|
|
მიზნები და ამოცანები
გლობალიზაციის ეპოქაში სრულიად ქართველი ერის წინაშე მდგარი ეპოქალური ამოცანის განსაზღვრება მე ჩემს მიერ რედაქტორის გვერდში გამოქვეყნებულ სტატიაში დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას დავიწყებ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სიტყვებით, რომელიც მან ბრძანა ახალი 2009 წლის წინა დღეებში წარმოთქმულ ქადაგებაში: „ჩვენ ვცხოვრობთ საშიშ დროში, მსოფლიო გლობალიზაციის დროში. მე აგიხსნით იმას, თუ რა არის გლობალიზაცია. გლობალიზაციის დროს არსებობს სუბიექტი და ობიექტი... მაგრამ ჩვენ, ქართველმა ერმა უნდა ვიცოდეთ, რისი დათმობის უფლებაც არა გვაქვს - ყოველივე ის წმინდა, რაც ჩვენს მამა–პაპას ჩვენთვის დაუტოვებია“. (ხაზგასმა ჩემია. ვ.კ.) დავუფიქრდეთ ერთი წამით უწმინდესისა და უნეტარესის ნათქვამს, ძვირფასო თანამემამულენო, – რა შეიძლება იყოს ის ყველაზე წმინდა, რაც ჩვენთვის ჩვენს მამა–პაპას დაუტოვებია და რისი დათმობის უფლებაც არა გვაქვს, თუ არა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, რომელსაც მსოფლიო გლობალიზაციის ეპოქაში ერთიან მსოფლიო სივრცეში უნიფიცირების (ანუ შეთქვეფის) საფრთხე ემუქრება? ხოლო თუ ეს ასეა, მაშინ ისმება კითხვა – განა არსებობს ჩვენი ერისთვის იმაზე უფრო დიდი საფრთხე გლობალიზაციის ამ თვისობრივად ახალ აპოქაში, ვიდრე ვინმესგან ჩვენს დიდ მამა–პაპათა მიერ ჩვენთვის გადმოცემული წმინდა დანატოვარის – ეროვნული თვითმყოფადობის ანუ ეროვნული მეობის წართმევაა? რა მოვლენათა რიგს განეკუთვნება ეს ეგრეთ წოდებული გლობალიზაცია, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული დაკარგვა ყველა იმ სიწმინდისა, რისი დაცვაც მუდმივად იყო საგანი ჩვენი წინაპრების მიერ თავიანთი თავების მსხვერპლად მიტანისა? ამისდა საპასუხოდ აქვე მოვიტანდი კიდევ ერთ ამონარიდს ასევე საპატრიარქოს საიტზე გამოქვეყნებული ტექსტიდან, რომელიც ეძღვნება პატრიარქის კულტურის ფონდის დაარსებას და რომელშიც საოცარი უბრალოებით, სიღრმითა და საგნის არსში წვდომით არის დახატული მთელი ტრაგიზმი ამ თვალსაზრისით ჩვენი ერის გარშემო შექმნილი ვითარებისა: „მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოთა პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები უწინდელ მნიშვნელობას კარგავს, რასაც თან სდევს ხალხებისა და კულტურების ასიმილირების რთული პროცესი, ამიტომ ეროვნული იდენტიფიკაციის უმთავრეს ფაქტორად კულტურული არეალიღა რჩება, მით უმეტეს, ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. როგორც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე თავის ერთ–ერთ ეპისტოლეში აღნიშნავს, „საქართველო მხოლოდ მაშინ გადარჩება და დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოში, თუ იგი თავის ტრადიციებზე დაყრდნობით შექმნის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე დაფუძნებულ ქართულ სახელმწიფოს. ამ ორივე პირობის შესრულება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისა და შემდგომი განვითარებისათვის. თუნდაც ერთ–ერთი მათგანის მოკლება უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისათვის“ (ხაზები ყველგან ჩემია. ვ.კ.). (სააღდგომო ეპისტოლე, 23 აპრილი, 2006 წ). რა დასკვნების გაკეთება შეიძლება მოყვანილი ამონარიდიდან? პირველი, მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში ეროვნული იდენტიფიკაციის უმთავრეს ფაქტორად კულტურული არეალიღა რჩება, მით უმეტეს, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. მეორე, არა მხოლოდ ჩვენი ერი, არამედ მსოფლიოს ყველა ეთნო–კულტურა დგას დღეს უდიდესი გამოცდის წინაშე, რათა რამენაირად შეიძლოს მან არ დაკარგოს თავისი ეროვნული თვითმყოფადობა. მესამე, მოცემულ შემთხვევაში კარჩაკეტილობა საკუთარი სახის შენარჩუნების მიზნით არის დამღუპველი. პირიქით, საჭიროა გლობალიზაციის შესაბამისი ტექნოლოგიების ათვისება იმისათვის, რათა ჩვენ შევძლოთ ახალი ეპოქისათვის მხარის აბმა. ყველა შემთხვევაში ერთი რამ ცხადია – ჩვენ, ქართველმა ერმა, რამენაირად უნდა გადავლახოთ ჩვენს წინაშე მდგარი მსოფლიო ერთიან სივრცეში უნიფიცირების უდიდესი საფრთხე, რამენაირად უნდა მოვარგოთ გასაღები შექმნილ საერთაშორისო მდგომარეობას და რამენაირად უნდა შევიძლოთ, რომ აუცილებლად შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, მომცემი ჩვენთვის, ქართველებისათვის, ცხოვრების შინაარსისა. როგორც მოყვანილი მსჯელობიდან ხდება თვალნათელი, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვისწავლოთ გამორჩევა ძირითადისა მეორე ხარისხოვანისაგან – ჩვენი ერის წინაშე მდგარი უმთავრესი საფრთხე მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში ჩვენი ეროვნული თვითშეგნების დაკარგვაში მდგომარეობს. ამასთან, ჩვენ, ქართველმა ერმა, კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ აზრი იმის შესახებაც, რომ თავად გლობალიზაცია არ შეიძლება იყოს ქართველი ერის არც მტერი და არც მოყვარე, რამეთუ იგი წარმოადგენს მსოფლიოში არსებული ნებისმიერი ერის მსოფლიოს ერთიან სივრცეში ინფორმაციული, სავაჭრო, ფინანსური, ეკონომიკური ინტეგრირების ობიექტურად აღძრულ პროცესს. გლობალიზაცია არის ცივილიზაციის განვითარების შედეგი და მიუხედავად იმისა, რომ, როგორც აქტიურად გამოხატული მოვლენა, თავისი არსებობის სულ რაღაც ათ–თხუთმეტ წელიწადს ითვლის, დღეს უკვე წარმოადგენს იმ საერთაშორისო გარემოს, რომლის წინაშეც, (მიუხედავად იმისა, აქვს ამის სურვილი ვინმეს თუ არა), მაინც მოუწევს მსოფლიოს ყველა ერსა და ეთნოსს ჩააბაროს გამოცდა თავისი ეთნო–კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე. ის ერი, რომლიც ვერ ჩააბარებს თავისი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების გამოცდას, დაკარგავს თავის თავს და აღიგვება პირისაგან მიწისა. ხოლო ის ერი, რომელიც შესძლებს ისე მოახდინოს თავისი ეროვნული სხეულის ინტეგრირება მსოფლიოს ერთიან ინფორმაციულ, სავაჭრო, ეკონომიკურ თუ ფინანსურ სივრცეში, რომ თავისი ეროვნული თვითმყოფადობა არ დაკარგოს, გამოვა ამ ბრძოლაში გამარჯვებული. დიდი ალბათობაა, რომ ოცდამეერთე საუკუნე აურაცხელ ერსა და ეთნოსს ექცეს სამარადისო დასამარების საუკუნედ. ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ეს არის ოცდამეერთე საუკუნის დიდი დრამა, რომლის შესახებაც ცალსახად მიგვანიშნებს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე. მაგრამ ჩვენ, ქართველი ერი, სრულებითაც არა ვართ თანახმა, რომ ჩვენი ერი გადაშენების გზას დაადგეს. ჩვენ, ქართველი ერი, ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა და ამ ბრძოლაში ჩვენი მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი – გამარჯვება. ჩვენ, ჩვენი სულმნათი წინაპრების შთამომავლებს არც სხვა გზა არა გვაქვს და არც სხვა უფლება!
ქართველი ერის არსებობის ღერძულა იდეა ახალ ეპოქაში უდიდესი საფრთხის წინაშე ქართველი ერის დგომის დიაგნოზი უფლის ნებითა და უწმინდესისა და უნეტარესის გაცხადებით დასმულია, ხოლო თუ რა არის იმისათვის საჭირო, რათა გამოვიდეს ქართველი ერი შექმნილი ურთულესი მდგომარეობიდან, ამისათვის კვლავ მისი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის სიტყვებს მოვიშველიებ, წარმოთქმულს 2004 წლის 28 ნოემბრის ქადაგებაზე: „აუცილებლად, რაღაც ისეთი იდეა უნდა გვქონდეს ერს, ხელისუფლებას, ეკლესიას, რომელსაც გაჰყვება ჩვენი ერი, რომელსაც ხელში აიტაცებს, როგორც ძვირფას საუნჯეს და ამით შეაბიჯებს მომავალში“. განა მშობელი ერისა და სამშობლოსადმი უანგარო მსახურება არ არის ის ერთადერთი იდეა, რომელსაც ერის, ხელისუფლებისა და ეკლესიის ამგვარი გაერთიანება ძალუძს? განა ერის, ხელისუფლებისა და ეკლესიის გამაერთიანებელი სხვა ამ იდეის ტოლფასი იდეა შეიძლება მოიძებნოს ქართულ სინამდვილეში? ჩემს მიერ ამ საიტის შექმნა მიზნად ისახავს, უპირველეს ყოვლისა, ამ უდიდესი სიბრძნის – ქართველი ერის მიერ თავისი თავის მოვლა–პატრონობის სიბრძნის შესახებ მსჯელობის დაწყებას. ერი, ხელისუფლება და ეკლესია ხომ ღვთაებრივი ხელით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი: ხალხი უთავოა ხელისუფლების გარეშე, ხელისუფლება უღონოა ხალხის თანადგომის გარეშე, ხოლო ქვეყანა უზნეოა ეკლესიის გარეშე. რათა ხალხი იყოს ხელისუფლებით ძლიერი, ხელისუფლება – ხალხის ნებით განმტკიცებული, ხოლო ეკლესია ქვეყნისთვის სულიერების საყრდენის მიმცემი და ზნეობის გვირგვინის დამდგმელი, სწორედ ამისათვის არის იმ ერთი უმთავრესი ღერძულა იდეის ქონა საჭირო, რომლის შესახებაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ბრძანებს. ეს ღერძულა იდეა არის ჩვენი ერის არსებობის მარადი იდეა. ამ ღერძულა იდეის არსებობა დღეს ისეთივე აქტუალურია, როგორც იყო იგი ყოველთვის – დაწყებული უხსოვარი დროის ისტორიამდელი წინაპრებიდან, რომლებიც ვერ შემორჩნენ ისტორიულ მეხსიერებას, გამოვლილი სულებზე აიეტისა, ფარნავაზისა, ვახტანგ გორგასალისა, გრიგოლ ხანძთელისა, ჭყონდიდელ–აღმაშენებელისა, სულხან–საბა ორბელიანისა, ილია ჭავჭავაძისა და სხვათა და სხვათა დიდ პიროვნებათა, და დამთავრებული დღეს ჩვენით – თანამედროვეობაში მცხოვრები თაობით. თუ უწერია საქართველოს ყოფნა, მხოლოდ და მხოლოდ ამ ღერძულა იდეის მარადი არსებობის წყალობით, რომელიც არის გამაერთიანებელი ერისა, ხელისუფლებისა და ეკლესიისა.
|
|