|
|
სადისკუსიო კლუბი „დარბაზის ერი“
სრულიად ქართველი ერის სულიერ–ფიზიკური სხეულის შინაგანი შედუღაბებულობის შესახებ მაშ, ასე, როგორც უკვე აღვნიშნე, უპირველესი ეპოქალური ამოცანა, რომელიც დგას ჩვენი ერის წინაშე დღეს, არის გლობალიზაციის პროცესში ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, რამეთუ თუ არ იქნება შენარჩუნებული ეროვნული თვითმყოფადობა, მაშინ აღარ იქნება აღარც თავად ქართველი საზოგადოება და, შესაბამისად, აზრს დაკარგავს ისეთი მცნებებით სარგებლობაც, როგორიც არის „საქართველო“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“ და ასე შემდეგ. ეროვნული თვითმყოფადობა განისაზღვრება ეროვნული თვითშეგნებით, ხოლო, ეროვნული თვითშეგნება, როგორც თავისი თავის შესახებ წარმოდგენათა ერთობლიობა, აგებულია გარკვეულ სულიერ ღირებულებათა სისტემაზე, რომელსაც ეროვნული იდეოლოგია ეწოდება. ჩვენი ამოცანაც სწორედ იმ სულიერი ღირებულებების სწორი მიმართულებით განსაზღვრულობასა და გამოყენებაში მდგომარეობს, რომლებიც იმთავითვე ქმნიდნენ და დღესაც ქმნიან ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას. ქართველი ერის მიერ თავისი ეროვნული თვითშეგნების განსაზღვრულობა არის ის ერთადერთი იარაღი, რომლის საშუალებითაც არის შესაძლებელი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება დამდეგ ახალ მსოფლიო გლობალიზაცის ეპოქაში. ჩემს მიერ ამ საიტის შექმნას აქვს ერთი კონკრეტული მიზანი – ხელი შეუწყოს იმ ინტელექტუალური გარემოების ჩამოყალიბებას, რომლის პირობებშიც ქართული ინტელექტი შეძლებს ჩამოიყალიბოს აზრი თავისი თავის შესახებ – ანუ განისაზღვროს თავისი თავის არსებობაში, რაც არის სრულიად ქართველი ერის მიერ სიბრძნის მოქონიების საფუძველი. ჩვენ, სრულიად ქართველმა ერმა ელექტრონული ვებ–გვერდის საშუალებით საზოგადოებრივი მსჯელობის საგნად ვაქციოთ ჩვენი ერის წინაშე მდგარი ეპოქალური ამოცანა – გლობალიზაციის პირობებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება – ერთი კონკრეტული მიზნით: 1. შევეცადოთ თეორიულად განვსაზღვროთ და ჩამოვიყალიბოთ ეროვნული იდეოლოგიის შესახებ ჩვენი აზრი; 2. შევეცადოთ თეორიულად განვსაზღვროთ და ჩამოვიყალიბოთ ეროვნული თვითშეგნების შესახებ ჩვენი აზრი; 3. შევეცადოთ თეორიულად განვსაზღვროთ და ჩამოვიყალიბოთ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის შესახებ ჩვენი აზრი. ამ სამი, ჩემის აზრით, ფუნდამენტალური საკითხის მოგვარების გარეშე ჩვენ ქართველი ერის არსებობა მომავალში ძნელად წარმოსადგენია.
სადისკუსიო კლუბი „დარბაზის ერი“ სწორედ ამ მიზნით ჩვენს საიტზე სათავეს ვუდებთ სადისკუსიო კლუბ „დაბრაზის ერის“ ფუნქციონირებას, რომლის ერთადერთი დანიშნულებაც არის იმსჯელოს, გამოიკვლიოს და განსაზღვროს აზრი იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებლი, რომ ქართველმა ერმა მოუაროს თავის თავსა და თავის ქვეყანას. ჩვენი სადისკუსიო კლუბი „დარბაზის ერის“ მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყოველ ადამიანს, ვისაც მიაჩნია რომ ქართველი ერი არის მისი მშობელი ერი და რომ იგი მისთვის წარმოადგენს წმინდათა წმინდა კატეგორიას, რომლისთვისაც იგი დაუფიქრებლად გასწირავდა თავს. პატივცემულო თანამემამულენო, გახდით სადისკუსიო კლუბ „დარბაზის ერის“ წევრები, მიიღეთ მის მუშაობაში მონაწილეობა. გაითავისეთ, რომ აზრის ჩამოყალიბება იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ ქართველმა ერმა მოუაროს თავის თავს, არის საფუძველი იმისა, რომ მართლა მოუაროს ქართველმა ერმა თავის თავს. ამ პრეცედენტს აქვს ფუნდამენტალური მნიშვნელობა ჩვენი ერის როგორც დღევანდელი, ისე ხვალინდელი მდგომარეობისათვის. ეს პრეცენდენტია შემქმნელი აუცილებელი საფუძველისა იმისათვის, რათა კვლავ დავიბრუნოთ ჩვენ, ქართველმა ერმა კოლექტიური აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და თავისი თავის ზრუნვისათვის აუცილებელი ღონისძიების გატარების კულტურა, რომელიც ჩვენ მრავალი იმპერიების ჩვენს ქვეყანაზე ბატონობის შედეგად თუ მთლად არ დაგვიკარგეს, დიდად დაგვიმახინჯეს მაინც. დასმული საკითხების გარშემო მსჯელობაში მონაწილეობის მიღება და საკუთარი აზრის გამოთქმა არის შემქმნელი იმ პრეცედენტისა, რომელიც წარმოადგენს განმსაზღვრელს ქართველი ხალხის მოქალაქეობრივ შეგნებას. საგნის შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე ნებისმიერი ქართველისათვის ამგვარ დისკუსიაში მონაწილეობის მიღებას აქვს არა ნებაყოფლობითი, არამედ ზნეობრივი აუცილებლობის ხასიათი, რამეთუ ჩვენი ერის მიერ თავისი თავის შესახებ აზრის ჩამოყალიბებაზე გადის ჩვენი ერის ხვალინდელი დღე. პატივცემულო თანამემამულენო, დღეს საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთხელ დადგა ქართული სულიერების გამოცდის დღე – ჩვენ ან ჩაგვყლაპავს გლობალიზაციის ეპოქა და გადავშენდებით, ან დავრჩებით. მივმართავ ყველას, ვისთვისაც აზროვნება წარმოადგენს მოღვაწეობის სფეროს, ვისაც ძარღვებში ქართული სისხლი უდუღს და კაცობითაც თავისი კაცობა იმ ნიშნით განუსაზღვრავს, თუ როგორ არის იგი ვალდებული წმინდად ემსახუროს თავის სამშობლოს – მიიღეთ მონაწილეობა სადისკუსიო კლუბი „დარბაზის ერის“ მიერ გამართულ მსჯელობებში. ვიმსჯელოთ იმდენი და ვიმსჯელოთ ისე, სანამ საბოლოოდ არ ჩამოვიყალიბებთ ჩვენი თავის შესახებ ჩვენს წარმოდგენას, ანუ ეროვნულ თვითშეგნებას, მერე დავარქვათ იმას წმინდა და ვემსახუროთ, როგორც უფლის მიერ ნაბოძებ სიწმინდეს. დღეს ჩვენი ერის მიერ თავისი ეთნო–კულტურული თვითმყოფადობის აღმავლობისათვის ბრძოლაში მდგომარეობს ნებისმიერი ქართველი მამაკაცის, როგორც თავისი ერის მეომარის ღირსება! ჩვენი ოჯახებისა და ჯიშ–ჯილაგის არგადაგვარებისათვის ბრძოლაში მდგომარეობს ჩვენი, ქართველი ერის მიერ ოცდამეერთე საუკუნეში გადასატანი დიდგორი! ჩვენ, სრულიად ქართველ ერს გლობალიზაციის ეპოქა გვიგდებს ხელთათმანს და ჩვენი, სრულიად ქართველი ერის ვალია ამ დუელში აუცილებელი გამარჯვება – სხვა გზა, უბრალოდ, არცა გვაქვს და არც არსებობს. ისევე, როგორც ჩვენი წინაპრები, ჩვენც ვალდებულები ვართ შევძლოთ მივიღოთ ყველა ის აუცილებელი გადაწყვეტილება და მივმართოთ ყველა იმ აუციებელ ღონისძიებას იმისათვის, რათა კვლავ გავუკვალოთ ჩვენი ერის ცხოვრების მომავლისაკენ მიმართულ მარადიულ დინებას შესაბამისი კალაპოტი. დღეს, ჩვენი ერისათვის ამ ურთულეს პერიოდში ქართველი ერის სულიერმა ენერგიამ უნდა დაამტკიცოს, რომ იგი კვლავ არსებობს ჩვენში, როგორც ეროვნული საზოგადოების არსებობის საფუძველი, რომ კვლავ გააჩნია მას ფუნქცია ყოველ ახალ ეპოქაში ერის სულიერ–ფიზიკური სხეულის კვლავგანახლებისა და კვლავგააზრებისა, რომ მას თავისი მოწოდებით არ შეუძლია მთელი თავისი არსით არ მოემსახუროს თავის ერს, არ დააკავოს ერის აზრი და გონება თავისი თავის მოვლა–პატრონობის იდეით და, ამდენად, არ იქცეს ამ რთულ პერიოდში იმ ერთადერთ წარმმართველ ძალად, რომელიც ერს ტაძრამდე მიიყვანს.
საწყისი წერტილის არსებობის აუცილებობა იმისათვის, რომ ჩვენმა სადისკუსიო კლუბმა სახელწოდებით „დარბაზის ერი“ დაიწყოს ფუნქციონირება, ანუ მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი ქართველი ერის მიერ თავისი თავის მოვლა–პატრონობა, ჩემის აზრით, საჭიროა რაღაც ისეთი საწყისი წერტილის მონახვა, რომელიც საყრდენად მოემსახურებოდა ეროვნულ ინტელექტს, რათა აღძრულიყო იგი აღნიშნული მიმართულებით. რადგანაც ჩვენი ერის წინაშე დასახული ეპოქალური ამოცანა მდგომარეობს ეროვნული ინტელექტის მიერ ეროვნული იდეოლოგიისა და თვითშეგნების ჩამოყალიბებაში და მათზე დაყრდნობით ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძვლების განსაზღვრებაში, ამიტომ, ბუნებრივია, ის ათვლის წერტილი, რომლის შესახებაც ჩვენ ვლაპარაკობთ, გულისხმობს ეროვნული იდეოლოგიის, ეროვნული თვითშეგნებისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კონცეფციის რაღაც გარკვეული მოდელის არსებობას. თუ იარსებებდა ამგვარი მოდელი, მაშინ შესაძლებელი გახდებოდა გვექცია იგი ჩვენი სადისკუსიო კლუბის მსჯელობის საგნად, რათა მისი ობიექტური ანალიზის – დადასტურების, უარყოფისა თუ განვითარების ალტერნატიული გზის ძიების შედეგად ჩამოგვეყალიბებინა ჩვენ, სრულიად ქართველ ერს ჩვენთვის სასურველი საზოგადოებრივი აზრი ჩვენთვის სასურველი თემების შესახებ.
დავით აღმაშენებლის საქართველო – მსჯელობის საგანი ამ თვალსაზრისით მე გთავაზობთ დავით აღმაშენებლის პერიოდის ქართლის ცხოვრების შესახებ მსჯელობას. ჩვენი ერის ისტორიის ეს ხანა იყო ის ერთადერთი და ამ გაგებით, მართლაც რომ უნიკალური პერიოდი, როდესაც ადგილი ჰქონდა ქართველი ერის მიერ სრულფასოვანი, თავისი თავიდან ამოზრდილი და ყველა ნიშნის მიხედვით სრულყოფილი და თვითკმარი სახელმწიფოებრიობის შექმნას. ეს პერიოდი ემთხვევა მეთერთმეტე საუკუნის ბოლო ათ წელსა და მეთორმეტე საუკუნის პირველ მეოთხედს, როდესაც დიდ თურქობით განაწამებმა ქართველმა ხალხმა ჩვენი წმინდა მეფის დიდი დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით შესძლო ისე წარემართა ეროვნული ენერგია, რომ შედეგად მიეღო შინაგანი და გარეგანი სიძლიერით განმტკიცებული ჭეშმარიტად ქართული სახელმწიფოებრიობა. თუ გარკვეულად ჩავუღრმავდებით ამ თემას და დაკვირვებით გავავლებთ პარალელებს, დავინახავთ, რომ საწყისი პირობებიც ემთხვევა ერთმანეთსა და ერის მაშინდელი და ახლანდელი თაობების წინაშე მდგარი ამოცანაც.
ბუნებრივი უნდა იყოს ჩვენი, ქართელი ერის თანამედროვე თაობების ცხოველი ინტერესი, იმის თაობაზე, თუ როგორ შესძლო დავით აღმაშენებელმა და მისი წინამძღოლობით მაშინდელმა ქართველმა ხალხმა – ჩვენმა დიდმა წინაპრებმა – მოეგვარებინათ მათ წინაშე წამოჭრილი ანალოგიური პრობლემები. პატივცემულო თანამემამულენო, პოტენციურნო წევრნო ჩვენი დარბაზის ერისა, ამ პერიოდის დაწვრილებითი წარმოდგენა ამ თვალსაზრისით ჩვენ მოგვცემდა შესაძლებლობას მრავალ ისეთ კითხვაზე გაგვეცა პასუხი, რაც დღესაც წარმოადგენს ჩვენი ერისათვის უდიდესი ინტერესის საგანს. კერძოდ, რა იდეოლოგიურ საფუძვლებს ეყრდნობოდა ქართველი ერის ერად ყოფნობისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ის კონცეფცია, რომელიც ასეთი მისადაგი აღმოჩნდა ქართველი ერის იმდროინდელი თაობებისათვის? რაში მდგომარეობდა ის ძალისხმევა, რომელიც გამოიჩინა მაშინდელმა ეროვნულმა ინტელექტმა, რათა იმთავითვე განეპირობებინა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის წარმატებულობა? როგორ და რა იდეოლოგიური კონცეფციის საშუალებით დაარწმუნა დავით აღმაშენებელმა „დიდ თურქობით“ პათოლოგიურად შეშინებული თითოეული ქართველი ადამიანი, რომ ის იყო ერთადერთი პატრონი თავისი მამულისა და რომ მის წმინდა ვალდებულებას შეადგენდა ეპატრონებინა მისთვის, თუნდაც ამ პატრონობის გზაზე მას სიკვდილი შეჰყროდა? რა ნიშნებით ხასიათდებოდა ეროვნული თვითშეგნება მაშინდელ საქართველოში, რაც უზრუნველყოფდა ხალხის მიერ თავისი თავის მართვას, რასაც ახლა დემოკრატიულ საზოგადოებას ეძახიან? ვფიქრობ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის დღესაც წარმოადგენს ეროვნული სულიერების ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მობილიზების კლასიკურ მაგალითს. ამ თვალსაზრისით საჭირო იყო თეორიულად შექმნა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ისეთი მოდელისა, რომელიც, როგორც ზემოთაც ვთქვი, მსჯელობის საგნად მოემსახურებოდა სრულიად ქართველ ერს დღევანდელი ამოცანის გადასაჭრელად. მოკლედ, ვახსენებ ღმერთს, ვიწერ პირჯვარსა და გთავაზობთ სააზროვნო საგნად, საჯილდაო ქვად, საანალიზოდა და გასარჩევად ჩემს მიერ დაწერილ ნაწარმოებს „ჯვარ–პატიოსანი“, რომელშიც აღწერილია დიდი დავით აღმაშენებლის მიერ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გარკვეული მოდელის მიხედვით წარმოებული პროცესი.
სახელწოდება „ჯვარ–პატიოსანის“ განმარტებისათვის სიტყვა „ჯვარ–პატიოსანი“ იმ შინაარსის მიხედვით, როგორც მე ეს მესმის, წარმოადგენს იმ ადამიანის ზნეობრიობის ხარისხის ამსახველ განსაზღვრებას, რომელიც ოჯახის, ერისა და ქვეყნის წინაშე უანგარო მსახურების აღსრულებით უფალს ემსახურება. შინაარსობრივი წარმომავლობა სიტყვისა „ჯვარ–პატიოსანი“ აღებული მაქვს იესო ქრისტეს მიერ თავის მოწაფეებთან ერთად ხალხის მიმართ ნათქვამ სიტყვებიდან: „ვისაც სურს მე მომყვეს, აღიღოს ჯვარი თვისი, უარჰყოს თავი თვისი და გამომყვეს მე“. (მარკოზის სახარება 8.34). ჯვარი – ეს არის სიმბოლო, კაცის მიერ ღმერთის წინაშე თავისი წმინდა ვალდებულების შეგნების გამომხატველი, რაც მდგომარეობს მის მიერ უანგარო მსახურების გაწევაში წინაშე თავისი ოჯახისა, წინაშე თავისი ერისა და წინაშე თავისი სამშობლოსი. სიტყვები „ჯვარის აღება“ ნიშნავს ადამიანის მიერ ღვთის წინაშე არსებულ ამ წმინდა ვალდებულებათა აღსრულების საკუთარი ცხოვრების უმთავრეს პრინციპად ქცევას. ჯვარ–პატიოსანი კაცის ცხოვრების წესის ზნეობრივი საფუძველი მდგომარეობს შემდეგში – თუ ემსახურება იგი უანგაროდ ოჯახს, როგორც წმინდა ეკლესიას, სოფელს, როგორც წმინდა ეკლესიას, მხარეს, როგორც წმინდა ეკლესიას და სამშობლოს, როგორც წმინდა ეკლესიას, მაშინ იგი ემსახურება ღმერთსაც. რას ნიშნავს ამ შემთხვევაში სიტყვები „უარჰყოს თავი თვისი“ – ის, ვინც მომსახურეა ღმერთის წინაშე ვალდებულების აღსრულებისა, ბუნებრივია, ის თავისი შინაგანი „მეს“ მომსახურების უარმყოფელია, ის საზოგადოების, მოყვასის მიმართ უანგაროა. რას ნიშნავს ამ შემთხვევაში შინაარსი სიტყვებისა „გამომყევ მე“ – ისევე არის ადამიანის მიერ აღსასრულებელი მისი წმინდა ვალდებულებების ჯვარი თავისი ცხოვრების გოლგოთაზე ასატანი, როგორც იესო ქრისტემ აიტანა თავისი მხრებით ჯვარი – ნიშანი ადამიანის მიერ მოყვასთა წინაშე უანგარო მსახურებისა – გოლგოთას მთაზე, რის გამოც თავად იმ ხალხმავე, რომელსაც ის ემსახურა, ვერ გამგებმა და არ დამფასებელმა ამ მსახურებისა, გააკრა იგი ამ ჯვარზე. მაგრამ იესო ქრისტე, იმ შემთხვევაში როგორც კაცობრივი ბუნებისა, იყო მატარებელი თავისი ჯვარისა უფალთან და არა ხალხთან მიმართებაში, ამიტომ შეუძლებელი იყო ამ ადამიანთა მიერ მის მიმართ დაუმსახურებლად მიყენებულ შეურაცხყოფას ემოქმედა მის მიერ გაწეული მსახურების შესახებ წარმოდგენაზე. მისი, როგორც ხორციელი კაცის ერთადერთი მისია იყო, ბოლომდე მსახურებოდა ღმერთს მოყვასის მიმართ უანგარო მსახურების ფორმით. ამიტომაც მიმართა მან მამა–ღმერთს: – უფალო, შეუნდე მათ, რამეთუ არ იციან, თუ რასა იქმან. და მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ, როგორც კაცებრივი ბუნებისა, ამაღლდა იგი ცათ და შევიდა ცათა სასუფეველში, რომელიც, როგორც უფალმა თავადვე დაგვიმკვიდრა. აი, ადამიანის მიერ გასავლელი სამოქალაქო ცხოვრების ის დიადი მაგალითი, მოცემული კაცთათვის უფალი იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც ვერც ერთი რელიგიის წარმომადგენელი ვერ გასცილდება. აი, ის დიადი ფორმულა ადამიანის მიერ უფლის სახელით თავისი ოჯახის, ერისა და ქვეყნის წინაშე უანგარო მსახურებისა, მოცემული უფალი იესო ქრისტეს მიერ კაცთათვის, რომელიც არის განმსაზღვრელი როგორც საზოგადოების სოციალური მოწყობისა, ისე მისი ცხოვრების წესისა. აი, ადამიანის, როგორც მოქალაქის იდეალი, გამომდინარე მარდლმადიდებელი რწმენის სიღრმებიდან. ამგვარი საქციელით მისცა სამოქალაქო ცხოვრების მაგალითი იესო ქრისტემ ადამიანთა მოდგმას და სწორედ ამაში მდგომარეობს სამოქალაქო თვალსაზრისით ქრისტიანობის უდიდესი სიბრძნე, – უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებისეული მოღვაწეობა მიმართებაში უფალთან და არა მიმართებაში კაცთან. ადამიანების ერთმანეთთან მიმართებაში სიმართლე არ არსებობს. ადამიანების ერთმანეთთან მიმართებაში ყველას თავისი აზრი აქვს. სიმართლე არსებობს უფალთან მიმართებაში, რომლის დროსაც სიმართლე ადამიანის მიერ უფლის მიმართ წმინდა ვალდებულებათა აღსრულებაში მდგომარეობს, და არა იმაში, თუ ვინ რა დროს როგორ მიაგებს მას მისი მოღვაწეობის სანაცვლოდ, ან როგორ განაწყენდება იგი ამის საპასუხოდ. ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს უფალთან მიმართებაში, არის სიმართლის გზაზე მავალი, მსახურების გზაზე მავალი და მაშასადამე, სასუფეველისკენ მიმართულ გზაზე მავალი ადამიანი, ხოლო ის ადამიანი, ვინც ცხოვრობს კაცთან მიმართებაში, განწირულია კაცთან მიცემისა და სანაცვლოდ მის მიერ მოზღულის ძიებასა და ლოდინში ჩაკარგვისათვის. ვერავინ ვერ მიაგებს კაცს სიკეთის სანაცვლოდ სამაგიეროდ შესაბამის სიკეთეს, გარდა უფლისა. კაცს, რომელიც პატიოსნად მიეზიდება თავის ჯვარს თავისი ცხოვრების გოლგოთაზე უფლისა და არა თავისი სახელით, ჩვენ ვუწოდებთ კაცს ჯვარ–პატიოსანს.
დავით აღმაშენებელი – კაცი ჯვარ–პატიოსანი დავით აღმაშენებლი, რომლის სახის დახატვასაც მე შევეცადე ჩემს ნაწარმოებში, არის კაცი „ჯვარ–პატიოსანი“. თავისი არსით სახე დავით აღმაშენებლისა არის სახე კაცისა ჯვარ–პატიოსანისა, ერი დავითისა არის ერი ჯვარ–პატიოსანთა, ხოლო ქვეყანა დავითისა არის ქვეყანა ჯვარ–პატიოსანთა. შინაგანი მდგომარეობის მიხედვით სხვანაირი არც ქართველი კაცი შეიძლება არსებობდეს, არც ქართველი ერი და არც ქართველთა ქვეყანა – საქართველო. ღირსების კოდექსი, რომელსაც გულისხმობს დავით აღმაშენებლის, როგორც ჯვარ–პატიოსანი კაცის სახეს, არის მიზეზი სწორედ მის მიერ ქართველი ერის შესაბამისი სულიერი განმსჭვალვისაცა და მის მიერ საქართველოს სრულფასოვანი სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობისაც. დავით აღმაშენებლის, როგორც ჯვარ–პატიოსანი კაცის პიროვნული შეგნება არის ქვაკუთხედი ქართული მოქალაქეობრივი შეგნებისა. სიბრძნე, რომელსაც გულისხმობს ჯვარ–პატიოსანი კაცის სახე, არის ის ერთადერთი სიბრძნე, რომელიც ჩვენი დედა–ეკლესიიდან გამოდის და ქართველთა გულებისაკენ მიედინება. ჯვარ–პატიოსანი კაცის სახე არის ქართული სულიერების გამოხატვის ის ერთადერთი ფორმა, რომელიც სრულიად ჰფენს ნათელს ქართველი ერის თვითკმარ ბუნებას. მე ეჭვი არ მეპარება, რომ დღესაც დიდი დავით აღმაშენებლის სახეს, როგორც სახეს ჯვარ–პატიოსანი კაცისა, ძალუძს შეუნარჩუნოს ქართველ ერს თვითმყოფადობა გლობალიზაციის ეპოქაში და, აგრეთვე, ძალუძს აღაშენოს ჭეშმარიტი და თვითკმარი ქართული სახელწიფოებრიობა. დავით აღმაშენებლის, როგორც ჯვარ–პატიოსანი კაცის სახე არის ის მაშველი რგოლი, რომელიც ნებისმიერი გასაჭირის დროს გამოადგება ნებისმიერ ქართველს ნებისმიერი აუცილებელი გადაწყვეტილების მიღებისას. დავით აღმაშენებლის, როგორც ჯვარ–პატიოსანი კაცის სახე არის წამალი, რომლითაც არის შესაძლებელი სრულიად ქართველი ერის, და არა მხოლოდ სრულად ქართველი ერის მკურნალობა. ამიტომ, თავად განსაჯეთ, უდიდესი პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე, დაწოლილი ჩემს მხრებზე, როდესაც მე მისი სახის შექმნას შევუდექი, მით უმეტეს, რომ ნაწარმოებში არა ზოგადად და ზერელედ, არამედ ზედმიწევნითი თანამიმდევრობით არის ასახული მისი მეფედ კურთხევის წინაპერიოდიდან იმ ქვეყნად გარდასვლამდე მის მიერ განვლილი ცხოვრების ყველა ეტაპი. ნაწარმოები მხატვრული ხასიათისაა და ბუნებრივია არა აქვს მეცნიერული დასაბუთებულობის პრეტენზია, თუმცა აგებულია იგი პირველ–წყაროების საფუძველზე, რაც შეძლებისდაგვარად არის გათვალისწინებული მისი შექმნის პროცესში. დავით აღმაშენებლის სული გვლოცავდეს მაღლა ციდან ჩვენ, ყველა მის შთამომავალს, ვისთვისაც იგი სიცოცხლით ბოლო ამოსუნთქვამდე დაიხარჯა და ვისგანაც სიკვდილის შემდეგაც მის მკერდზე ტერფის დადგმა მოინება! დიდი წმინდანისა და თავისი ერისა და სამშობლოსათვის მსხვერპლად შეწირული კაცის სახის დახატვას შევეცადე, იქნებ ამით რაიმე ხელშეუხებელსაც შევეხე, მაგრამ ჩემი სულიერი მოძღვარისგან კურთხევის გარეშე არ მიმიცია ჩემთვის არც წერისა და არც გამოქვეყნების საშუალება. ადამიანის შვილი ვარ და თუ რამე ისე ვერ გავაკეთე, როგორც იყო გასაკეთებელი, გულწრფელად შემინდეთ თქვენც, ჩემო კეთილო ხალხო, და დავით აღმაშენებლის სულმაც, რამეთუ სიკეთის მეტი არაფრის გაკეთება არ მეწადა.
შესავლის ბოლოთქმა ჩვენი პატარა ერი დღეს მთელს მსოფლიოშია განბნეული. ჩემს მიერ შემოთავაზებული კულტურულ–საგანმანათლებლო მოძრაობა „ჯვარ–პატიოსანის“ მიზანია ქართველი კაცი იქცეს კაცად ჯვარ–პატიოსანად, ერი ქართველთა – ერად ჯვარ–პატიოსანთა, ხოლო ქვეყანა ქართველთა – ქვეყანად ჯვარ–პატიოსანთა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გადარჩენა ჩვენსავე შეგნებაში მდგომარეობს, რომელიც მუდამ ჩვენთან არის, სადაც არ უნდა მოგვიწიოს ჩვენ ცხოვრება. იქცეს თითოეული ჩვენთაგანი ჭეშმარიტ ქრისტიანად, აღიღოს ჯვარი თვისი, უარჰყოს თავი თვისი და მისდიოს იესო ქრისტეს დიად მაგალითს, – აი, რაში მდგომარეობს საქართველოს გადარჩენა. ერთად დავდგეთ ჩვენ, სრულიად ქართველი ერი, საქართველოს ხელისუფლება და დედა–ეკლესია, – აი, ის ძალა, რომლის წინაშეც არანაირი ძალა, რაგინდ დიდიც არ უნდა იყოს იგი, როგორც ეს საქართველოს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დამტკიცებულა კიდეც, ვერ მოგვერევა. ამგვარად ხომ გლობალიზაციის ეპოქის დადგომით მოგვრილი საშიშროებაც ვეღარას დაგვაკლებს! მოგმართავთ ყველა ქართველს, უპირველეს ყოვლისა, მამაკაცთ, ჩემს სისხლითა და ხორცით ძმათ! ჩვენი ერის წინაშე არსებული პრობლემაცა და ამ პრობლემის დაძლევის ვალდებულებაც ერთნაირად გვეხება ყოველ ჩვენთაგანს, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა გვიწევდეს ჩვენ ცხოვრება და მოღვაწეობა. ჩვენი ბრძოლა ჩვენი გადასატანია და იგი ჩვენს მიერ ჩვენი ეროვნული თვითშეგნების განმკვიდრებაში მდგომარეობს. ჩვენ უნდა განვისაზღვროთ, საიდან მოვდივართ, როგორც ერი, რა საფუძველზე ვდგევართ, როგორც ერი, რა ვალდებულება გვამოძრავებს, როგორც ერსა და რა გვინდა ჩვენს გარშემო არსებული სინმდვილისაგან ჩვენ, როგორც ერს. ამიტომ, სასურველია, ამ ფრიად სასიცოცხლო თემების შესახებ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღოს შეძლებისდაგვარად ყველა ქართველმა, ვინც კი ამის საჭიროებას დაინახავს. ხოლო, იმისათვის, რათა მიიღოთ მსჯელობაში მონაწილეობა, საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, გაგაცნოთ ნაწარმოები, რომელსაც მე, მისი ავტორი ვასო კუკუნაშვილი, გთავაზობთ მსჯელობისათვის აუცილებელ საბაბად. გისურვებთ სასიამოვნო და სასარგებლო კითხვას!
|
|