა ამჯერად ლოდინი აღარ დაუწყო.
   – ეგრე გადაეცით პატივცემულ სულთანსა – დაგვისვამს, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი სამეფო გაგვაჩნია. თუ ყოველივე ის, რისი მიღებაც ჩვენგან ნებავს დიდ სულთანსა და რასაც მეფე გიორგი მას თავის დროზე შეჰპირებია, ისევ ძალაში რჩება, განა რაღა მნიშვნელობა აქვს მისთვის ჩვენს სამეფოში ვინ რა ფერის ტანისამოსს ჩაიცვამს ან ვინ რა ალაგას დაბრძანდება?
   თურქ–სელჯუკთა დესპანმა კარგა ხანს ათვალიერა ყურადღებით ლიპარიტ ერისთავი, პატრონი ამგვარად გაბედულ სიტყვათა, რამოდენიმეჯერ თვალები გაოცებით დააფახულა, მაგრამ რაკი იმის პასუხს ვერანაირი ბზარი ვერ მოუნახა, შემდგომი საკითხის წამოსაჭრელად ისევ ეტრატში ჩახედვა ამჯობინა.
   – სულთანი ამბობს, რომ ალლაჰმა შვა ყოველივე და ყოველი ადამიანის შვილი არის ვალდებული თაყვანი სცეს ალლაჰს. თქვენ, ქართველნი ქრისტეს მიმდევარნი, ჭეშმარიტ სჯულსა გმობთ და თქვენს შორის არც იმათ აძლევთ იმის საშუალებას, ვინც ალაჰის თაყვანისცემის მოსურნეა.
   დარბაზის ერმა ისევ ლიპარიტ ერისთავს მიაპყრო იმედიანი მზერა.
   – განა არის კი ქართველთა შორის თუნდ ერთი კაცი, მოსურნე უცხო რჯულის მიღებისა? – ლიპარიტმა გაოცებით გაშალა ხელნი. – ეგრე გადაეცით თქვენს სულთანსა, რომ ჩვენ ჩვენს მამაპაპასთანა ვართ წმინდა ვალდებულებით შეკრულნი და ჩვენივე ხელით ჩვენს თავებს ვერ ამოვიძირკვავთ!
   – სულთანი კეთილია, სულთანი იღებს ხარჯსა ისპაჰანსა შიგან შვილთა თქვენთა განსწავლისათვის... ისინი ისევ თქვენ დაგიბრუნდებიან... ისინი ისევ საქართველოს გამოადგებიან... მეტი რაღა გინდათ.
   – დიდი მადლობა მოახსენეთ დიდ სულთანსა, მისი სიკეთე ჭეშმარიტად ცასა სწვდება. ჩვენ უთუოდ გადავცემთ ჩვენს მეფესა, როდესაც ის ინებებს სასახლის კარზე დაბრუნებასა.
   – სულთანსა გული სტკივა, რომ ერთი მეჩეთიც არა სდგას გურჯთა მიწაზე მუსულმანთათვის. განა რა მოხდება?! ააშენეთ, ააშენეთ... არა ერთი, არა ორი... არამედ ბევრი.
   – თქვენს სულთანსა იმიტომ სტკივა გული, რომ ის თურქია და თურქთათვის იღწვის, მუსულმანია და ისლამისთვის ზრუნავს. ხოლო ჩვენ ქართველნი ვართ, ჩვენ ჩვენი დედა გვიყვარს და ჩვენი დაფასებაც ჩვენი ღმერთისგან ჩვენივე ქართველობით მოდის. დიადია თქვენი სულთანი და მსოფლიოს მბრძანებელი, აკი ვუთხარით კიდეც თავის დროზე და ქედის მოხრით ხარკიც გავუჩინეთ. ახლა თუ ჩვენი სრული გადაშენება გადაუწყვეტია, პირდაპირ გვითხრას, ხარკს რაღას ეზიდება ჩვენგან. თუ მოვლაპარაკებულვართ, ორთავე მხარემ შევასრულოთ კიდეც ჩვენი ვალდებულებანი, თუ არა და, ბარეღამ გაგვჟუჟოს ერთიანად და მაგით მორჩეს.
   სულთანის დესპანი დიდხანს და მდუმარედ ათვალიერებდა კირკიტი კაკალივით უტეხ ერისთავთ ერისთავსა, მერე დანარჩენთაც მოავლო ეჭვიანი მზერა ქედმაღლურად და კარგა ხნის დუმილის შემდეგ, როგორც იქნა ამოღერღა:
   – მაშ, მეფის შეცვლასთან ერთად არ გადაგიფიქრებიათ ქედის მოხრა და დაპირებული ხარკის მორთმევა დიადი სულთანისათვის?!
   – სიტყვა სიტყვაა, ჩემო ბატონო. – დაამშვიდა იგი ლიპარიტ ერისთავთ ერისთავმა. – ჩვენსავე ნათქვამ სიტყვას სად წაუვალთ?!
   – ეგრე გადაეცით სულთანსა, რომ შეუძლია ჩვენის მხრიდან სული დამშვიდებული ჰქონდეს.
   – ძალიან კარგი, ძალიან კარგი. – თქვა შინაგანად უამრავი ფიქრით აღსავსემ და ნელი–ნელ, თითქმის დაუმშვიდობებლად ისევე დატოვა დარბაზი, როგორც მცირე ხნის წინ მისალმების გარეშე შემოვიდა.
დუმილი ჩამოვარდა
   – არ მოგვინდომეს დედაბუდიანად გადაჯიშება ჩვენსავე ბუდეში ამ შობელძაღლებმა?! – აღმოხდა მცირე ხნის შემდეგ წყენით ადუღებულ ლიპარიტ ერისთავს. დარბაზის ერი ისე შეჰყურებდა კლდეკარის ერისთავთ ერისთავს, როგორც თავიანთ ჭეშმარიტ წინამძღოლს, ღონიერსა და მრავლის შემძლეს, რომელსაც სამეფოში ყოველისთვის პასუხის გაცემა და ყველაფრის პატრონობა კიდეც ევალებოდა და კიდეც შეეძლო.

    დავით მეფის თათბირი ცხრა სოფლის თავკაცობასთან
   როდესაც ცხრა სოფლის თავკაცთ იფნის კლდე–ქალაქში მოიყარეს თავი, მეფე დავითს იქაურობა უკვე სრულიად ჰქონდა დათვალიერებული და ქვაბულის დიდ დარბაზშიც უკვე მზად იყო სუფრა, გაშლილი მეფისა და ცხრა სოფლის თავკაცთა სათათბიროდ. მეფის ამალის მიერ ამოტანილი ღვინო–ხორაგეულობა, რომლის გაწყობასაც დავით მეფის დავალებით ძმები ნიანია და გრიგოლ კახაბერის ძენი უძღვებოდნენ, ემატებოდა მასპინძელთა მიერ შემწვარი და სუფრაზე მოსართმევლად გამზადებული ირმისა და გარეული ღორის მწვადები, კურდღლის ტაბაკები, დათვის ხორცის ხაშლამა, მრავალფეროვან ფრინველთა მჟაუნათი გემოვნებით გაწყობილი ჩახოხბილი, ნერწყვის მომდენი თავისი ნოყივრობითა და თვალდათვალი მიმზიდველობით ველური შვინდის შეჭამანდი; თუმცა მეფის ამალას სამეფო სასახლის თონეში ჩაკრული შოთი–პურებით გაელამაზებინათ სუფრა, მაგრამ მასპინძელთ მაინც მოეტანათ ბოლქვის პურები – ბოლქვის საგულდაგულოდ გამხმარ ფესვთაგან დაფქვილი და აფუების ყველა წესის დაცვით დამცხვარი ორცხობილები.
   სუფრა სავსე იყო ტყის ხილით – რა გინდა სულო და გულო, რომ იქ არა ყოფილიყო – მაჟალო, პანტა, შვინდი; და ყოველივე ეს კლდე–ქალაქის საკუჭნაოებში დაგროვილი მარაგიდან.
   მეფის მიერ მორთმეული ღვინო და სუფრაზე გაშლილი მთელი ხორაგეულობა თავმომწონედ გამოიყურებოდნენ კოხტად ნაძერწ–ჩამოქნილი ჯამ–ჭურჭელიდან, გამომწვარი ასევე კლდე–ქალაქში ჩამართულ საგანგებო ღუმელებში.
   გაიოცა მეფიონმა, – აღტაცებაში მოსულნი მასპინძელთა მოფიქრებულობა–მოხერხებულობით ცალკ–ცალკე უსინჯავდნენ გემოს სუფრაზე მორთმეულ ყველა თავ კერძს, ნუგბარ–ნუგბარ, ველური ყურძნის ჩამიჩით გაწყობილ ნაზუქებსა თუ ორცხობილებს, დიდის ხელოვანებით დამცხვართ კლდე–ქალაქის ფურნეებში.
   – ჩვენი ტყე უხვია, მეფეო, და მადლიანი, – უხსნიდნენ მასპინძელნი თავმომწონედ სტუმართ იმათი გაოცების პასუხად, – გვაჭმევს, გვაცმავს და გვინახავს, როგორც დედა საკუთარ შვილსა.
   მიუსხდნენ სუფრას ცხრა სოფლის თავკაცნი, მეფე დავითი თავისი მეფიონით და დაიწყო პურობა. თამადობით მეფე იწინამძღვრეს, მერიქიფედ – ერთი ჭაბუკი სოფლელი.
   ადიდეს ღმერთი, ახსენეს დიდი წინაპრები.
   – ამ სასმისით ცვატას გზას გაუმარჯოს, ხალხო, გზასა, მიმყვანსა მეფისა თავის ხალხთან, გზასა, გადებულსა მეფესა და ხალხს შორის, გზასა, ერის გამაერთიანებელსა!
წამოიშალნენ, ყველამ დიდის პატივისცემით შესვა.
   სუფრის წესითა და რიგითა და სტუმარ–მასპინძლობის მიხედულებით რომ გაივაკეს, და დადგა ის შესაფერისი წამი, მიუტრიალდა დავით მეფე სუფრის წევრთ და ასე მიმართა:
   – მე, მეფე თქვენი, არც ერთ თქვენგანზე მეტად არა ვარ პატრონი საქართველოისა, და თქვენც, ქართველი ვაჟკაცნი, ჩემს წინაშე მსხდომნი, არც ერთი არა ხართ ნაკლებად ვალდებულნი ერისა და ქვეყნის წინაშე, ვიდრე მე; ქვეყანა უპატრონოდ არის დაგდებული, წავიდეთ და ერთად ვუპატრონოთ.
ცხრა სოფლის თავკაცთ გაოცებით გადახედეს ერთმანეთს და შუბლები შეიჭმუხნეს.
   – მერე, თურქნი, მეფეო?
   – ერთად დავუხვდეთ და ერთად გავყაროთ.
   – ისინი რომ ძლიერნი არიან, მეფეო, და ჩვენ – სუსტნი?!
   – თუ იმათ, მოსულთ, ჩვენი მიწის გულისთვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ, ამ მიწის პატრონთ რაღად უნდა გვილაჩრდებოდეს გული.
   – აბა, მეფეო, – ცოტა არ იყოს, შეცბნენ სოფლელნი. – ცხენი ჩვენ არა გვყავს და იარაღი ჩვენ არა გვაქვს.
   – გექნებათ!
   – სახლ–კარი გაპარტახებულია მეფეო, ჭერი გვინდა თავზე და სახურავი. აბა, დედა–წულს ღია ცის ქვეშ ხომ არ დავჰყრით?
   – ერთად ავაშენებთ!
   – ჭამა? სმა? თუ სადმე რამე სავარგული და სახნავ–სათესი გვქონდა, დღეს იქ ტყე არის ავარდნილი.
    – ერთად გავტეხოთ ახო, ერთად გავსჭრათ სავარგული, ერთად ვხნათ და ერთად ვთესოთ!
   – როგორ მეფევ, ხარ–უღელი ჩვენ აღარ დაგვრჩენია და გუთანი.
   – გექნებათ!
   – საიდან, მეფეო? – სულს ძლივთ ღა იბრუნებდნენ ცხრა სოფლის თავკაცნი. – არაბული დრაჰმა ჩვენ აღარ არ მოგვეპოვება და ბერძნული ბოტინატი.
   – სამეფო ხაზინაში რაც კი რამ სიმდიდრეა, ბოლო ოქრომდე თქვენ, ქართველ ხალხს, გეკუთნით.
   მოჭუტული თვალებიდან ეჭვიანად ათვალიერებდნენ ცხრა სოფლის თავკაცნი მათ წინაშე მჯდარ ახლად წვერ–ულვაშ ამობიბინებულ ჭაბუკ მეფეს, დაპირებებში ასე უჩვეულოდ გულუხვსა და იმედის მიცემაში ასე თვალშისაცემად გაბედულს, და არ ეჯერებოდათ.
    იყნოსა რა დავით მეფემ უნდობლობა და ეჭვი, გაპარული ჰაერში და გამმჟღენთელ–გამავსებელი გამოქვაბულის სივრცე–არისა, სუფრის თავში მჯდარი ადგილიდან გოროზად წამოიწია. ხარივით მიუტრიალ–მოუტრიალა იმან გარშემომყოფთ მრისხანებით აპარპარებული თვალები და ხელი ძალაუფლებით გაიშვირა იმათსა ზედა:
    – ახლა ყველაზე მთავარს მოგახსენებთ და კარგად მომისმინეთ. – ხალხმა იგრძნო მეფის შინაგნობიდან გამომდინარე ყოვლის წამლეკავი და ყველანაირი წინაღობის გადამლახავი ძალა და, მიუხედავად იმისი სიჭაბუკისა, თავადაც ადგილებიდან ყველა, როგორც ერთი, რიდითა და მოწიწებით შეკრულნი წამოიზიდნენ. – ის, რაც ახლა აქ, თქვენს წინაშე ვთქვი – ვთქვი მე, დავით ბაგრატიონმა, მეფემ საქართველოისა, და მოწამე ყოვლის სიტყვისა, წარმოთქმულისა ჩემს მიერ, მაღლა ღმერთია, დაბლა – თქვენ, ძმანი ჩემნი – სისხლნი სისხლთაგანი და ხორცნი ხორცთაგანი ჩემნი. ის, რაც ახლა აქ თქვენს წინაშე ვთქვი მე, დავით, ნაშიერმან ბაგრატიონთა და მეფემან საქართველოისა, ან იმას, რასაც ამის შემდეგ ვიტყვი წინაშე თქვენთა, და საერთოდ, ყოველი სიტყვა, წარმოთქმული ჩემს მიერ როგორც აქამდე, ისე დღეის ამას იქით, იცოდეთ, რომ ჩემთვის კანონია, ღვთით ბეჭედდარტყმული. ნათლად ვუბნობ თუ არა?
   – ნათლად უბნობ, მეფეო, ნათლად.
   – მეტსაც გეტყვით – ვინც ვის წინდაწინ რასმე შეჰპირებია, იმას ის წინდაწინვე მოუტყუებია. ერთმა ღმერთმა უწყის თუ ვის რას როგორ შეაძლებინებს და სად რა როგორ მოხდება. დაპირებები ცრუპენტელათ ხვედრია, ოღონდ, იცოდეთ, ვალდებულების აღსრულება – ვაჟკაცისა. მე გეუბნებით თქვენ: გაძევთ ვალად დაბრუნება მამულსა ზედა და დაბრუნდებით! გაძევთ ვალად აღდგინება ყოველთა ნაგებობათა და აღადგენთ! გაძევთ ვალად ხვნა და თესვა და დაპურება ერისა, და მიჰყოფთ ხელს ხვანას და თესვას და დააპურებთ! გაძევთ ვალად მტერთან ბრძოლა, და ასროლინებთ კიდეც იმას კუდით ქვას! გაძევთ ვალად პატრონობა მიწისა თვისისა და უპატრონებთ კიდეც! ხოლო თუ არ აღასრულებთ იმას, რაც ვალად გაძევთ, მაშინ აღარც მიწის ზეით დაგედგომებათ და აღარც საფლავში ჩაიშვებით. ჩემი, საქართველოს მეფის, ვალია გითხრათ ყოველივე ეს და ასევე აღვასრულო ჩემი წმინდა ვალდებულება ჩვენთა მამა–პაპათა წინაშე და დაგიდგეთ გვერდში, როგორც ერთი თქვენთაგანი. ვუბნობ თუ არა სწორად?!
   – სწორად, მეფეო, სწორად!
   – ხოლო გასაკვირია არა ის, რაც მე ვთქვი, არამედ ის, რომ აქამდე ასე არ არის. განა ჭეშმარიტებას არ ვუბნობ?
   – დიაღ, მეფეო, ჭეშმარიტებასა ბრძანებ...
   – ნამდვილად ასეა...
   დავით მეფეს უკვე მოეპოვებინა კეთილგანწყობა და რწმენა ხალხისა. შეჰყურებდნენ ისინი და მისი გონიერებისა და უძლეველობის შინაგანი აღვსილობით ერთდროულად გაოგნებულებიცა და დამორჩილებულნიც დაფიქრებულნი თანხმობის ნიშნად თავებს უქნევდნენ.
   წამოდგა ჭიაბერი, იფნისხეობელ უხუცესთა შორის უხუცესი და მასპინძელთაგან ყველას მაგივრად იმან გასცა დავით მეფეს პასუხი:
   – ოღონდაც მეფეო. ჩვენ, როგორცა ხედავენ შენი სულმნათი თვალები, ტყუილ დაპირებათ ვინა ჩივის, დღემდე ბედისა და ღვთის ანაბარადა ვართ ამ ტყე–ღრეში მიყრილნი. შენ ამბობ, რომ გვერდში დაგვიდგები. ოღონდაც და ოღონდაც! ჩვენ არც შრომა გვეზარება და არც მტერთან ბრძოლისა გვეშინია, შენი – ხრმალი და ჩვენი – კისერი! თავად ჩვენ დაგიდგებით გვერდში, გვიჩვენე მაგალითი, წაგვიძეღ წინ და, ოღონდაც ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ იყოს და, თუ გინდა ქვესკნელშიც თან ჩამოგყვებით, ჩვენზე უკეთესს ძალას აღარა ნატრობდე!
   იმ საღამოს კარგი დრო გაატარეს დავით მეფემ, მეფიონმა და ცხრა სოფლის თავკაცთ. ქეიფიც კარგი გასწიეს, ბრძნული სადღეგრძელონიც ბევრი სთქვეს, შიგადაშიგ წაულექს–წაუკაფიავეს კიდეც და სიმღერებიც მადლიანი შემოსძახეს. შუაღამემდე ახმიანებდა მთელს ხეობას იმათი გამოქვაბულის სარკმელიდან გამომდინარე ხმა ლხინისა და მეფისა და ერის ურთიერთგაგების დღესასწაულისა.
   მეორე დილით ადრიანად კიდევ ერთხედ დასხდნენ თათბირად მეფე და იფნის ხეობის სოფელთა თავკაცნი, იმსჯელეს და დასთქვეს, – დავით მეფე ქუთათისს გაემართებოდა თავისი პირობის აღსასრულებლად – მოსართმევლად ერისა, სიმრავლით ორიათასს შეწვდენილისათვის, ცხენთა, იარაღთა საბრძოლო–სამეურნეოთა და სხვა მრავალ აღჭურვილობათა, საჭიროთა ვითარცა ბრძოლასა შიგან, ისრეთვე მშვიდობიან ცხოვრებაში.
   ერი ჰპირდებოდა ორი კვირის თავზე ორშაბათ დღეს ხეობის ყელში დაჰხვედროდა მეფის ამალა–ქარავანსა უკვე მზადმყოფი ქვეყნის აღსაშენებლადა.
   – ყოველ ეზო–კარსა, გზასა, მისასვლელსა თითოეულ მათგანთან, მინდორსა, ველსა სავარგულსა, ბაღ–ბოსტანსა და ვენახსა, ასერიგად გაველურებულ–გაბარჯღულსა, გასუფთავება, გამოჯაგვა, გასხვლა და თავისებურად ჭკუაზე მოყვანა უნდა. სანამ მე დავბრუდებოდი, თქვენ უქმად დროს არა და არ დაკარგავდით.
  უფრო მეტიც, დავით მეფემ იმათ მისახმარებლად თავისი ხუთასი სპაც დაუტოვა თორნიკე ქაიხოსროს ძის თაოსნობით და უთხრა:
   – რა სარგებელია აქეთ–იქით თქვენი უქმი ხეტიალი?! აქ ხელსაც შეახმარებდით საქმეთა სამეურნეოთა აღსასრულებლადა და, ვინიცობაა, ინება უფალმა, გარეშე მტრისგანაც დაიცავდით. მე გზად ოც კაცზე მეტს არ ვსაჭიროებ.
    აგრე თქვეს, აგრე ინებეს და აგრეც გააკეთეს. ბევრიც აღარ გაუგრძელებიათ, დაემშვიდობნენ ერთურთს, და ყველამ თავთავის მიერ დაკისრებული მოვალეობის აღსრულებას მიჰყო ხელი.

    დავით მეფის დაბრუნება სასახლის კარზე
   მოესურვილებინა წინა დღით სასახლის კარზე მობრძანებულ დავით მეფეს ცოლ–შვილი, გაეძღო იმათი ფერებით თავისი მოშიებული სული, და ახლა კვლავ სახელმწიფო საქმეთა გაძღოლისათვის მზადმყოფი და სრულ წესრიგში მოსული სამეფო დარბაზში თავის დედ–მამასთან ტკბილად და გულითადად მუსაიფობდა.
   – მომიტევებ შვილო, ალბათ, – ეუბნებოდა ქართლის მზით გარუჯულ შვილს დედოფალთ დედოფალი ელენე. – ვიცი, არ გიყვარს შენს საქმეებში სხვათაგან ცხვირის ჩაყოფა, მაგრამ, რა ვქნა, დედა ვარ და ვერ მოვითმინე. არაერთგზის გამოვცადე ლიპარიტი, ხან აქედან მოვუარე, ხან – იქიდან, ვერა და ვერ მოვუნახე ზადი ამ კაცისა ვერცა თქმასა და ვერცა კეთებასა. ასე პირაღებით ხალხისგან ნაქები ადამიანის მნახველი ჩემს დღეში არა ვარ. აი, თავად მეფეთ მეფე გიორგიც გეტყვის... – და იმას დაუთმო სალაპარაკოდ სარბიელი.
   – რა უნდა ვთქვა, დედოფალო! ცუდად მართლაც რომ არ ეწევა თავის ჭაპანსა ეგ კაცი. შრომობს და შრომობს დღენიადაგ.
   – მართლა, დედავ–ბატონო? ძალიან კარგი!.. ძალიან კარგი!.. ყოჩაღ, ლიპარიტო!.. – დავით მეფე, გამგონე მშობლების მიერ ლიპარიტ ერისთავთ ერისთავის შესამკობად დახარჯული სიტყვებისა, სიხარულით აღარ იყო. – ხედავ, მამავ ბატონო, თურმე ძალაუფლება კაცთა ზედა შენდობასა და სიყვარულის მეუფებაში ყოფილა ფესვებგადგმული. თვალებში ძმურად ჩახედვამ მტერი ხომ მეგობრად გადაგვიქცია და სამეფო კარიც როგორ გაგვიმაგრა. თუმცა ჯერ სადა ხართ...
    მეფე გიორგიმ ალმაცერად შეხედა გამარჯვებით მობედნიერე შვილსა, შეეღირა სათქმელის თქმასა, მაგრამ ამ დროს დარბაზში თავად ლიპარიტ ბაღვაში შემობრძანდა გიორგი ჭყონდიდელთან ერთად.
    დავით მეფე მისალმების ნიშნად გიორგი ჭყონდიდელს მოკრძალებით ემთხვია მხარზედ.
   ხოლო თრიალეთის ერისთავთ ერისთავმა, იმისი ნახვით ფრიად ნასიამოვნებმა, მუხლი დაუცა თავის მეფეს.
   – მეფეო, მინდა გამოგიხატო ჩემი დიდი თაყვანისცემა შენსა მომართ და მოგახსენო, რომ...
   მაგრამ დავით მეფემ, დედ–მამის ნათქვამით გამთბარმა ლიპარიტ ერისთავის მიმართ, წამოაყენა თავის წინ ქედმოდრეკით მუხლდაცემული და გულდაგულ გადაეხვია.
   – ვიცი, ვიცი, ლიპარიტ ბატონო, უკვე მომახსენეს და თანაც არაერთგზის. მადლობის მეტი ასევითარი მსახურებისა გამო შენთვის რა მეთქმის.
   – გამოჩნდა გვირაბის ბოლოს ნათელი, მეფეო! – ლიპარიტ ერისთავს თვალები გამარჯვებულის სიხარულით უციმციმებდა. – ყველა ვაზირი, მოღვაწე რუდუნებით, დიდის პასუხისგებით ეკიდება საქმეს თვისას. სასახლის კარი როცა აწყობილად მოქმედებს, მაშინ ქვეყანაში ვითარებაც დალაგებულია.
   – შენ რასღა გვიბრძანებდი, მეუფეო გიორგი? – ახლა თავის აღმზრდელს დაუსვა ძალზედ გამხიარულებულმა კითხვა, რომელშიც ბავშვური გულუბრყვილობა და ატაცება ერთნაირად იგულისხმებოდა. – როგორ მიედინება ჩემს აქ არყოფნაში სიცოცხლე სასახლის კარსა შიგან?
   – ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთყურის დაგდებითა, მეფეო, – პასუხი გასცა გიორგი ჭყონდიდელმა მშვიდი და თანაბარი ხმით, – და თუ რამ გასაკეთებელი დაგვისახავს, – კეთდება კიდეც უეჭველად, კეთდება დროითა და კეთდება მარიფათიანად.
   – მეფეო, – მიიპყრო ყურადღება დავით მეფის შექებითა და საერთო კეთილგანწყობით შინაგანად შეთამამებულმა ლიპარიტ ერისთავმა. – ვფიქრობ, მხოლოდ რამოდენიმე ვაზირი სასახლის კარისა და ზოგიერთი მოხელენი მათნი იქნებიან შესაცვლელნი. – მერე დამამშვიდებლად გაუღიმა – თუმცა, თქვენ არც შეწუხდეთ, მაგით სამეფო კარსა არაფერი დააკლდება დიდად. უკვე მოვინიშნე და მე მათ მაგიერ ისეთ მუშაკთ შემოგთავაზებთ, ნაყოფიერება მოსავლისა ერთი ათად რომ გაიზარდოს!
   – ოღონდაც! ოღონდაც! დიდად მადლობელი დაგრჩებოდი, ლიპარიტ ბატონო; აგერ შენ და აგერ მეუფე გიორგი! – მერე მამასა თვისსა შეხედა მოკრძალებით – და როგორც ამას მეფეთ მეფე გიორგიც დაგვიდასტურებს. – დაამატა განსაკუთრებული ხაზგასმულობით, მერე გააგრძელა. – მე დიდად კმაყოფილი ვარ ღვთისა და თქვენი, რამეთუ გაპარტახებული ქართლის მოსაშენებლად სასახლიდან გასულს ზურგი ქვიტკირის კედელივითა მაქვს გამაგრებული...
   – რა ხდება ქართლში, შვილო? – მეფეთ მეფე გიორგის ფრიად ეამა შვილიგან მისი ქვეყნის მმართველთა მარაქაში კვლავ გარევა, და, როგორც იქნა, აღირსა მას რამოდენიმე ადამიანურად მომთბარი სიტყვა. – ეშველება რამე ამ ქვეყანას?
   – ეჰ, მამავ ბატონო, რომ განახვათ, რა უბედურება ტრიალებს დღესდღეობით ქართლში – ნასახლარები, ნასოფლარები, გავერანებული ვენახ–ბაღები... როგორ მოუოხრებიათ თურქ–სელჯუკთ იქაურობა! ადამიანს სისხლი ჩაგექცევა ტვინში! ხოლო ხალხი... სად არის ხალხი?!.. არის ხეობები, არის ნასოფლარები, მაგრამ, რად გინდა, უკაცო და ადამიანის სულთქმისა წლობით არმნახველი. ვინც სიკვდილს გადარჩენია, გახიზნულან გამოქვაბულთა შინა, გამოღებულთა სადღაც შორს, მთებსა და კლდეებში. მოვიძიე, მოვიპოე და ავაკითხე. მამავ ბატონო, დედავ ბატონო, მეუფეო გიორგი, ლიპარიტო! განა შეუძლია მაძღარმა მშიერს გაუგოს, ანდა ბუხართან თბილად მჯდომმა ღვარ–ცოფსა ანდა ზამთრის ყიამათში ღია ცის ქვეშ გაგდებულსა?! საკუთარი თვალით უნდა ნახო... – მოსთქვამდა თავისი ხალხის ვაებას დავით მეფე. – არ გვაპატიებს, იცოდეთ, უფალი დანგრეულისა და გაპარტახებულისა ქვეყანისა ასევითარის სახითა კიდევ დარჩენასა! დავსხედით ერთად მე და თავკაცნი გახიზეულ სოფელთა, ვიმსჯელეთ, ვითათბირეთ, და დავასკვენით – ნასახლარი კვლავ სახლად უნდა იქცეს, ნასოფლარი – სოფლად, ნავენახარი – ვენახად, ნაბაღარი – ბაღად, და უნდა აღსდგეს ქვეყანა ესე! – გრძნობაში შესულმა ზეწამოიწია. – ისმინე ბრძანება ჩემი, ლიპარიტ ბატონო! – მიმართა კლდეკარის ერისთავთ ერისთავს და თან ეტრატი გადააწოდა, მანამდე მის გვერდში მდებარე. – აი, სავარაუდო ნუსხა–ჩამონათვალი ყველა იმ საგანთა, რაიცა არის საჭირო აღშენებისათვის ქართლისა და დასაბრუნებლად მოსახლეობისა მასსა შიგან. განიხილოს დარბაზის ერმა დღესა, კარგად შეიმეცნოს. მორეკეთ ცხენნი, გამოსძებნეთ იარაღნი, როგორც სამეურნეო, ისე საბრძოლო, – ორი კვირის თავზე ორშაბათის სწორს ისევ ქართლში უნდა ვიყო, სიტყვა მაქვს მიცემული და მელოდებიან.

  დავით მეფის ანგარიშგება გიორგი ჭყონდიდნლთან დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონის შესწავლის შესახებ
   – ყველა–ყველა, მაგრამ, მეუფეო გიორგი, რატომ არ მეკითხები, თუ რა ბედი ეწია დიდ სამოქალაქო ზნეობრივ კანონს, შენს მიერ ჩემთვის ბოძებულს, ჩემს ხელში? – ჰკითხა დავით მეფემ თავის აღმზრდელს, როდესაც ისინი მისი თხოვნით სხვათა მიერ დარბაზის დატოვების შემდგომ ერთმანეთის პირისპირ მარტონი დარჩნენ. – განა მცირე დრო გავიდა მას შემდეგ, რაც შენ მე ის ასევითარი სასოებით გადმომეცი?
   ერთი წამით გიორგი ჭყონდიდელმა თვალები დახარა, მერე ფიქრიანი მზერა გაუმართა ახალგაზრდა მეფესა და თავისთვის დამახასიათებელი შეუცნობელი ღიმილით უთხრა:
    – აბა, რა ნამუსით მომიბრუნდეს მაგის საკითხავად მე, ცოდვილსა, მეფეო, ენა?! – ძნელი გასაგები იყო სრული სერიოზულობით მიმართავდა თავის საყვარელ აღსაზრდელს, თუ თავისებურად ელაღებოდა. – თუ სასახლეში ხარ, დღენიადაგ ან თათბირობ, ან ლაშქარსა წვრთნი, ხოლო ველად გასულს კი, მით უმეტეს, აბა, რა მოგეთხოვება...
    ეცნაურა რა სიმართლე, გამჯდარი თავისი ამაგდარი აღმზრდელის სიტყვებში, დავით მეფეს სახეზე სიტფო გადაეფინა.
   – ეჰ, მეუფეო გიორგი, – პასუხი გასცა. – თუ სწყურია კაცსა, გინდა სასახლეში მყოფსა და გინდაც ველზე გასულსა, წყალსა, მიწვდილსა ფიალით, თუნდაც ტიკში ჩაგროვილსა, ყველა შემთხვევაში დალევს.
   გიორგი მონაზონმა კვლავ კარგა ხანს დაახანა.
   – რაო, მეუფეო გიორგი? – შეეხმიანა იმის დუმილს დავით მეფე.
   – მეფეო, – პასუხი გასცა იმან. – როდესაც მე შენ დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი გადმოგეცი, ჩემი სათქმელი მაშინ გითხარ. ახლა ჯერი შენზეა – თუ მოისურვებ, ხომ მეტყვი რამეს, თუ არა და – საერთოდ, კრინტსაც არ გასძრავ.
   მაგრამ დავით მეფეს რაღა გააჩერებდა, ისრე იყო იგი თავისი მიზნის მისაღწევად მიმართული.
   – გამომცადე, მეუფეო გიორგი, – უთხრა იმას დიდად აღძრულმა. – იქნებ რამე ისე ვერ გავიგე ან გამომეპარა რამე. – დაამატა. – მე მარტომ, რაც შემეძლო, ყოველივე ამოვწურე. ხოლო ახლა ისრე მწყურია შენსგან გამოცდა, ვით უწყლოობით სიკვდილის პირზე მისულს – წყაროს წყალი.
   ჭყონდიდელს დიდი ყურადღება არ მიუქცევია დავით მეფის შინაგანი აღელვებულობისათვის, თითქოს ვერც ვერას ამჩნევსო, თქმასა შიგან იგი, როგორც ყოველთვის, დინჯი იყო და აუჩქარებელი.
   – კარგი, მეფეო, – როგორც იქნა, გასძრა ხმა. – მაშინ გამეც პასუხი პირველ კითხვაზე    – ქრისტიანი კაცის ცხოვრების მთავარი აზრი რაში მდგომარეობს?
   – ცათა სასუფეველსა შიგან მოხვედრაში, მეუფეო გიორგი.
   – ახლა ის მითხარ, მეფეო, სისწორე ცათა სასუფევლისაკენ გზის მიმართულებისა ერში მცხოვრები კაცისათვის რით განისაზღვრება?
   – სისწორე ერის კაცისათვის ცათა სასუფევლისაკენ მიმავალი გზისა, მეუფეო გიორგი, განისაზღვრება ამ კაცის მიერ იესო ქრისტეს მოწოდების მიდევნებაში – აღიღე ჯვარი შენი, უარჰყავ თავი შენი და გამომყევ მე.
   – რას ნიშნავს შინაარსითა თავისითა სიტყვანი იესო ქრისტესი „აღიღე ჯვარი შენი“?
   – ჯვარი კაცისა, მეუფეო გიორგი, არს მის მიერ თავისი ცხოვრების გზაზე უფლის სახელით აუცილებელი აღსრულება წმინდა ვალდებულებებისა წინაშე ოჯახისა თვისისა, წინაშე ერისა თვისისა და წინაშე სამშობლოსა თვისისა.
   – ხოლო თქმა სიტყვათა „უარჰყავ თავი შენი“ რაღასა ნიშნავს?
   – თუ ემსახურება კაცი იგი აღსრულებას ვალისა მის წმინდისა წინაშე ოჯახისა თვისისა, ერისა თვისისა და სამშობლოსა თვისისა, მაშინ იგი კაცი, მზრუნველი ყოველსა ამასა ზედა, არს უარმყოფელი თავისა თვისისა, რის გამოც უმეტესად გამონთავისუფლებულ არს იგი ცოდვათა თვისთაგან, რამეთუ ცოდვა კაცისა მის მიერ თავისი თავის ზრუნვიდან მოდის ყოველთვის.
   – ხოლო ქრისტეს სიტყვანი, ნათქვამი კაცთა მიმართ, – „გამომყევ მე“ – რაღას ნიშნავს, მეფეო?
   – როგორც უკვე ვთქვი, დანიშნულება კაცისა მისგან ჯვარისა თვისისა თავისი ცხოვრების გოლგოთაზე თავსი მხრებით ატანასა შიგან მდგომარეობს, მეუფეო გიორგი, და ეს ითქმის კაცის კაცობად.
   – მაგრამ კაცის კაცობა და მისგან ქვეყნის პატრონობა ხომ იყო ქრისტემდეც. – გაუმძაფრა აღმზრდელმა აღსაზრდელსა თვისსა პაექრობა, დაუხვედრა რა მის ნათქვამს ესევითარად წარმოთქმული სიტყვა. – მაშ, რითღა განსხვავდება წარმართთა ცხოვრების წესი იმისაგან, რაც არის ჭეშმარიტი არსი მართლმადიდებლური ცხოვრებისა, ანუ გზაი ქრისტესი?
   – კაცის კაცობა აუცილებელ არს კაცთათვის, რათა ჰქონდეს მას ღირსება, – ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, იყო ქრისტემდე, მეუფეო გიორგი, მაგრამ გზა სამოთხისაკენ კაცის აღდგომა–ამაღლებითა ღვთიურითა არს, მეუფეო გიორგი, რის საფუძველიც ჯვარცმის საიდუმლოებასა შიგან მდგომარეობს.
   – კერძოდ, რა საიდუმლოება მდგომარეობს ჯვარცმასა შიგან, მეფეო?
   – ჯვარცმა არს კარიბჭე, შესასვლელი სასუფეველსა შიგან. – განაგრძო განვრცობა თვისი დავით მეფემ. – კაცმან, როგორც არ უნდა ემსახუროს იგი თავისი ცხოვრების განმავლობაში თვისთა წმინდა ვალდებულებათა აღსრულებას, თუ მოითხოვა მან იმათგან, ვისაც ემსახურა, ანუ გაუკეთა სიკეთე, თავისი მსახურებისა ანუ სიკეთისათვის მადლობის გადახდა, ანუ საზღაური, და დარჩა უკამაყოფილო მათ მიერ მოღებულითა, როგორიც არ უნდა იყოს იგი, მაშინ უცხოვრია მას არა მიმართებაში უფალთან, არამედ მიმართებაში კაცთან, რაც არს ვაჭრობა გაკეთებული სიკეთითა თვისით, ხოლო ამისთანა ანგარებიანი კაცი არასოდეს მოხვდება სამოთხეში. ხოლო თუ კაცი იგი შეუნდობს ყოველთა მათ მაწყენართა თვისთა, და გინდაც არ დამნახავთა მისი სიკეთისა, ან, მეტიც, სიკეთის წილად მასსა ზედა ბოროტებით აღძრულთა, და იტყვის მათ მიმართ წრფელი სიყვარულით აღვსილი, ვით თავად იესო ქრისტე სიკვდილის წინ, – „შეუნდე, უფალო, რამეთუ არა უწყიან, თუ რასა იქმან“, მაშინ არს იგი უანგარო და არდაწვრილმანებულ, და უთუოდ მოხვდება იგი სამარადისო სასუფეველში, რამეთუ უცხოვრია მას მიმართებაში უფალთან, და არა მიმართებაში კაცთან. ეს დიადი ჯვარცმა კაცთა არს კიდეც დედა–აზრი ქრისტიანი კაცის ცხოვრობისა, ამ დიადსა ჯვარცმასა ზედა გადის ქრისტეს გზა, მიმყვანი სასუფეველსა შინა კაცისა და ამ დიადი ჯვარცმით განსხვავდება ქრიტიანთა ცხოვრების წესი წარმართთა ცხოვრების წესისაგან. აი, რასა ნიშნავს სიტყვანი იესო ქრისტესი, ნათქვამი კაცთა მიმართ – „და გამომყევ მე“.
გიორგი ჭყონდიდელმა დაფიქრებით მოისრისა ნაოჭები შუბლზე თავისი მჭლე თითებით და მზერის უარესი განმსჭვალაობით გაუსწორა დავით მეფეს.
   – მაშ, რას ეტყვი შენ, მეფეო, მათ განხიბლულთა, მოწუწუნეთა ამა ცხოვრების უსამართლობისა გამო?
   – ყოველი განხიბლული არს დაცემული, ვერ გამძლებელი ჯვარცმის სიმკაცრისა, რის გამოც აცდენილი გზასა, მიმყვანსა ადამიანისა სამარადისო სასუფეველში.
   გიორგი ჭყონდიდელმა, გამგონემ მიღებული პასუხისა, უარესი სიცივით დაუსვა დავით მეფეს შემდგომი კითხვა.
   – რას მეტყოდი ეკლესიის შესახებ შენ, მეფეო? რა არს იგი და რა მნიშვნელობა აქვს მას კაცთა საერო ცხოვრებისათვის?
   – ჯერ იმას გეტყოდი, მეუფეო გიორგი, რომ – სახე თითებით ძალუმად მოიწურა და მოძრაობასა შიგან დიდად შესულმან ერთი ამოსუნთქვით აღმოთქვა, – ჯვარი იგი წმინდა არს დიდად მძიმე და არა კაცს არ ძალუძს ზიდილი მისი გოლგოთის გზაზე თვინიერ უფლის დახმარებისა.
   – მერე და, რა არის პირველ–მიზეზი კაცის მიერ წმინდა ჯვარის უფლის გარეშე ზიდილის შეუძლებლობისა, მეფეო?
   – ხორციელობა კაცისა ანუ თავი კაცისა, მეუფეო გიორგი, მისი ყოველი ცოდვის პირველ–წყარო და მიზეზი.
   – ესე იგი, რა არის ცოდვა, მეფეო?
   – ცოდვა არს ვალდებულებათა წმინდა ჯვარის კაცთა მიერ ტალახსა შიგან ჩავარდნილობა.
   – მაგრამ შენ ხომ ეკლესიის შესახებ აპირებდი სიტყვის თქმას, მეფეო?
   – ეკლესია არს არსი უფლისა ამა სოფელსა შიგან, ყოველთვის მზადმყოფი კაცთათვის თავიანთი ცხოვრების გზაზე ჯვრის ზიდილის საშუალების მიცემისა.
   – რა წესით და როგორ ძალუძს ეკლესიას მისცეს საშუალება კაცსა ჯვარისა თავისის თავისი ცხოვრების გოლგოთაზე ატანისა, მეფეო?
   – რამდენჯერაც არ უნდა გადაუხვიოს თავისი წმინდა ვალის აღსრულების გზას კაცმა, ანუ რამდენჯერაც არ უნდა დაუვარდეს წმინდა იგი ჯვარი კაცსა მიწასა ზედა თავისი ცოდვის ჩადენის გამო, იმდენჯერ ძალუძს მივიდეს იგი უფალთან ეკლესიასა შიგან აღსარებითა და ვედრებით ცოდვათა შენდობის შესახებ იმის იმედით, რომ უფალი უთუოდ შეუნდობს მას, რამეთუ მოუმხობელად ცოდვისა განგრძობა ჯვრის ატანისა თავისი ცხოვრების გოლგოთაზე შეუძლებელ არს, ხოლო უფალი მოწყალეა და წრფელად მომნანიეს ყოველთვის შეუნდობს, რათა განაგრძოს მან გზა თვისი.
   – რა არის აღსარების შემდგომ ეკლესიის მიერ ცოდვათა შენდობის შედეგი კაცისთვის, მეფეო?
   – ტალახის ჩამოწმენდა იმ ჯვარიდან, რომელიც დაუვარდა ადამიანს მიწაზე თავისი წმინდა ვალდებულებათა აღსრულების გზაზე.
   – ხოლო განძლიერება თავად ჯვარისმტვირთველისა, რათა მან კვლავ ასწიოს დავარდნილი ჯვარი და განაგრძოს გზა, რაღასა შიგან მდგომარეობს, მეფეო?
   – ზიარებასა შიგან, მეუფეო გიორგი.
   – ხოლო რა არს ზიარება, მეფეო?
   – იესო ქრისტე მოავლინა მამა–უფალმა, რათა მიეცა მას კაცთათვის მაგალითი ჯვარისა თვისისა გოლგოთასა ზედა ატანისა, მასსა ზედა ჯვარცმისა და აღმაღლებისათვის სასუფეველსა ზედა. ეს არის ღვთაებრივი არსი, მისაბაძი ადამიანებისათვის, რის გამოც ჯვარი იესო ქრისტესი, ატანილი მის მიერ გოლგოთასა ზედა, არს ჯვარი შენი, ასატანი შენს მიერ შენი ცხოვრების გოლგოთის მთაზე, რათა თავადვე ეცუა მას ჯვარსა და თავადვე აღმაღლდე სამარადისო სასუფეველამდე. ხოლო ყოველი ზიარების არსი – ანუ მიღება შინაგანად იესო ქრისტეს სისხლისა და ხორცისა – არის იესო ქრისტეს მაგალითის თავის თავსა შიგან კვლავ და კვლავ დამკვიდრება. ეს არის კაცის ზიარება უფალთან, რათა შეიძლოს მან კვლავ და კვლავ მოიცეს ძალა აღმართვისათვის ჯვარისა და კვლავ და კვლავ შეიძლოს მან მოიცეს ძალა განგრძობისათვის ზიდვისა მისისა.
   გიორგი ჭყონდიდელი, თითქოს ადგილს შეეყინაო, კლდესავით უძრავად იჯდა ადგილზე.
   – ყოველივე ეს კარგი, მეფეო, მაგრამ დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი, რომლის შესახებაც ჩვენ გვქონდა საუბარი, რაღა შუაშია? – უთხრა და მზერა თვისი გამსჭვალავი მიაბჯინა ჭაბუკ მეფეს ლოდინით.
   – როგორ გითხრა, მეუფეო გიორგი, საერო ცხოვრებასა შიგან კაცთა ერთობლივი მოღვაწეობის გარეშე შეუძლებელ არს ერთი კაცის მიერ სრულფასოვანი მსახურება როგორც წინაშე ოჯახისა თვისისა, ისრე წინაშე ერისა თვისისა, რამეთუ ქვეყანისა და ერის მოვლა მთელ ერს ძალუძს და არა ერთ კაცს, თუ გინდაც იყოს იგი მეფე, ხოლო ერთი კაცი მთელი ერის ტოლობას ვერასოდეს ვერ გასწევს და არ არის იგი მოწოდებული მთელი ქვეყნის მარტოდმარტო მოვლისათვის.
   გაჩუმდა, რამეთუ ეგონა, რომ ყოვლივე თქვა, მაგრამ გიორგი ჭყონდიდელმა, აღმზრდელმა მისმა, სულის გამყინავი შეუბრალებლობით დაავალა მას კვლავ განგრძობა საუბრისა:
   – განაგრძე, მეფეო, განაგრძე.
   დავით მეფემ, ყოველთვის მორჩილებით აღმსრულებელმა მითითებისა თავისი აღმზრდელის მიერ, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო:
   – დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი არის ერის მიერ თავისი თავის ერთობლივი მოვლა–პატრონობის კანონი, რომელიც კაცთა შორის აკანონებს თითოეული მათგანის მიერ თავისი ჯვარის გოლგოთაზე ატანის, ჯვარცმისა და აღმაღლების გზას, რაც, საბოლოოდ, ერის მიერ ერთობლივ ჯვრისზიდილსა, ჯვარცმასა და ამაღლებაში გამოიხატება, ხოლო ამ ერთობლიობის ნიჭი და საფუძველი, და ერის მიერ თავისი თავის ერთობლივი მოვლა–პატრონობის ერთადერთი საშუალება არის ყრილობა და საბჭო, უთუოდ არსებული ყოველ სოფელში და მოწოდებული მისი ცხოვრების განსაზღვრისა.
   – რა არის ყრილობისა და საბჭოს მოქმედების გეზი?
   – ყრილობისა და საბჭოს მოქმედების გეზი მოდის ქართული სუფრიდან, დევს რომელსა ზედაც სადღეგრძელოების სახით ყველა ის წმინდა ვალდებულება, რომელიც არის კაცის მიერ აღსასრულებელი ოჯახის, ერისა და სამშობლოს წინაშე მათი მოვლა–პატრონობის გზაზე, და კიდევ ერთი რამ მნიშვნელოვანი დევს ქართულს სუფრაზედ, მეუფეო გიორგი.
   – კიდევ რა, მეფეო?
   – შეგნება მრავალ კაცთა მიერ თავისთა შორის ერთის – წინამძღოლის არჩევისა, და მისი წინამძღვრობით ერთობლივი წარმართვა წასამართავისა.
   – მაგრამ სუფრა, ვით კერპთმსახურება, ღვინის სმის საშუალებით სუფრის წევრთა გადამყვანი თავდავიწყებულობაში, რასაც ძველნი ეძახდნენ განწმენდილობას, ანუ ღმერთში შესვლას, რომ არის მეფეო, თავისი არსით წარმართული, რის გამოც, უთუოდ დასაძრახი და არ მისაღები ჩვენგან?
   – იყო, როგორ არ იყო, მეუფეო გიორგი. სუფრა წარმართული ქრისტემდე იყო, იმიტომ, რომ იყენებდნენ იმას, ვით კერპთმსახურებას, ხოლო ქრისტეს მოსვლის შემდგომ, აღსარებისა, შენდობისა და ზიარების უფლის მიერ ეკლესიაში დადგინების შემდგომ, დარჩა ყოველ ქართულ ოჯახში სუფრა თავისი სადღეგრძელოების თანამიმდევრობით, ვით ძეგლი სულიერ ვალდებულებათა წინაშე ოჯახისა, ერისა და სამშობლოსადმი, როგორც ოჯახის თითოეული წევრისათვის, ისე ოჯახში მოსული სტუმრისათვის, და არის დღეს იგი აკადემია–სასწავლებელი მთელი ერისათვის, კვლავ და კვლავ დამმკვიდრებელი საერო ცხოვრებასა შიგან იმ წმინდა ვალ–ზნისა, რომლის წინაშე ერთობლივი პასუხისმგებლობაც შემთხვევით შეყრილ ბრბოს განასხვავებს თავისი ღირსების პატივისმცემელი ერისაგან.
   გიორგი ჭყონდიდელი, თითქოს ვერ ამჩნევს ვერც სიღრმესა და სიგანეს დავით მეფის სამოქალაქო ზნეობრივ კანონსა შიგან გათვითცნობიერებულობისაო, როგორც ეს შეეფერებოდა უმკაცრეს აღმზრდელს, ისრე იჯდა თავისი აღსაზრდელის წინ, ვით ქვიტკირის კედელი.
   – მაშ, ყოველივე თქმულიდან გამომდინარე, განმისაზღვრე მე, უცოდინარსა, მეფეო, ეკლესიის ადგილი ერის საერო ცხოვრებასა შიგან.
   – გეტყვი, მეუფეო გიორგი, რატომ არ გეტყვი. – დაფიქრდა, ერთი წამით დუმილით შუბლი მოიჭმუხნა. – თუ სოფელი, სადაცა დგას ეკლესია და სადაც არის მრევლი, არ იმართება ამ მრევლის მიერ ყრილობისა და საბჭოს საშუალებით, მაშინ მრევლი იგი უმეტესწილად არს ყრუი და ბრმაი ეკლესიის მიმართ, რამეთუ არ აუღია ჯერ მას ხალხსა თავის თავზე პასუხისმგებლობა თავისი სოფლის მოვლისათვის უფლის წინაშე, ანუ ჯვარი იგი, მათსა მხრებსა ზედა უფლის მიერ ნაგულისხმევი, რომლის თავიანთი ცხოვრების გოლგოთაზე ატანაც არის მათი უპირველესი მისია, არად მიაჩნია. დადიან ისინი ეკლესიაში იმედით სასწაულისა თავიანთთა ზედა სარგებელის ნახვისა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში პასუხისმგებლობით აღვსილნი პატრონობისათვის წინაშე ოჯახისა, ერისა და ქვეყანისა. სასუფევლის ქადაგების გზა ეკლესიის მიერ სწორედ სამოქალაქო ზნეობრივი კანონის მიხევდით ცხოვრებაზე გადის და ამიტომაც, მის მიხედვით უნდა ათქმევინოს თავის მრევლსაც აღსარება, რამეთუ არა აქვს დღეს მრევლს ცოდვის სწორი შეგნება, რამეთუ ცოდვა მხოლოდ და მხოლოდ კაცის მიერ ჯვარისა მის წმიდის მიწასა ზედა დაგდებაში მდგომარეობს.
გიორგი ჭყონდიდელი ბერიკაცისთვის დამახასიათებელი სიდინჯით წამოიწია ადგილიდან.
   – ესე იგი, – ჰკითხა ძუნწად. – რა მიზანი დაიდე სამოქმედოდ, მეფეო, შენს ცხოვრებაში სამოღვაწეოდ დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონის შესწავლის შემდგომ?
   – შენ ჩემი ცხოვრების მიზნის განსაზღვრულობის გაგების სურვილი გაქვს, მეუფეო გიორგი, მაშ, ისმინე ის, რის გაგებასაც ასრე ელტვოდი – არს დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი დასადები საფუძვლად როგორც თითოეული ქართველის, ისრე მთელი ერის საერო–სამოქალაქო ცხოვრებისათვის, რამეთუ არს იგი კანონი, არსებული ქართული სინამდვილის წიაღში დღემდე, ჩვენი სახელმწიფოებრივი არსებობის საფუძველი. არს სამოქალაქო ზნეობრივი კანონის დამკვიდრება ერის სამოქალაქო ცხოვრებაში გამოსავალი შექმნილი უკიდურესად რთული ვითარებიდან, რაც გამოწვეულია ერის სულით დავარდნილობით, და ერთადერთი საყრდენი, რომელზე დაყრდნობითაც უთუოდ შეიძლებს ერი მუხლებიდან ღირსებით წამოწევასა, და ვდებ შენს წინაშე სიტყვას, მეუფეო გიორგი, რომ ყოველივეს გავაკეთებ, რათა მე ამას ჩემი სიცოცხლის განმავლობასა შიგან როგორმე და უსიკვდილოდ მივაღწიოთ!
   გიორგი ჭყონდიდელს კარგა ხანს ხმა არ გაუძრავს, – იდგა იგი ღრმა ფიქრებში ჩაფლული და სახეზე არანაირი კმაყოფილება არ ეხატა თავისი აღსაზრდელის თადარიგიანი მომზადების გამო.
   – იქნებ რამე ისრე არ არის, მეუფეო გიორგი? – გაუბედა და ჰკითხა დავით მეფემ იმას, ბოლოს და ბოლოს, ფრთხილად.
   – პირიქით, მეფეო, – უპასუხა გიორგი ჭყონდიდელმა – ყოველივე ისრეა, როგორც უნდა იყოს.
   – მაშინ, რა საავდრე ცასავით მოიღრუბლე, მეუფეო გიორგი?
გიორგი ჭყონდიდელმა, სანამ ხმას ამოიღებდა, თვალები მთელი ძალით მოხუჭა, ხოლო როცა გაახილა, აგრე გაანდო იმას თავისი აზრი და თავისი გულის სათქმელი:
    – რაც უფრო მეტად სწვდება ადამიანი სიღრმეში ჭეშმარიტებისა, მეფეო, მით უფრო მეტად დიდდება ჯვარი იგი ზომითა თვისითა, და, შესაბამისად, მით უფრო მეტად დიდდება პასუხისმგებლობაც მისი გოლგოთასა ზედა ატანისა გამო. გამაგრდი, მეფევ, გამაგრდი, რამეთუ დაგაჯილდოვა შენ უფალმა ნიჭით უმთავრესი ჯვარის ტარებისა ერში. კარგად დაიმახსოვრე, მეფეო, და არასოდეს დაივიწყო – შენ თავად უნდა აიტანო შენი მხრებით ჯვარი შენი გოლგოთის მწვერვალამდე, შენ, თავად შენ უნდა გაეკრა მასა ჯვარსა ზედა შენის თავითა და შენ თავად თავითა შენითა უნდა აღმაღლდე ჯვარისა მისისა გავლით სამარადისო სასუფეველამდე. კარგად დაიმახსოვრე მეთქი – სწორედ შენ უნდა გაუკვალო გზა ერსა, რათა შეიძლოს მან შენს ნაკვალევის მიდევნებით იგივე გზის გავლა. ამაშია შენი უმთავრესი დანიშნულება და შენ ყოველ მიზეზგარეშე უნდა აღასრულო იგი!

    ქართლის მოშენება
   მეორე დღეა მთელს ქართლს წვიმა დასდის ზედ გამეტებით, – ლამის არის ცა ფეხად ჩამოვიდეს. წვიმის წყლით დაფაცხავებულსა და მტკვრის ხეობის სივრცე–არეში განბნეულ რძისფერ ნისლში მოკრძალებით იკვეთებიან სილუეტები მთა–გორათა, ნაღვლიანი ერთფეროვნება სჭამს იქარობას და ბოლო არ უჩენს არცა გადაღებასა წვიმისა, მომდინარისა კოკისპირულად უკვე მეორე დღე, და არცა გალევასა გზისა, რომელსაც დასდგომია დავით მეფის ამალა–ქარავანი, დატვირთული ათასი საომარი და სამშენებლო აღჭურვილობით.
   დავით მეფეს, ჭაბუკს ჩვიდმეტის წლისას, ჩამჯდარს რკინაში და პირველ მხედრად მიმავალსა, დიდადაც არ ეპიტნავება თავ–ტანსა და მხარ–თეძოზე ჭონჭოხით ჩამომდინარე წვიმის წყალი, მაგრამ თავის სურვილებისაც მარად არაფრად ჩამგდები შეუპოვრად განაგრძობს გზას დასახული მიზნის მისაღწევად. მორჩილად მიჰყვებიან იმას თავისი დაცვა, ასე გულმოდგინედ მის გარშემო აქეთ–იქით მაცქერალი, ამალა თავის მეგობართა – დიდ აზნაურთა, სამეფო სპა, მყოფი სრულ საბრძოლო მზაობაში, ხუთასიოდე მეომარის შემადგენლობით, რომლებიც ურმებით, აქლემებით, ჯორებითა და სახედრებით მოეზიდებიან მრავალთა საგანთა და საშუალებათა, სრულიად საჭიროთა ქვეყნის აღშენებისათვის.
   იფნის ხეობის შესავალში შემოეგება იმათ ცხრა სოფლის ვაჟკაცობა, სიმრავლით ორიათასს მიწვდენილი, ჩამოსული გამოქვაბულებიდან. თვალთ არ უჯერებდნენ ისინი, გაფაციცებით თვალყურის მადევნებელნი მათკენ ნელი სვლით მომდინარე თეთრ ცხენზე ამხედრებული ბეჭგანიერი ბუმბერაზი მეფისა, რომელსაც უკან მოჰყვებოდა ხეობაში ჭიაყელასავით შემოწელილი უშველებელი და უბოლოო სამეფო ამალა–ქარავანი, ერთმანეთზე აღვირედით გადაბმული ორიათასი უნაგირდადგმული და სრულ საბრძოლო აღჭურვილობასა და მზადყოფნაში მყოფი ბედაურითა, დატვირთულითა ორიათასი ხმალითა, ორიათასი ფარითა, ორიათასი შუბითა და ორიათასი ყველა იმ აუცილებელი საბრძოლო აღჭურვილობითა, რაც კი რამ გამოადგება მეომარსა ფიცხელ ბრძოლასა შიგან.
   საომარი გამზადებულობის გარდა დავით მეფეს ხალხისთვის მოერთმია მრავალნი იარაღნი სამშენებლო და სამეურნეო დანიშნულებისა, ასე საჭირონი როგორც დანგრეულის ქვეყნის აღშენებისათვის, ისე გაპარტახებული მეურნეობის აღდგენისათვის, ასევე ორიათასი კაცის შესაბამის კომლთა სიმრავლეზე გაანგარიშებული და უხვად ჩატვირთული მრავალ და მრავალ საკამეჩე თუ სახარე ურმებში.
   როდესაც მიუახლოვდნენ, და ერთმანეთის წინ დადგნენ, იმ წვიმაგადაღებულსა და მზეგამონათებულზე მეფემ იმისი მიმართვის მომლოდინე ქართლელ ვაჟკაცთ დაჰქუხა:
   – აჰა, ხალხო, თქვენ ცხენნი აღსამხედრებლადა, თქვენ ფარ–ხმალნი და შუბ–იატაგანნი საბრძოლონი მტერთა დასაზაფრადა, თქვენ იარაღნი სამშენებლო–სამეურნენი ქვეყნისა აღსაყვავებლადა და აჰა, თქვენ სართათ თქვენი მეფეც თქვენს გვერდში სადგომლადა და მხარის გასამაგრებლად, სანამ იმას პირში სული უდგას და სანამ ის ამ ქვეყანაზე დაიარება!
   იმ დაჩაგრულ ხალხში არც ბრუციანი ერია ვინმე, არცა ყრუ და არცა მუნჯი, – ყველამ კარგად გაიგო და ყველა კარგად მიხვდა, – ისეთი რამ ხდებოდა მათ თავსა, რისი წარმოდგენა და ოცნებაც კი მათი გონებისათვის აქამდე მიუწვდომელი რამ იყო. იდგნენ უპატრონობით საწყლები და ბეჩავნი და სიხარულისა და აღტაცებისაგან ზოგს თვალთაგან ბალღსავით ღვიარება გასდიოდა, ზოგი ცას აწვდენდა ყელიდან ამომსკდარსა და ყვირილ–ხავილად ამოშვებულ ყიჟინას, ხოლო ზოგი მეყსეული ბედნიერებისგან გაოგნებულ ენაჩავარდნილობაში იყო.
   – ჭიაბერ, დააყენეთ თქვენი ვაჟკაცობა რიგზე, სათითაოდ რომ მიეახლნენ მისაღებად კუთვნილისა, ხოლო თქვენა, ნიანია ბატონო, მემნა ერისთავო, – მიუბრუნდა ის თავის მეგობარ დიდ აზნაურთ – ეს დოვლათი ცხენ–იარაღიანი, საბრძოლო და სამეურნეო, ყველას, ყველას სამართლიანად გაუნაწილეთ!
   კარგა ხანს მოუნდნენ, სანამ ორიათასივე ვაჟკაცი ყველა თავ–თავის რიგზე შეიკაზმ–აღიჭურვებოდა და ცხენთაც დაითითოებდა. იდგა ერთი გნიასი და წარმოუდგენელი ყიჟინა და დამაყრუებელი ორომტრიალი.
   რა დაინაწილეს, ერთურთში ასევე უწესრიგოდ ახმაურდნენ:
   – მეტი რაღა გვინდა, ხალხო!..
   – აბა, ეხლა ყველამ თავ–თავის კერას მიხედოს, დროა სოფლის შენებას შევუდგეთ!

    დავით მეფე დიდი სამოქალ ზნეობრივ კანონის შესახებ
   მაგრამ უცბად ერთი ისეთი დაიქუხა, მეხის გავარდნისას რომ იცის ხოლმე.
   – არც არავინ არ გაანძრევს ჯერ თითსა და ვერც ვერავინ ვერ მოიცვლის ფეხს ადგილიდან, სანამ ჩვენ, აქ დამდგარი ქართველი ვაჟკაცობა, ყველანი ერთად დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონით არ შევეთქმებით როგორც უფალს, ისრე ერთმანეთს!
ყველამ დავით მეფეს მიაპყრო მზერა, აღსავსე გაურკვევლობითა და გაოცებულობით.
   – როგორ თუ დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონით შევეთქმევით, მეფეო?! – პირები დააღეს იმათ – ვერა გაიგეს რა.
   – დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი სწორი ცხოვრების ერთიანი კანონია, ხალხო, ბოძებული ჩვენთვის, ქართველთათვის უფლისა მიერ და ერისად ღონისა და ქვეყნისად სიცოცხლისა მიმნიჭებელი; ცალკე ერისთვის ზნეობისა მომცემი, ცალკე ქვეყნის ცხოვრებისა მომწესრიგებელი.
   ვერც ახლა გაიგეს გარკვევით იმათ რამე. ჭიაბერმა, უხუცესთაგან უხუცესმა, გაურკვევლობით აღსავსემ დაბნეული ღიმილით ჯერ ხალხს გადახედა, მერე დავით მეფეს მიუტრიალდა.
   – ჩვენა, გლეხობასა, მეფეო, განსხვავებით შენგან, უცოდინრობა გვჭირს. იქნებ უკეთესად განგვიმარტო რისი თქმა გინდა?
   დავით მეფე, სოფლის თავკაცის პასუხით, ცოტა არ იყოს, შეცბუნებული, ერთხანს იძულებით შეყოვნდა, წამით გაუშტერა თვალი ჭიაბერს და:
   – მაშინ პასუხი გამეც, ჭიაბერო, – უთხრა – რა წმინდა ვალი აქვს ცოცხალსა კაცსა ამ ქვეყანაზე, რის წინაშე და რატომ? ან, საერთოდ, რა არის კაცობა და რა თავში სახლელად უნდა ის კაცსა?
   – როგორ თუ რად უნდა! – შეატორტმანა ათას ჭირ–ვარამ გამოვლილი ბერიკაცი დავით მეფის ამ მოულოდნელი შეუპოვრობით დასმულმა კითხვამ. – არაკაცობა სირცხვილია, მეფეო, კაცობა კიდევ – სახელი და ღირსება.
   – რა არის, საზოგადოდ, სირცხვილი და რა არის, საზოგადოდ, სახელი და ღირსება, ხალხო; პასუხი გამეცით? – ახლა მთელს ლაშქარ–ჯამაათს გადაავლო თავზე დავით მეფემ.
   – სირცხვილი, მეფეო... – მთლად აირია ხალხი, – რა ვიცი... რისი კეთებაც... – დაუწყეს აქეთ–იქიდან გაუბედავი შემოკნავლება, – ალბათ, რისი კეთებაც არა და არა ხამს...
   – რა არის ის, რისი გაკეთებაც არა და არა ხამს? – ცეცხლზე ნავთი გადაასხა ხალხის თავის თავში გაურკვევლობით გაფიცხებულმა დავით მეფემ.
   – რისი და... რისი გაკეთება არა ხამს და... უნამუსობისა... არაკაცობისა, მეფეო... ღალატისა...
   – მაშ, ყველამ კარგად დამიგდეთ ყური და ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ! – დაჰქუხა დავით მეფემ ცნობისმოყვარეობაგაღვივებულ, წიდაწინვე სმენად ქცეულსა და, ამავე დროს, იმისი ქრუშობით შეცბუნებულ ხალხსა. – ერთადერთი წმინდა ვალდებულება, რითაც დაბეჭდილია ჩვენი სულები და რომელი ვალიდანაც ჩვენ მისდღემში ვერ ამოვალთ, ღირსეული მოვლა–პატრონობა და მომავალ თაობათათვის ციმციმ გადაცემაა ჩვენს დიდ წინაპართა მიერ შექმნილი და ჩვენთვის გადმოცემული იმათი სისხლით, ოფლითა და ცრემლით გაჟღენთილი დანატოვარისა – სარწმუნოებისა ჩვენისა მართლმადიდებელისა, ერისა ჩვენისა მრავალტანჯულისა, ენისა ჩვენის წმიდისა, ვსწირავთ რომლითაცა ღმერთსა ჩვენსა იესო ქრისტესა და ვადიდებთ რომლითაცა სამშობლოსა ჩვენსა, მიწასა ჩვენსა საქართველოსასა, გადაჭედილსა მამაპაპათა ჩვენთა წმინდა საფლავებითა, ჩვენთა დედათ სიწმინდესა და ჩვენს მიერ მამათა ჩვენთა წინაშე ქედის მოხრასა, – ყოველივე იმასა, რაც კი შეუქმნიათ ჩვენთა დიდთა წინაპართა და გადმოუციათ ჩვენთვის სააქაოს საცხოვრებლად და საიქიოს საცხონებლად! – ჯიქურ ჩახედა ხალხს თვალებში. – აი, სწორედ, ამ წმინდა ვალის არ აღსრულებაა სირცხვილი, ვაჟკაცნო, ხოლო აღსრულება და სამსახური – ღირსება და სახელი!
   მოწყვეტით დადუმდა გაფიცხებით მოლაპარაკე და დაელოდა, თუ რას მოიმოქმედებდნენ იმის გარეშემო შემოკრებილნი.
   იდგნენ სოფლელნიც, თავისი მეფისთვის აღფრთოვანებითა და სასოებით შემყურენი და მღელვარებისა და მოწიწებისა გამო ენაჩაგდებულთ კრინტი ვერა და ვერ გაეძრათ.
   – აი, ახლა კი გავიგეთ, რა ყოფილა დიდი ზნეობრივი კანონი, მეფეო! – წამოიძახა ვიღაცამ ხალხის სიღრმიდან.
   – ნუ იჩქარებთ, ხალხო, – განაგრძო ახსნა–განმარტება თვისი მათ მიმართ დავით მეფემ – მე ჯერ მხოლოდ ისა ვთქვი, რომ კაცობა არის ჯვარი თითოეული ჩვენთაგანისა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა ისევე საკუთარი მხრებით უნდა აიტანოს თავისი ცხოვრების გოლგოთის მთაზე, როგორც თავად იესო ქრისტემ აიტანა თავისი მხრებით ჯვარი თვისი იმ დიდ გოლგოთის მთასა ზედა.
   – კიდევ რაღა შეიძლება აკლდეს კაცის მიერ ზნეობრივი კანონის აღსრულებას ნეტავი, თუ კი ის იქნება კაცური კაცი, თავისი მხრებით ამტანი თავისი ვალდებულებათა ჯვრისა გოლგოთის მთაზე! – მხრები აიჩეჩეს ხეობელებმა და ერთმანეთს გაკვირვებით გადახედეს.
   – წინაპართა მიერ ერისთვის დანატოვარის მოვლა და შემდგომი თაობებისთვის გადაცემა მთელი ერის ერთობლივი საზრუნავია. – შნო და სიბრძნე ერთობლივი ზრუნვისა, ერთობლივი სამსახურისა და ერთობლივად მიგება პატივისა წინაპართა მიერ ყოველივე დანატოვარისათვის, არის გვირგვინი ამ ერთობლიობაში შემავალი თითოეული კაცის კაცობისა. – დაამატა, – მარტოობაში არ არსებობს კაცის კაცობა, იგი არსებობს ერთობლივ მოღვაწეობასა შიგან და ამ სიბრძნეს ჩვენს ერში ქართული სუფრის სახით ყველა ჩვენთაგანის ოჯახში აქვს აკვანი ოდიდგანვე დადგმულ–დარწეული.
    – ქართული სუფრა რაღა შუაშია, მეფეო? – გაიოცა ხალხმა. – სად ღვინის სმა და სად წმინდა ვალი ყოველთა ქართველთა?
    – ქართული სუფრა სხვა არა არის რა, თუ არა სუფრის წევრთა მიერ გამოთქმული სამადლობელი ღვთისა და დიდ წინაპართა წინაშე მათი წმინდა დანატოვარისა გამო, ქართველნო. ხოლო თქმა დანარჩენ სადღეგრძელოთა, – შესახებ მამულისა ჩვენისა, სარწმუნოებისა ჩვენისა, ერისა ჩვენისა, კაცის კაცობისა და ქალის ქალობისა, თუ კიდევ სხვათა მრავალთა, გაცხადებულთა სუფრაზე თამადის მიერ – არის სათითაოდ დადება ფიცისა ერთისა მიერ ყველასი და ყველას მიერ ერთმანეთის წინაშე, რომ წინაპართაგან დანატოვარ ამ სიწმინდეთ ისინი კიდეც მოუვლიან და კიდეც უპატრონებენ.
   – მაშ, ქართული სუფრა დასათრობი კი არა, კაცობის დასაფიცარი ყოფილა ერის და ქვეყნის მეპატრონეთა!
   – ყოჩაღ, ჭიაბერო! – სიხარულით აღმოხდა დავით მეფეს, გამგონეს იმისა, რის გაგებასაც ასერიგად მიელტვოდა. – ქართული სუფრა საკრებულოა შეთქმულ ქართველთა, – ერის პატრონთა, მოღვაწეთა დიდებისათვის ქვეყანისა და პასუხისმგებელთა საქართველოს ბედ–იღბალზე.
მერე მბრძანებლურად აღმართა მარჯვენა ხალხთა ზედა, როგორც იმას იმგვარ შემთხვევებში სჩვეოდა ხოლმე, და უკუუქცევლად აღმოსთქვა:
   – ამიტომაც, ვბრძანებ მე, დავით, მეფე საქართველოსი, – დღეის ამას იქით, სუფრა, გაშლილი ქართველი კაცის მიერ ოჯახობითა თუ გვაროვნულობით, შეირაცხოს სამჭედლოდ, გამომჭედელად დიდი ზნეობრივი კანონისა ყოველი ქართული ოჯახისათვის, იყოს ის ოჯახი მეფისა, ერისთავისა, აზნაურისა თუ გლეხისა. გაიგოს ყველამ – ქართულ სუფრაზე ყველა ტოლია, რამეთუ ნეტარ არს სამშობლოსათვის თავდადებული ყოველი. და თვით მეფეც კრძალვით წარმოუდგეს გლეხს ქართულს სუფრაზედ, როცა ის ამბობს სადიდებელს ღვთისას, შესანდობარს წინაპართა თუ მორიგსა სადღეგრძელოსა მას წმიდასა, როგორც ქართველი კაცის კაცური მეობის სუფრის წევრთა წინაშე განმცხადებელი!
   და ნებისმიერი სადღეგრძელო, მომდინარე მამა–პაპით, ყოფილიყოს აღიარებული ქართველთაგან ზნეობრივ კანონად ვითარცა მთქმელის, ისრეთვე გამგონისათვის, ხოლო სადღეგრძელოს წარმოთქმის დასასრულს ყანწ–სასმისთა ერთურთისათვის მიჯახუნება – კიდევ ერთხელი დაბეჭვდა ურთიერთშორის ამ კანონის ურყევობისა!
   და სუფრაზე სადღეგრძელოს თქმისა შემდგომ არა ჰქონოდეს მისსა არცა წარმომთქმელსა და არცა გამგონესა უფლება მისი დარღვევისა!
ხოლო ვინცა დაარღვიოს იგი, ყოფილიყოს ის შერცხვენილი, როგორც არასწორი და არამართალი თავის თანამოძმეთა შორის!
   აქ უკვე ხალხმა, ნათლად გამგებმა ყოველივესი და, ამავე დროს, ყელთამდე აღვსილმა დავით მეფის მედგარი და ბრძენი სულის შემართებულობით, ამოხეთქილი ვულკანივით ამოიგრგვინა:
   – დიდება შენსა სიბრძნესა, მეფეო!
   – ღმერთიმც გაუმარჯვებს დედასა შენსა, მეფეო, შენის, ასრერიგად ბრძენისა და ერისთვის გზის გამჩენის, ამ ქვეყანაზე მოვლინებისათვის! – ბორგავდა ხალხი, ჩაჩუმებას აღარ და აღარ აპირებდა.
    დავით მეფემ კვლავ ხელი ასწია და ყველა დადგა.
   – ჩვენი ვალ–ზნე კი სუფრით მოდის, ვაჟკაცნო, მაგრამ განა სუფრიდან ღვინით შექეიფებულ კაცსა ქვეყანა ოდესმე უმართია?! ერსა მისი ცხოვრების მომწყობ–მომწესრიგებელი აღმასრულებელი კანონი მართავს ყოველთვის, ქართველნო, კანონი მამაპაპეული, კანონი, – დადებული სოფლის საბჭო–საკრებულოზე. ეს არის კიდეც მეორე ფუძე, ქვეყნის სამართავი ღონე დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონისა. ქვეყანაში მომქმედი კანონი ვალ–ზნით მოდის, ხალხო, ხოლო წესრიგი ქვეყანაში – კანონით. ქვეყანა კანონით არის უძლეველი. კანონთა დამდებ – აღმსრულებელი ჩვენს ქვეყანაზე სოფლის კაცთა საბჭო–საკრებულოა. საბჭო–საკრებულო ისე სჭრის და ისე ჰკერავს, როგორც ეს თავად ერის კაცთ, მის წევრთა ჰნებავთ. თუ სუფრას სუფრის წევრთაგან არჩეული თამადა უძღვება, სოფლის საკრებულოს – მისი თავკაცი, ასევე არჩეული ერისაგან. თამადა, ეს სუფრის წევრთა მიერ არჩეული ერის კაცი, თუ მქადაგებელია ვალ–ზნეთა ჭეშმარიტთა, თავკაცი გამტარებელია კანონთა მათ, ამ ვალ–ზნით დამკვიდრებულთა. სანამდე სუფრისა წევრნი ქედმოხრითა და პატივისცემით უსმენენ და ემორჩილებიან თამადასა, ხოლო ერის კაცნი – თავიანთ თავკაცსა, განმსჭვალულნი ქვეყნის მოვლა–პატრონობითა, მანამდე არის სოფელი ბრძენი, ერი – ერთ მუშტად შეკრული და ქვეყანა – ღონიერი. – დავით მეფემ ხელები გან–განზე ბავშვური გულწრფელობით გაშალა. – აი, ეს არის კიდეც დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი, როგორც ცხოვრების წესი, ხალხო, ბოძებული ღვთითა; იგია ჩვენი სინდისიცა და ნამუსიც, სიტყვაცა და საქმეც, ღონეცა და ილაჯიც. როგორც კი მოვიშლით ცხოვრების ამგვარ წესსა, ეგრევე განთითოებულობა არის თითოეული ჩვენთაგანის ხვედრი და ღირსებააყრილი ქვეყანაც იმ წამიდან ისევე უპატრონოდა რჩება მიგდებული, როგორაც დღესა თითოეული ქართველი კაცია უპატრონო და დაცალიცალებული. დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონით არის ქართველი ხალხი ერთურთთან შეკრულ–შეფიცული ერისა და ღვთის წინაშე მსახურებისათვის. ხოლო შეფიცულ ერსა ვერა მტერი ვერ მოერევა. ამიტომ, ვიდრე დავიწყებდეთ აღშენებას ქვყანისა, ჯერ შევეფიცნეთ ერთმანეთს ჩვენ, ქართველნო, ერთად სამეფებლადა და ერთად საპატრონოდ ქვეყანისა ჩვენისა საქართველოსათვის, რათა იყოს სიმტკიცე და ვაჟკაცობა ჩვენთა შორის და ღირსეული ყოფნა ჩვენი დედამიწასა ზედა!
კაცის კაცობა საკრებულოზე მისი მოღვაწეობით წყდება, რამეთუ კაცთა ერთობლივი პასუხისმგებლობით არის ქვეყნის პატრონობა. საბჭო–საკრებულოზე მოღვაწეობა არის ერის კაცთა მიერ თავისი ჯვარის გოლგოთაზე ატანის პირველი პირობა.
   – ესე იგი, თუ არ არის საბჭო, არ არის კაცობა?
   – არა, რამეთუ არ არის პასუხისმგებლობა იმის შესახებ, რაც კაცის კაცობას განსაზღვრავს.
   – ეკლესია, მეფეო? – ჰკითხა დავით მეფეს ვიღაცის დაფიქრებულმა ხმამ. – თუ თამადა მქადაგებელია, ხოლო საბჭო–საკრებულო – გამტარებელი, მაშინ ეკლესია რაღა ყოფილა.
   – ჯვარი იგი, ასატანი გოლგოთაზე ციმციმ, შეუძლებელ არს კაცთათვის გარეშე უფლის დახმარებისა. ჩვენ, კაცნი, ხორციელობითა ჩვენით, როგორც წესი, ვერ გამძლენი ხშირად წინაშე ცთუნებისა, მოვლენილისა ჩვენთივის სატანის მიერ, უფლის დახმარების გარეშე დამგდებნი ვართ ჩვენ ჩვენი ჯვარისა ტალახსა მას შიგა, რაიცა არს პირველსაწყისი ცოდვის მარადიული არსებობისა. ჩვენ თუ წრფელი მონანიებით არ ჩამოვირეცხავთ ცოდვათა ჩვენსა, ხოლო წმინდა ზიარებით არ განვიწმინდებით, განა არს საჭირო კიდევ მტკიცება იმისა, რომ შეუძლებელი იქნება ჯვარისა მის დაცემულისა კვლავ აღმართვა და განგრძობა ჩვენს მიერ მისი ატანისა ჩვენი გოლგოთის მთაზე.
   – ესე იგი, ეკლესია...
   – ვიმეორებ, – ეკლესია, ტანი და სხეული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, არის ერთადერთი შემწე და დამრიგებელი ჩვენი განგრძობისათვის გზისა, დადგენილისა ჩვენთვის თავად უფლისავე მიერ. ვიმეორებ, – ზნეობრივი კანონი – სამსახური წინაშე მოყვასისა არის იგი ჯვარი, რომელიც აათრია მხრებითა თვის